152. მაცხოვარი წარმართი დიდებულის (პილატეს) სამსჯავროზე; უდანაშაულოს განთავისუფლების მცდელობა

პილატეს სასახლე

30 წელი, 7 აპრილი, პარასკევის დილა

მთ. 27

2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.

(27:3-10 ნახე # 157)

11. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 12. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. 13. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? 14. და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.

2. შეკრეს იგი, წაიყვანეს, და მისცეს პონტიუს პილატეს, მთავარს…

11. ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მამთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ. 12. და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ. 13. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ? 14. მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.

(შემდ. 27:15-26; # 154)

მკ. 15

1. … და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს. 2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 3. და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად. 4. ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ! 5. ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.

1. … შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს. 2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად. 4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ? 5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.

(შემდ. 15:6-15; # 154)

ლკ. 23

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

1. ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. 2. დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს. 3. პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 4. და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში. 5. მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე.

ინ. 18 (წინ. 18:25-27; # 150)

28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი. 29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა? 30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.

28. ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, – რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა. 29. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს? 30. მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით.