81. პეტრეს მიერ იესოს ძედ ღვთისად აღიარება

ფილიპეს კესარიის მხარე

29 წელი

მთ. 16     (წინ. 16:5-12; # 79)

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? 14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. 15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? 16. მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. 18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. 19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. 20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.

13. ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა? 14. მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. 15. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? 16. სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. 17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ. 18. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. 19. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. 20. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე.

მკ. 8

27. და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ? 28. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. 29. ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე. 30. და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს.

27. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?  28. ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს – ელია და ზოგსაც – ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. 29. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე. 30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.

ლკ. 9     (წინ. 9:10-17; # 70)

18. და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად? 19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. 20. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ. 21. ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე.

18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:  19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.  20. და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა. 21. მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.

ინ.