მთ. | მკ. | ლკ. |
ინ. 1 1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. 6. იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. 16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ. 17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა. 18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. 1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. 18. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.(შემდ. 1:19-28. #20) |