„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
1.01.2026. მარხვა
ღირსთა მამათა ჩვენთა გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი, ხახულელთა (XI); მოწამისა ბონიფატესი (290) და მართლისა აგლაია რომაელისა (308); მოწამეთა: ელია, პროვოს და არე მეგვიპტელთა (308); მოწამეთა პოლიევქტოსი და ტიმოთე დიაკონისა (IV); ბონიფანტე მოწყალისა„ ფერენტიელ ეპისკოპოსისა (VI); გრიგენტისა, ეთიოპიელ ეპისკოპოსისა (552); მოწამეთა: ევტვიქისა, თესალონიკესი და მათ თანა ორასთა მამათა და სამოცდაათთა დედათა, რომელნი იწამნეს თესალონიკეს.
დღის ლოცვები
განწმედილად და უბიწოდ გიჩინა შენ თვით მნებებელობით, რომელსა ქალწულისაგან შენთვის შობაი ეგულების, გვირგვინშემოსილო წმიდაო ბრძენო ბონიფანტე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ებრ. 10: 35-11: 7 (დას. 326). მკ. 10: 17-27 (დას. 45).
ღირს ხახულელთა საკითხავები საზიაროთაგან.
ლიტ.: ებრ. 10: 35-11: 7
35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. 36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. 37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. 38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული. 39. მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.
1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა. 2. რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ. 3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. 4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს. 5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს. 6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ. 7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
ლიტ.: მკ. 10: 17-27
17. გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 18. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმრთისა. 19. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 20. ხოლო მან პასუხად უთხრა: მოძღვარო, ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან. 21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ბონიფანტე (+290)
წმიდა მოწამე ბონიფანტე მდიდარი და ახალგაზრდა რომაელი ქალის, აგლაიდას მონა იყო და ქალბატონთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. შემდეგ აგლაიდა ქრისტიანობაზე მოექცა. მან ვერ შეძლო საყვარელთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, ეს ცოდვა კეთილი საქმეებით გადაეფარა და ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ქრისტიანებს. ერთხელ მან გაიგო, რომ აღმოსავლეთში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. თავისთან მოიხმო ბონიფანტე და აღმოსავლეთში წასვლა და იქიდან რომელიმე მოწამის სხეულის ჩამოსვენება თხოვა.აგლაიდა იმედოვნებდა, რომ ქრისტეს მოწამე შეეწეოდა მას ცოდვის დაძლევაში და უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე. ამის გაგონებაზე ბონიფანტემ სიცილით მიუგო: „ქალბატონო, თუ წმიდა ნაწილები ვერ ვიპოვე და თავად ვეწამე ქრისტესთვის, პატივით მიიღებ ჩემს სხეულს?“ აგლაიდა სერიოზულად მოეკიდა ნათქვამს და გაკიცხა იგი იმის გამო, რომ წმიდა საქმეზე გამგზავრების წინ თავს ლაზღანდარობის ნებას აძლევდა. ბონიფანტეც დააფიქრა მისმა ნათქვამმა.
კილიკიაში, ქალაქ ტარსოსში ჩასულმა ბონიფანტემ თანამგზავრები სასტუმროში დატოვა, თავად კი ქალაქის მოედანს მიაშურა, სადაც ქრისტიანებს აწამებდნენ. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა უფლის რჩეულთა სასტიკი ტანჯვა და ღვთის მადლით გაბრწყინებული მათი სახეები. თანაგრძნობით აღსავსე ბონიფანტე მოწაფეებს ევედრებოდა, ელოცათ, რომ ისიც ამგვარივე ხვედრის ღირსი გამხდარიყო. მაშინ მსაჯულმა ბონიფანტეს ვინაობა ჰკითხა. „მე ქრისტიანი ვარ!“ – გაბედულად უპასუხა ნეტარმა, შემდეგ კი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის მას იქვე დაუწყეს წამება: ისე გვემეს, რომ ხორცი ნაფლეთებად ჩამოცვივდა და ძვლები გაუშიშვლდა, ფრჩხილებქვეშ ნემსებით ჩხვლეტდნენ, ბოლოს გამლღვალი კალაც ჩაასხეს ყელში, მაგრამ, ღვთის ნებით, უვნებლად გადარჩა. სამსჯავროს ირგვლივ შემოჯარული ხალხი აღშფოთებამ მოიცვა; მათ მსაჯულს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი წარმართული საკერპოსკენ გაქანდნენ კერპების შესამუსრავად.
მეორე დილით, როცა მღელვარება რამდენადმე ჩაცხრა, მსაჯულმა ბრძანა, წმიდა მოწამე ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ ნეტარს ამანაც ვერაფერი ავნო. წმიდა ბონიფანტეს მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ჭრილობიდან სისხლმა და რძემ გადმოხეთქა. ამ სასწაულის ხილვამ ხუთას ორმოცდაათამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.
ამასობაში წმიდა ბონიფანტეს თანამგზავრებმა, რომლებიც ორი დღე ამაოდ ელოდნენ სასტუმროში ნეტარის დაბრუნებას, მისი ძებნა დაიწყეს – ფიქრობდნენ, რომ იგი ქარაფშუტულ დროსტარებას მიეცა. თავდაპირველად მათი ძიება უნაყოფო იყო, მაგრამ ბოლოს წმიდანის მოწამეობრივი აღსასრულის თვითმხილველს გადაეყარნენ. ეს უკანასკნელი მათ იმ ადგილამდე მიუძღვა, სადაც ჯერ კიდევ ესვენა ბონიფანტეს თავმოკვეთილი სხეული. მოწამის თანამგზავრები დიდხანს ცრემლებით ითხოვდნენ მისგან შენდობას უკადრისი აზრებისათვის, შემდეგ კი გამოისყიდეს მისი წმიდა ნეშტი და რომში გადაასვენეს.
მათი ჩამოსვლის წინა დღეს აგლაიდას ძილში ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, მისი ყოფილი მონის, ამჟამად კი – ბატონის, მფარველის და ანგელოზთა თანამოდასის დასახვედრად გამზადებულიყო. წმიდა დედამ მღვდელმსახურებს თხოვა, პატივით მიეღოთ წმიდა ნაწილები, შემდეგ კი მოწამის სახელობის ტაძარი ააგო და სიწმიდე შიგ დააბრძანა. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. აგლაიდამ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმიდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს.
წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი – მეგვიპტელნი (+308)
წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას აღესრულნენ. მათ ტყვე-ქრისტიანთა მსახურება იტვირთეს, რისთვისაც პალესტინის ქალაქ ასკალონში შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. უფლის რჩეულებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები, რის შემდეგაც წმიდა არისი დაწვეს, ილიას და პროვოსს კი თავები მოჰკვეთეს (+308).წმიდა ბონიფანტე მოწყალე – ფერენტიელი ეპისკოპოსი (IV)
წმიდა ბონიფანტე მოწყალე – ფერენტიელი ეპისკოპოსი სიყრმიდანვე გლახაკთმოყვარებით გამოირჩეოდა. როცა მას გზაში ღატაკი გადაეყრებოდა, დაუფიქრებლად იხდიდა სამოსელს და მოწყალებად გასცემდა. ამის გამო მისი ქვრივი დედა ძალიან წუხდა და კიცხავდა შვილს. ერთხელ ბონიფანტემ მთელი წლის ხორბლის მარაგი უქონლებს დაუნაწილა, მაგრამ მისი ლოცვით ბეღელი სასწაულებრივ კვლავ პირთამდე გაივსო.წმიდანი, ღვთის ნებით, ფერენტინის (რომის ჩრდილოეთით) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მათაც მოყვასისთვის უკანასკნელის გაღებას ასწავლიდა. ლოცვით, მარხვით, მოწყალებითა და სხვა მრავალი ქველი საქმეებით გაბრწყინებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა IV ს-ში.
წმიდა მოწამენი: პოლიევქტო და ტიმოთე დიაკონი (IV)

წმიდა გრიგოლი – ომირიტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 552)
წმიდა გრიგოლი – ომირიტელი ეპისკოპოსი, მედიოლანში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების, აღაპისა და თეოდოტიას ოჯახში. სიყრმიდანვე მასზე სულიწმიდის მადლი იყო დავანებული და კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი გააჩნდა. ღვთის განგებულება ნეტარს სამღვდელმთავრო მსახურებისთვის ამზადებდა. იგი ჯერ კიდევ დიაკვნად მსახურობდა, როცა მშობლიურ ქალაქში ერთი განდეგილის პირით წინასწარ განეცხადა მისი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ ამ უკანასკნელის სიტყვები მთებში მოღვაწე სხვა ღვთივსულიერმა ბერმაც დაამოწმა. მან წმიდა გრიგოლს აუწყა, რომ რომში წმიდა ბონიფანტესა და აგლაიდას საფლავის მოლოცვის შემდეგ ალექსანდრიაში უნდა წასულიყო, იქ ეპისკოპოსის ხარისხი მიეიღო და ეთიოპიის ქალაქ ნეგრანში ქრისტეს სარწმუნოება განემტკიცებინა. ნათქვამის ჭეშმარიტებაში წმიდანს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, ბერმა გაუცხადა, რომ იცოდა თუ როგორ გამოეცხადებოდნენ წმიდა გრიგოლს საღვთო ხილვაში მოციქულთა თავნი, პეტრე და პავლე და მღვდელმთავრის ომოფორით შემოსეს.ზეციურ კურთხევას დამორჩილებულმა გრიგოლი რომში ჩავიდა. აქ, წმიდა ბონიფანტესა და აგლაიდას საფლავზე, მას კიდევ ერთხელ გამოეცხადა წმიდა პეტრე მოციქული და დაავალა, შესწეოდა ქრისტიანებს, რომლებიც უფლის სახელისთვის იტანჯებოდნენ ქალაქ ნეგრანში. ღამით, სიზმრისეულ ჩვენებაში, პავლე მოციქული წარდგა ნეტარის წინაშე და ზეთით სავსე ფიალა გაუწოდა, რაც მასზე სამღვდელმთავრო მადლის გარდამოსვლის წინაუწყება იყო.
ამ დროს ეთიოპიის მეფის, ელეზვოის (ხს. 24 ოქტომბერს) ლაშქარმა ებრაელი ტირანის, დუნაანის უღლისგან გაათავისუფლა ომირიტის ქალაქი ნეგრანი. ამის შემდეგ აქ ქრისტიანობა აღდგა, მაგრამ ებრაელ დამპყრობთა მიერ მთელი საეკლესიო იერარქია განადგურებული იყო. ამიტომ ელეზვოიმ ალექსანდრიის პატრიარქთან ელჩები გაგზავნა და ნეგრანისთვის ეპისკოპოსი და სამღვდელოება გამოითხოვა. ღვთის ნების შესაცნობად ლოცვად დამდგარ პატრიარქს მარკოზ მოციქული გამოეცხადა და უბრძანა, მოეძებნა დიაკონი გრიგოლი, ჯერ მღვდლად ეკურთხებინა, შემდეგ – ეპისკოპოსად და ელეზვოისთან გაეგზავნა. პატრიარქი ასეც მოიქცა. ქიროტონიის დროს განსაკუთრებული მადლი გარდამოვიდა წმიდა გრიგოლზე: მას სახე არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა, სამოსლიდან კი კეთილსურნელოვანი საკმევლის სურნელი დაიფრქვა.
ომირიტში ჩასულმა გრიგოლმა ქრისტიანული სალოცავების აღდგენას და წარმართებსა და ებრაელებს შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას მიჰყო ხელი. მღვდელმთავარმა აკურთხა ახალი მეფე – აბრაამი, რომელმაც თავის ყველა ქვეშევრდომს მონათლვა უბრძანა. მაშინ დიდგვაროვანმა ებრაელებმა მას მოსთხოვეს, სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათი გაემართა მათსა და ქრისტიანებს შორის, თან შეჰპირდნენ, რომ თუ სიტყვიერ პაექრობაში მაცხოვრის მოსავები გაიმარჯვებდნენ, იუდეველებიც მოინათლებოდნენ. ორმოცი დღის შემდეგ დაიწყო დისპუტი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მეუფე გრიგოლმა ძველი აღთქმის ტექსტებზე დაყრდნობით ებრაელთა უხუცესის, რაბინ ერბანის ყველა არგუმენტი უარყო. რაბინმა ჩვენებით იხილა, თუ როგორ სცა თაყვანი მოსე წინასწარმეტყველმა უფალ იესო ქრისტეს. ღვთის მადლით, კამათში ქრისტიანები იმარჯვებდნენ, მაგრამ ერბანს არასგზით არ სურდა, თავი დამარცხებულად ეცნო და, სასოწარკვეთილმა, უკანასკნელ ღონეს მიმართა – თავხედურად გამოსცრა: „თუ გსურს, რომ გულით ვირწმუნო ქრისტე და ვაღიარო, რომ შენი ღმერთი – ჭეშმარიტი ღმერთია, – დამანახე იგი, ეპისკოპოსო!“ მღვდელმთავარმა მიუგო: „ძალიან ბევრს ითხოვ – ადამიანს კი არა, თავად ღმერთს ეკამათები. მაგრამ, კაცთა შორის სარწმუნოების განსამტკიცებლად უფალს შეუძლია სასწაული მოახდინოს!“ მართლმორწმუნეები შიშითა და კადნიერებით ელოდნენ, თუ რა მოხდებოდა შემდგომ. მტკიცე სარწმუნოებითა და ურყევი სასოებით აღსავსე წმიდა გრიგოლმა ხმამაღლა დაიწყო ლოცვა: მოიგონა ძე ღმერთის განკაცება, მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ აღსრულებული სასწაულები, აღდგომა, ამაღლება და ცხოველმყოფელი ჯვრის ძალას მოუხმო შემწედ.
როცა მეუფემ ლოცვა დაასრულა, უეცრად მიწა შეირყა, აღმოსავლეთით ზეცა გაიხსნა და უფალი იესო ქრისტე გამოჩნდა ნათლის ღრუბელში, თან ხმა გაისმა: „ეპისკოპოს გრიგოლის ლოცვებით განგკურნავთ მამათა თქვენთაგან ჯვარცმული!“
არაამქვეყნიურმა ნათელმა დამასკოსკენ მიმავალი სავლეს მსგავსად, თვალისჩინი წარსტაცა ებრაელებს. დაბრმავებულებმა წმიდა ეპისკოპოსს სთხოვეს შეწევნა, რის შემდეგაც წმიდა ნათლისღება მიიღეს და ყველანი განიკურნნენ. რაბინ ერბანს ნათლობისას ლეონი დაერქვა.
ამ დიდი სასწაულის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი კიდევ ოცდაათ წელზე მეტ ხანს განაგებდა თავის სამწყსოს. იგი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მწერალი და ძმა მისი საბა, ხახულელნი (XI)
ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, წმიდა გიორგი მთაწმინდელის (ხს. 27 ივნისს) მამის, იაკობის, ძმები იყვნენ. ისინი, ბერმონაზვნობის ღვაწლს შემდგარნი, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ.წმიდა მამები სავსენი იყვნენ საღმრთო მადლით. „ესენი მკჳდრ იყვნეს ხახულს ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა“. როცა ღირსმა მამებმა ყრმა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშება გაიგეს, იაკობს მისი ხახულში მიყვანა ურჩიეს. იაკობმაც სიხარულით მიჰგვარა შვილი ღმერთშემოსილ ძმებს.
ღირსმა გიორგიმ და საბამ ყრმა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მონასტერში დავანებულ წმიდა მამებს: მაკარი მმარხველს, ბასილი ბაგრატის ძეს, ილარიონ თუალელს და ნატონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფე ბაგრატ III-ის ასული. მათ განიზრახეს გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი ღირს გიორგი მწერალზე შეჩერდა, რადგან „უგონიერესსა ვერვის ჰპოვებდნენ“. ვედრებით დაითანხმეს ღირსი მამა მონასტრიდან წასვლაზე.
გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ყრმა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ცილი დასწამა ფერისს და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე სახლიკაცებით, რომელთა რიცხვში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინეპოლს წაიყვანეს, სადაც თორმეტი წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ.
ქრისტესმიერი მოღვაწეობით დამაშვრალი ძმები მშვიდობით მიიცვალნენ.