„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

1.03.2026. დიდი მარხვის I კვირიაკე (ხატთა თაყვანისცემისა). კრება მართლმადიდებლობისა. ხმა V. მარხვა
მოწამეთა – პამფილე ხუცისა, ვალენტი (უალენტი) დიაკონისა, პავლესი, პორფირიოსისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ესაიასი (307-309); მოწამეთა სპარსელთა მარტიროპოლს ვნებულთა (IV); ღირსისა მარუთისა, მესოპოტამიელი ეპისკოპოსისა (422).
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალის (V საუკუნიდან) და საპატრიარქო ტიტულის ცნობა (აღიარება) კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ (1990 წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი).
კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ 1990 წლის 25 იანვარს ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უძველესი დროიდან. ხოლო ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინეპოლისა – ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.
დღის ლოცვები
მოწამეთა: პამფილე ხუცისა, ვალენტი დიაკონისა, პავლესი, პორფირისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ისაიასი კონდაკი:
წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისცათვისცა დაიმკდირეთ საუკუნო დიდებაი და მარადის ევედრებით ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.
დიდი მარხვის I კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი
ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
კონდაკი: გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: ებრ. 9: 24-26, 32-12: 2 (დას. 329, შუა). ინ. 1: 43-51 (დას. 5).
ცისკ.: ლკ. 24: 12-35
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. 13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; 14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. 15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. 16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. 17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? 18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? 19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, – 20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. 21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. 22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან 23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. 25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! 26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? 27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. 29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. 32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? 33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. 35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
ლიტ.: ებრ. 9: 24-26
24. რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს, 25. იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში, 26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.
ლიტ.: ინ. 1: 43-51
43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. 44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე. 45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი. 46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. 47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. 48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. 49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. 50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ. 51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)
წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკიუსი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, იერემია, ისაია და დანიელი დიოკლეტიანეს მიერ 308-309 წლებში გაჩაღებულ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ პალესტინის კესარიაში. წმიდა მოწამე პამფილე ქალაქ ბირითში (ბეირუთი) დაიბადა და განათლება ალექსანდრიაში მიიღო, რის შემდეგაც ხუცესად აკურთხეს კესარიაში. მან ბევრი იღვაწა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის წიგნების შეჯერებისა და შესწორებისათვის. საბოლოო, დადგენილ ტექსტებს წმიდანი იწერდა და მსურველებს უგზავნიდა. მან ჭეშმარიტ სჯულზე მოაქცია მრავალი წარმართი. მისი შრომითა და მონდომებით კესარიაში სასულიერო წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული განათლების გავრცელებას. წმიდა პამფილეს ქმედითად ეხმარებოდნენ წმიდა წერილში ღრმად განსწავლული მოხუცი დიაკონი ვალენტი და ქრისტეს სიყვარულითა და სასოებით ანთებული წმიდა პავლე. პალესტინის კესარიის მმართველმა ურბანმა 2 წლით სამივენი საპყრობილეში გამოამწყვდია, მისმა მემკვიდრემ, ფირმილიანემ კი გაასამართლა ისინი და კილიკიის (მცირე აზია) ოქროს საბადოებში სამუშაოდ გაგზავნა 130-მდე სხვა ქრისტიანთან ერთად. წმიდანებს დევნულობის ადგილამდე ხუთი ქრისტიანი ძმა მიაცილებდა. გამობრუნებისას, კესარიაში, ისინი ქრისტეს აღსარებისათვის დააკავეს და დაატუსაღეს. სამსჯავროზე პამფილეს, ვალენტისა და პავლესთან ერთად წარმდგარმა ჭაბუკებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების – ილიას, იერემიას, ისაიას, სამოელის და დანიელის სახელით გააცნეს მსაჯულს თავი და განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ, რაშიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ. ფირმილიანს არაფერი გაეგონა ამგვარი ქალაქის შესახებ, რადგან იერუსალიმი იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს უკვე დანგრეული იყო და მის ადგილას იმპერატორ ადრიანეს (117-138) ელიადრიანედ წოდებული ქალაქი აეშენებინა. ფირმილიანი დიდხანს აწამებდა ჭაბუკებს, ცდილობდა, უცნობი ქალაქის ადგილმდებარეობა დაეცდევებინა მათთვის და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგანაც გადაედრიკა. მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, ხუთივეს თავი მოჰკვეთა პამფილესთან, ვალენტისთან და პავლესთან ერთად.მათ წამებამდე პამფილე ხუცესის 18 წლის მსახური, პორფირე აღესრულა მოწამეობრივად. სიმშვიდითა და მორჩილებით გამორჩეულმა ყმაწვილმა როცა შეუტყო, რომ აღმსარებლებს სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, განაჩენის აღსრულების შემდეგ მათი ცხედრების დაფლვის ნებართვა ითხოვა, რისთვისაც მოაკვდინეს და ცეცხლში დაწვეს.
წმიდა ღვაწლით აღფრთოვანებული კეთილმსახური ქრისტიანი სელევკიუსი, ყოფილი მეომარი, სასიკვდილოდ გამზადებულ პამფილესთან მივიდა და პორფირეს ნეტარი აღსასრული ამცნო. ამისთვის წმიდანი მაშინვე შეიპყრეს და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად მოკლეს.
ერთმა მმართველის მსახურთაგანმა, უკვე ხანშიშესულმა, ფარულმა ქრისტიანმა თეოდულემ დასასჯელად გადაყვანის წინ გადაკოცნა მარტვილები და სთხოვა, ელოცათ მისთვის, რისთვისაც ჯვარს აცვეს.
კაბადოკიელმა ჭაბუკმა იულიანემ კესარიის მახლობლად მხეცების საჯიჯგნად მიმოფანტული მოწამეთა წმიდა ცხედრების წინაშე მუხლი მოიყარა და ეამბორა მათ. მეომრებმა შენიშნეს ღვთისმოყვარე ახალგაზრდა, დააკავეს და, ფირმილიანის ბრძანებით, ცეცხლში გამოწვეს. ქრისტეს ტარიგთა გვამები 4 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ეყარა, მაგრამ არც მხეცები და არც ფრინველები არ გაჰკარებია მათ. ამ სასწაულით შეძრწუნებილმა წარმართებმა ნება დართეს ქრისტიანებს, წაესვენებინათ და მიწისთვის მიებარებინათ წმიდა ნაწილები.
ღირსი მარუფი, მესოპოტამიელი ეპისკოპოსი (+422)
ღირსი მარუფი ეპისკოპოსი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II (381წ.) და მესალიანების წინააღმდეგ მიმართულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში (383წ.).403-404 წლებში წმიდანი ორჯერ შეხვდა იმპერატორ არკადის, სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი ამცნო და დახმარება გამოითხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ღირსი მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის საზავო ხელშეკრულების დადებაზე მოსალაპარაკებლად.
414 წელს მარუფი იეზდიგერდის კარზე ელჩად მსახურობდა, მან კეთილგანაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და დიდად შეუწყო ხელი სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებას. იგი აღადგენდა საპორის დროინდელ დევნულობისას დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებს, გამოითხოვა წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მიტროპოლში (ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახლოებით 422 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის სკიტის მონასტერში დააბრძანეს.