…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
1.07.2026. მარხვა
ღირსისა მიქაელ ულუმბელისა (VI); მოწამეთა: ლეონტისა, იპატისა, პოპლიოსისა და დომეტიანესი (7079); პანუმიდე ეპისკოპოსისა.
დღის ლოცვები
მოწამეთა: ლეონტისა, იპატისა და თეოდულეს კონდაკი:
ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წარმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 15: 7-16 (დას. 117). მთ. 12: 38-45 (დას. 48).
ლიტ.: რომ. 15: 7-16
7. მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად. 8. მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა. 9. წარმართთა მსახური კი – წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“. 10. ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“. 11. და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“. 12. ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“. 13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენისმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ. 14. ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ. 15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ, 16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.
ლიტ.: მთ. 12: 38-45
38. მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან. 39. ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. 40. ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს. 41. ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია. 42. სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. 43. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას. 44. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს. 45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I) რომაელი მხედრები იყვნენ.უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. მეფის ერთგულმა მოხელემ წმიდანის შესაპყრობად ტრიბუნი იპატი გაგზავნა მეომრების რაზმთან ერთად. გზაში ტრიბუნი მძიმედ დასნეულდა. როცა სულთმობრძავმა ჩათვლიმა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „თუ გსურს განიკურნო, მხედრებთან ერთად სამჯერ წარმოსთქვი: „შემეწიე, ლეონტის ღმერთო“. იპატი გამოფხიზლდა. ანგელოზი კვლავ მის წინაშე იდგა. „მე ლეონტის შესაპყრობად ვარ გამოგზავნილი, როგორღა ვხადო მის უფალს?“ – იკითხა გაკვირვებულმა ტრიბუნმა. სნეულმა მეომრებს მოუწოდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მათ შეასრულეს ანგელოსთა ბრძანება და მოხდა სასწაული: სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე იპატი განიკურნა. სიხარულით აღტაცებული მხედრები ლხინსა და ღრეობას მიეცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი – ტრიბუნის მეგობარი, თეოდულე იჯდა განმარტოებით და მომხდარის არსზე ფიქრობდა. მან შესთხოვა იპატის, წასულიყვნენ ქალაქში, ნეტარი ლეონტის მოსაძებნად.
ტრიპოლში შესვლისთანავე მგზავრებს უცნობი კაცი შეხვდა, სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. როცა შეიტყვეს, რომ დამხვდური წმიდა ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ მას და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით გაბრწყინვება ითხოვეს. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ანდრიანემ ბრძანა, მოეგვარათ მისთვის წმიდა ლეონტი, ტრიბუნი, იპატი და თეოდულე, ხოლო შემდეგ განკარგულება გასცა, წმიდა იპატი ძელზე ჩამოეკიდათ და რკინის ჩანგლებით ეჯიჯგნათ, ნეტარი თეოდულე კი არგნებით დაუზოგავად ეგვემათ. როცა ქრისტეს ტარიგთა სიმტკიცე იხილეს, მტარვალებმა მათ მახვილით მოჰკვეთეს თავები. წმიდა ლეონტი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოკეტეს, დილით კი მმართველის წინაშე წარადგინეს. სამსჯავროზე ადრიანე ცდილობდა, პატივისა და ჯილდოების აღთქმით ეცთუნებინა მხნე აღმსარებელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი მოდრეკის ყოველგვარი ცდა ამაო იყო და სატანჯველად გადასცა. წმიდა მოწამე მთელი დღე თავდაყირა ეკიდა, ყელზე ლოდგამობმული. მმართველმა ბრძანა, არგნებით მანამ ეგვემათ იგი, სანამ სული არ ამოხდებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ მოისროლეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას ტრიპოლის მახლობლად. ეს მოხდა დაახლოებით 70-79 წლებში.
წმიდა მოწამე ეთერიოსი (+დაახლ. 305)
წმიდა მოწამე ეთერიოსი 305 წელს აღესრულა ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს.ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI)
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)
ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
ღირსი ლეონტი ათონელი დაიბადა პელოპონესის არგოსში. იგი 60 წელი მოსაგრეობდა ათონზე, დიონისეს სავანეში და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ დაუტოვებია მონასტერი. მტკიცე სარწმუნოებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმიდანს უფლისგან განჭვრეტისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1605 წლის 16 მარტს, 85 წლის ასაკში. ღვთის ნებით, მისი უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა.