1.08.2025. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

1.08.2025. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

მთ. 12: 36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. 

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ღირსისა მაკრინასი, ბასილი დიდის დისა (380); ღირსისა დიოსი (430); ღირსისა სერაფიმე საროველ სასწაულთმოქმედისა (ნაწილთა აღმოყვანება 1903); მოწამეთა მღვდელთმოძღვართა: არისტაქესი, ორანთესი, ოსკისი, გრიგორისა და დანიელისა (IV); ღირსისა ბარალამისა, რომელი მოღვაწეობდა მთასა კავკასსა, ანტიოქიაში.

დღის ლოცვები

ღირსი მაკრინეს, ბასილი დიდის დის კონდაკი:

სახიერი ღმერთი შეიყუარე ყოვლითა გულითა, ღირსო მაკრინე, და ჯუარი მისი პატიოსანი ბეჭთა შენთა ზედა იტვირთე, და შეუდეგ მას გულსმოდგინედ, ვინაცა შენდობაი ცოდვათა მოიპოვე.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 11: 8-22 (დას. 148). მთ. 17: 10-18 (დას. 71) – პარ.
რომ. 13: 1-10 (დას. 111). მთ. 12: 30-37 (დას. 47) – შაბ. 

ლიტ.: 1 კორ. 11: 8-22 

8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი – კაცისაგან. 9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი – კაცისთვის. 10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. 11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. 12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. 13. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? 14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? 15. ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. 16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას. 17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის. 18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის. 20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით. 21. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი. 22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

ლიტ.: მთ. 17: 10-18 

10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 11. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს; 12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. 13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. 14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე 15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება. 16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი. 17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ  მომგვარეთ. 18. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.

ლიტ.: რომ. 13: 1-10 შაბ. 

1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. 5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. 6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. 7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, საშიშარს – შიში, პატივსაცემს – პატივისცემა. 8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. 9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.

ლიტ.: მთ. 12: 30-37 შაბ. 

30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს. 31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. 32. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. 33. ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე. 34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. 35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. 36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. 37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 
                                                                                             (1 ინ. 3: 14)
ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა (ხს. 1 იანვარს) და გრიგოლ ნოსელის (ხს. 10 იანვარს) და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. მისმა დედამ, წმიდა ემილიამ (ხს. 1 იანვარს) ძილში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც ჯერ კიდევ საშოში მყოფ ჩვილს პირველმოწამე თეკლას სახელი უწოდა. ემილიამ აღასრულა უფლის ნება – პირმშო ასულს, მართლაც, თეკლა დაარქვა, მაგრამ ნათესავები და ახლობლები მას მაკრინეს ეძახდნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ქრისტეს აღსარებისთვის დევნილი ბებიას პატივსაცემად.
ღვთისმოშიშ მშობელს წმიდანი, იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და პოეზიაში კი არ განუსწავლია, არამედ სოლომონის სიბრძნიდან, დავითის ფსალმუნებიდან და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს ასწავლიდა, რომლებშიც მოცემული იყო ლოცვა-ვედრება, ქება უფლისა და ზნეობრივი სწავლებანი. ყოველ ჟამს მაკრინე შესაბამის ლოცვებს აღავლენდა გალობით, ლოცვის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდა და არ ამთავრებდა, დილა-საღამოს საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა, კითხულობდა საღვთო წიგნებს; მეოჯახეობა და სხვადასხვა ხელსაქმეც ჰქონდა შეთვისებული. ასე რომ, ბავშვური გართობისათვის დრო არც რჩებოდა. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.
მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ათენში სასწავლებლად გაგზავნილი ბასილი შინ რამდენადმე გაამაყებული დაბრუნდა, რამაც შეაშფოთა მაკრინე და გულმოდგინედ დამოძღვრა იგი; შეაგონებდა, ყოველგვარი ნიჭი და უნარი მხოლოდ უფლის სადიდებლად გვეძლევაო. დის რჩევა-დარიგებებმა ძლიერ იმოქმედა ბასილიზე, არანაკლები გავლენა იქონია წმიდანმა გრიგოლზე, რომელიც შემდეგ ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ასევე – ნავკრატიუსზე, რომელმაც მოსაგრე ცხოვრება იტვირთა, უდაბნოში განმარტოვდა და ადრე მიიცვალა; და ნაბოლარა პეტრეზე (შემდგომ – სებასტიელ მღვდელმთავარზე).
როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა. დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.
მაკრინე მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, სხეულს განსვენების ნებას არ აძლევდა. ერთხელ წმიდანს მკერდზე დიდი ხორცმეტი გაუჩნდა, იგი თანდათან იზრდებოდა, შესაძლო იყო, გულსაც შეხებოდა, საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა; მაგრამ წმიდანმა მკურნალის წინაშე სხეულის სიშიშვლის გამოჩენას ტანჯვა არჩია. წმიდა ქალწული მხოლოდ უფლისგან ითხოვდა შეწევნას: ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განიკურნა.
წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.
წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ – გრიგოლ ნოსელმა მოინახულა. დაუძლურებული ღირსი დედა იატაკზე იწვა და ძველი კონკები ეფარა. მისი გონება ზეცად იყო ამაღლებული, საოცარი მადლი მოჰყვებოდა მის ყოველ სიტყვას… გრიგოლ ნოსელი ნატრობდა, დიდხანს გაგრძელებულიყო დღე, რომ არ დასრულებულიყო ის ნეტარება, რომელსაც დასთან საუბრის დროს განიცდიდა.
ჩუმი და მშვიდი იყო მაკრინეს მიცვალება. საოცარი თავმდაბლობით აღსავსემ, უფალს შესთხოვა: „მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი მსასოებელი ავაზაკი მოიხსენე, შემინდე შეცოდებანი ჩემნი, საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი“, პირჯვარი გადაისახა და სული უფალს შეჰვედრა (+380). უსაზღვრო იყო დების მწუხარება – ყველას დედასავით უყვარდა ნეტარი. როცა წმიდა გრიგოლმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი, მოწესეებმა უპასუხეს, სიკვდილის დღისთვის მას არაფერი შემოუნახავსო: „ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. აი, ძველი ჯვალო; აი, საკერებლებიანი ანაფორა და გაცრეცილი მანტია – სხვა არაფერი ჰქონია, მაგრამ ფრიადი განძი დაიუნჯა ცათა შინა“. 
ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში… ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა. ერთხელ მან გამხმარი კვერთხი მიწაში ჩაარჭო და უფალს შესთხოვა, თუ ამ ადგილებში მისი ყოფნა სათნოეყოფოდა, ჯოხი გაენედლებინა. ღმერთმა შეისმინა ნეტარის ვედრება: კვერთხმა ფესვები გაიდგა, აღორძინდა და თანდათან იქცა უზარმაზარ მუხად, რომელიც დიოსის მიცვალების შემდეგაც დიდხანს იდგა და უფლის ყოვლისშემძლეობასა და წმიდანის ღვთივრჩეულობას მოწმობდა.
ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.
ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. სავანეს ჭა დასჭირდა. ბერები მას დიდხანს და უშედეგოდ თხრიდნენ. ბოლოს წმიდა იღუმენის ლოცვით მიწიდან წმიდა წყარომ ამოხეთქა და ჯურღმული პირთამდე აავსო. ერთხელ ღირსმა დიოსმა წყალში დამხრჩვალი ადამიანი ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა… ბევრ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა უფალი თავისი რჩეულის ხელით.
ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. უწმიდესი პატრიარქი ატიკე და კონსტანტინოპოლში სტუმრად მყოფი ანტიოქიელი მღვდელმთავარი ალექსანდრე დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ მონასტერში, მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა.
წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას საკურთხეველში ნათელმოსილი ჭაბუკი წარმოუდგა სამღვდელო სამოსლით და აღსასრულის მოახლოება ამცნო. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).