1.09.2025. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

1.09.2025. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

1.09.2025 ხსნილი 

მიძინების შემდგომი დღესასწაული. 

მოწამეთა ანდრია სტრატილატისა და მის თანა 2593-თა მოწამეთა (284-305); მოწამეთა: ტიმოთესი, აღაპისა და თეკლასი (304-306); მღვდელთმთავრისა პიტირიმისა, პერმელ ეპისკოპოსისა (1455). 

დღის ლოცვები 

მოწამე ანდრია სტრატილატისა და მისთანა 2592-თა მოწამეთა

ტროპარი: ქუეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე და ზესთა მეუფისა დაიმკვიდრენ სისხლთა წვეთითა, ვითარცა ყოვლადსაკვირველითა ქვითა უხრწნელი გვირგვინი შეიმკე, და ქრისტეს მიმართ მიიწოდენ კრებული ღუაწლისა მძლეთა გუნდთა თანა ანგელოზთასა, დაუვალი მზე, ქრისტე, მოიპოვე, წმიდაო ანდრია სტრატილატო, მას ევედრე თანა ვნებულთა შენთა თანა მარადის, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.

კონდაკი: წინაშე უფლისა სდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი მზისა, და საუნჯედ გულის სათქუმელად იხილვე სასუფეველისა სიხარულითა გამოუთქმელითა აღვსებული, და უკვდავსა მეუფესა დაუსრულებელსა შინა საუკუნესა ანგელოზთაგან დაუცხრომელად საქებელსა უგალობდე, ანდრია სანატრელო, მათ თანავე ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცუალებასა

       არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მოხუედ ცხოვრებად

დედაი ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა

შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა

                                          
  • ღვთისმშობლის ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები მაცხოვრის ამაღლებიდან მიძინებამდე

წმინდა გადმოცემიდან ვიცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობლის კეთილდღეობაზე იოანე ღვთისმეტყველი ზრუნავდა. წმინდა მარიამი კი როგორც მოციქულთა, ისე ყოველი ქრისტიანის საიმედო დამრიგებელი და მანუგეშებელი იყო.

აღდგომის შემდეგ იგი მუდმივად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე. იუდეველმა მღვდელ-მთავრებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვდინება. იმისათვის, რათა ღვთისმშობელი საფლავზე ვერ მისულიყო, აკლდამას ერთხანს დაქირავებული მცველებიც კი დარაჯობდნენ, მაგრამ ღვთაებრივი თანადგომის ძალა წმინდა დედას ყოველთვის იფარავდა, ამიტომ მისვლას და ლოცვას, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი იქნა დასვენებული, ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდა.

დიდი იყო მის მიმართ მოციქულთა მოწიწება და მოკრძალება. მასთან საუბრებში ქრისტიანებმა შეიტყვეს  წმინდა ხარების, მაცხოვრის დაბადებისა და სხვა სასწაულებრივი მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, სიტყვითა და ლოცვით ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში მოციქულებთან ერთად წმინდა ქალწულიც მონაწილეობდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს მოწამეობრივ მკვლელობასაც შეესწრო. ამ დროს იგი გულით თანაუგრძნობდა მოწამეს და ლოცვით ცდილობდა სიკვდილთან ღირსეული შეხვედრისათვის განემტკიცებინა იგი.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა იერუსალიმში კიდევ 10 წელი დაყვეს და ამ ხნის მანძილზე ისინი იუდეველთა მოქცევას ცდილობდნენ. ღვთისმშობელმა ამ საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა, შინაურიც და უცხოც მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყო. იერუსალიმში მის სანახავად და მოსასმენად ხალხი შორეული ქვეყნებიდანაც მრავლად ჩამოდიოდა.

43 წელს, როდესაც ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო (საქმ. 12:1-3) და მისი ბრძანებით მოციქული იაკობ ზებედესი სიკვდილით დასაჯეს, წმინდა მარიამმა მოციქულებთან ერთად იერუსალიმი დატოვა. იმისთვის, რათა გარკვეულიყო, სახარება ვის სად უნდა ექადაგა, მოციქულებმა წილი ყარეს. წილისყრის შედეგად ღვთისმშობელს ივერია ერგო. ის აპირებდა კიდეც საქართველოში წამობრძანებას, მაგრამ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მის წილხვედრ ქვეყანას მაცხოვრის ნათელი მოგვიანებით მოეფინება, თავად კი ჯერჯერობით იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რათა აქედან იმ მხარეში გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე მის მოლოდინში იყო. ღვთისმშობელს ეუწყა, რომ ქვეყნის სახელწოდება მისთვის შემდგომში განცხადდებოდა.

გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯერ იოანე ღვთისმეტყველის წილხვედრ ეფესოში ჩავიდა, იქიდან კი იოანესთან ერთად მაცხოვრის მეგობარ ლაზარესთან გაემგზავრა, რომელსაც მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. გზად გემს ძლიერი პირქარი შეხვდა, მიუხედავად ამისა ქარიშხალმა გემი სრულიად უვნებლად ათონის მთას მიაჭდო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიხვდა, რომ ეს სასწაულებრივი გაჩერება ანგელოზის წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული.

ამ დროისათვის ათონის მთა წარმართი ელინების განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ ისინი აქ ღმერთების თაყვანისცემისთვის და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ. ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულის მიწაზე გადავიდა. წმინდა მარიამის სულიერებისა და სიწმინდის წინაშე წარმართულმა კულტებმა ძალა დაკარგეს. ღვთისმშობელმა თავისი ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადგილობრივი მცხოვრები ქრისტიანად მოაქცია. ახალმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი დაუდგინა. გამოთხოვებისას ახალმოქცეული  ათონელი ქრისტიანები უკანასკნელად დალოცა და ბრძანა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“ (Порфирий (Успенский), еп. История Афона. СПб., 1892. Ч. 2. С. 129-131). ამის შემდეგ გემმა, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მოწაფეები მოგზაურობდნენ, კვიპროსის მიმართულებით გაცურა. იქ მათ ლაზარე ელოდათ.

ღვთისმშობელმა კვიპროსის მიწა დალოცა, ლაზარე დედაშვილურად ანუგეშა, რჩევა-დარიგება მისცა, თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები აჩუქა და იერუსალიმში დაბრუნდა.

  • ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სხვა ცნობები

იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, ასევე სამკვიდრებლის კურთხევას და ქრისტიანებისთვის წყალობას ითხოვდა და მოწყალებას გასცემდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ის ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.

ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.

ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოს მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუვენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება“. ეს წმინდა გადმოცემა XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში, საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი.

  • ანგელოზის გამოცხადება

გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.

ერთხელ, ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.

შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.

  • მოციქულთა შეკრება

ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.

სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო „ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას“, რადგან „მოკუდავი ცხოველ“ არს.

ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და იმ მოვლენის შესახებ უამბეს, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მოციქულებსა და მოწაფეებს მასთან მოუყარა თავი.

როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ-ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.

  • ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა

ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.

გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.

მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი იყო უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _  უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო“ და კვლავ ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ მოჰყვა და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში ზეიმურად ამაღლდა.

  1. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება

ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი, შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

მოციქულებს და ყველას, ვინც ამ სულიერი სახილველის ღირსი შეიქნა, მიწიერება დავიწყებოდათ. ისინი შიშნარევად გაცვიფრებულნი ცას შესცქეროდნენ… გონს რომ მოვიდნენ, დაინახეს, რომ სულით ცად ამაღლებული ღვთისმშობელი სარეცელზე იწვა. მისი სახე სათნო ნათელით ბრწყინავდა და დამშვენებული სარეცლიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.

  • ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება

გასაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელი და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.

პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცესიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ეს ბოროტება ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა. ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.

გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას „მონდომება“. მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.

პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.

აკლდამაში მისი მოთავსება წმინდა მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში შესასვლელთან ლოცვასა და გალობას აღავლენდნენ, ანგელოზები უფალსა და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.

ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულმა ბუნების იმ კანონებს სძლია, რომელთაც ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება. მისი სული ზეცად ამაღლდა, ხოლო სხეულმა მცირე დროით მიიძინა და მესამე დღეს უკვდავებას შეუერთდა.

მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი. 

დღის საკითხავები

ლიტ.: 2 კორ. 8: 7-15 (დას. 186). მკ. 3: 6-12 (დას. 11).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106). 

ლიტ.: 2 კორ. 8: 7-15 

7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც. 8. ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს. 9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან. 11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ. 12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. 13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ – ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს. 14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. 15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.

ლიტ.: მკ. 3: 6-12 

6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. 7. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, 8. იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. 9. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. 10. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. 11. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. 12. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო.

მოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

მოწ.: ლკ. 21: 12-19 

16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა. როცა სპარსელთა ურიცხვმა მხედრობამ სირიის საზღვრები გადალახა, მმართველმა ანტიოქოსმა მომხდურებთან ბრძოლის ხელმძღვანელობა სწორედ მას დაავალა. ბრძოლის წინ წმიდანმა ასე მიმართა თავის მცირერიცხოვან მხედრობას: წარმართული ღმერთები – ეშმაკებია და მათგან შემწეობის მოლოდინი ამაოაო, და უქადაგა ქრისტე, ყოვლადძლიერი მეუფე ზეცისა და ქვეყანისა. სტრატილატის სიტყვებით სულიერ თვალებახელილმა მებრძოლებმა მაცხოვრის სახელი ახსენეს და ისე ეკვეთნენ მტერს. შედეგად – მცირე რაზმმა სპარსთა უთვალავ სპას სამარცხვინო დამარცხება აგემა და ქვეყნიდან განდევნა. ამ ლაშქრობამ წმიდა ანდრიას სახელი ბრწყინვალე დიდებით შემოსა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. წამების შემდეგ მმართველმა ანტიოქოსმა წმიდანი სხვა მხედრებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარა და დიოკლეტიანეს აუწყა მომხდარის შესახებ – თავად ვერ გაბედა სახელგანთქმული გმირის სიკვდილით დასჯა. უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით ცალ-ცალკე მოეკლათ.
საპყრობილიდან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის, ნონეს ხელით ნათელიღეს. შემდგომ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის ოლქის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი რაზმით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა – გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად. ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის; ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა, მაკურნებელი წყარო აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურთ, მახვილებით აჩეხეს (+დაახლ. 302). იმავ წამს მიწიდან მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა. ეპისკოპოსები პეტრე და ნონე ღვთისმსახურებთან ერთად ფარულად მიჰყვებოდნენ ნეტარი ანდრიას რაზმის კვალს. უფალმა სწორედ მათ არგუნა მარტვილთა წმიდა ცხედრების დაფლვა. 

წმიდა მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე 304 წელს ეწამნენ. წმიდა ტიმოთე პალესტინის კესარიის ქალაქ ღაზაში დაიბადა. მან შეისწავლა საღმრთო წერილი და თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის წლებში ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და მმართველი ურბანოსის სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი, როცა მის მოუდრეკლობაში დარწმუნდნენ, ცეცხლში შეაგდეს და დაწვეს.
იმავე ქალაქში და იმავე წელს ეწამნენ ქრისტესთვის წმიდა აღაპი და თეკლა. ისინი მტარვალებმა ველურ მხეცებს დააგლეჯინეს.

წმიდა პიტირიმმა, ველიკოპერმელმა ეპისკოპოსმა, მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (+1441 წლის შემდგომ; ხს. 24 იანვარს) შემდეგ ჩაიბარა ველოკოპერმის საეპისკოპოსო კათედრა. მანამდე ნეტარი მამა არქიმანდრიტის ხარისხში წინამძღვრობდა ჩუდოვოს მონასტერს. მოგვიანებით მან შექმნა კანონი მოსკოველი მიტროპოლიტის, წმიდა ალექსისა (ხს. 12 თებერვალს) და შეკრიბა ცნობები მისი ცხოვრების შესახებ. წმიდა პიტირიმის მოციქულებრივი ღვაწლი მალე დაეტყო ეპარქიაში შემავალ წარმართთა ცხოვრებას და ნელ-ნელა, მათი ქრისტიანობაზე მოქცევის პარალელურად, სისხლისღვრამაც იკლო.
წმიდანის ღვაწლით გაავებული ვოგულთა ტომის წარმართი მეთაური ასიკა, რომელიც თანდათან კარგავდა გავლენას ხალხზე, ერთხელ თავს დაესხა მღვდელმთავარს და სიცოცხლეს გამოასალმა. ორმოცი დღის განმავლობაში ესვენა წმიდა პიტირიმის გვამი პაპანაქება სიცხეში, მაგრამ ხრწნილება არ მიჰკარებია. იგი დაკრძალეს უსტ-ვიმის ხარების საკათედრო ტაძარში.