1.10.2025. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

1.10.2025. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

 თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

„სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“ ღირსი დოროთე მეუდაბნოე.

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

1.10.2025. მარხვა

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული.

დიდმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1660/1661); ღირსისა ევმენი სასწაულთმოქმედისა, გორტინელ ეპისკოპოსისა (VII); მოწამისა არიადნასი (II); მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III); მოწამისა კასტორისა.

დღის ლოცვები

მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის და ორთა ძმათა მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა

ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისა, ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო, და შეუთხზათ ქებაი ღირსსა ქებისასა ბიძინას, რაითა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისღებაი სისხლითა თქუენითა და განწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმენით, ყვავილნო შუენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: ეფ. 3: 8-21 (დას. 223). ლკ. 4: 1-15 (დას. 12).
მოწ. ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ.21: 12-19 (დას. 106).

ცისკ.: მთ. 10: 16-22

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

ლიტ.: ეფ. 3: 8-21 

8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი, 9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, 12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. 13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება. 14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამის წინაშე, 15. ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, – 16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში, 17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, 18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, 19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, – შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით. 20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, – 21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლიტ.: ლკ. 4: 1-15

1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. 2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა. 3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით. 5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან, 10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა, 11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. 13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას. 14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს. 15. და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.

მოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

მოწ.: ლკ.21: 12-19

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამე არიადნა ქალაქ პრიმნისის (ფრიგია) უხუცესის, ტერტილუსის მხევალი იყო იმპერატორების, ადრიანესა (117-138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს. ერთხელ, როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო, ქრისტიანმა არიადნამ უსჯულო ღრეობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მრავალგვარი ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ წმიდა არიადნა გაათავისუფლეს. მან დატოვა ქალაქი და უდაბნოს მიაშურა, მაგრამ ტერტილუსმა მეომრები დაადევნა შესაპყრობად. მდევრების დანახვისას წმიდა არიადნამ ღმერთს სთხოვა შემწეობა და მოხდა სასწაული – მთა გაიპო და ქრისტეს მხევალი შიგ მიიმალა.
წმიდა მოწამენი: სოფიო და ირინე (III)
წმიდა მოწამენი: სოფიო და ირინე (III)წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე ქრისტეს აღსარებისთვის ეწამნენ იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ღვთის კურთხევით ნეტარი მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმიდა მღვდელმთავარი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი ლოცვით ხშირად მოუვლენია ღმერთს წვიმა გვალვის დროს, განუკურნავს სნეულები და განუმტკიცებია დაბრკოლებულნი. წმიდანი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.
წმიდა მოწამე კასტორი
წმიდა მოწამე კასტორი კერპთმსახურებმა შეიპყრეს და შიმშილით ამოხადეს სული. 
წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიას და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.
ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ „აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის“. მიუწვდომელია კაცთათვის ღვთის განგებულება: სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს: წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად ცხრაათასი მხედარი მარაბდის ველზე და ამ საუკუნეშივე მოუვლინა ყოვლადსახიერმა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა და უღონოთა განმაძლიერებელმა უფალმა კახეთის მთავარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა: მან არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისაგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. წმიდა ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ: „აწ უკუე აღუდგეთ მათ ზედა, დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩუენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და თანადგომითა ახოვანისა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი (ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს“.
ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.
არაგვის ერისთავმა „მცირედნი ოდენ კაცნი რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ“, ხოლო ქსნის ერისთავებმა – ბიძა-ძმისწულმა – ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი, მცირედ კახნი… უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტა ჩავლეს და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონს უზრუნველად დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.
ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა მადლობდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის, „რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმოსრბოლი წინამავლად მათდა“.
თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს… მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.
კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.
ცბიერმა შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: „ჩუენ ნიჭთა და პატივთა თქუენთათჳს არა გული გჳთქუამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქუენთა, რამეთუ ჩუენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი… მზად ვართ ყოვლისავე დათმენად, რაჲთა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ“. ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით წმიდანები სასტიკად აწამეს. წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებოდნენ.
წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთაგან დასაგესლად. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმიდა ელიზბარისა და შალვასთვის. „არა რაჲ არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა“, – ბრძანა წმიდა ბიძინამ.
ქსნის ერისთავებმა მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს დასარტყმელად, რადგან სანატრელნი ახოვანებით დიდად აღემატებოდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და, როცა დავარდნენ, თავები წარკვეთეს ნეტარ ბიძა-ძმისწულს.
თანამბრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. მტარვალმა გადაწყვიტა, შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმხნევე. ახოვან გმირს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, დასცინოდნენ და ლანძღავდნენ რჩეულთა შორის გამორჩეულ ქართველს; წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს.
ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი: ალესილი მახვილებით ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ, მერე – ფეხისა; თითების შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები – კოჭებამდე; შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე წვივი მუხლამდე. მოკვეთილ ასოებს მიწაზე ათრევდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და გულიც გაუჩერა, გული, რომელმაც გაუძლო ამდენ ტკივილს. ეს ამბავი 1661 წელს მოხდა.
წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.
მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.
ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.