„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. დიმიტრის შაბათი
1.11.2025. ხსნილი
„კოლხეთის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული („კოლხეთის“ ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენება საქართველოში ათონის წმიდა მთიდან, 2007 წ., დასვენებულია ფოთის საკათედრო ტაძარში). წინასწარმეტყველისა იოელისა (800წ. ქრ. შ-მდე); მოწამისა ნიკოლოზისა (დვალი, 1314); მოწამეთა უარისა და მის თანა შვიდთა ქრისტიანთა მოძღვართა (307); ნეტარისა კლეოპატრასი (327) და ძისა მისისა იოანესი (320); მღვდელმოწამისა სადოთ სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 120-თა მოწამეთა (342).
დღის ლოცვები
ვითარცა დიდსა წინაისწარმეტყუელსა ღმრთისა მოსვლისასა დღეს შემოკრებულნი ესე შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ განაბრწყინვენ ყოველნი უმეცრებისა ბნელსა შინანი, აღმყვანებელმან მათმან საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ვინა გიღაღადებთ შენ, იოელ: გიხაროდენ, ჰოი, ნეტარო, წინაისწარმეტყუელთა სიმტკიცეო.
დიმიტრის შაბათი
ტროპარი: წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.
კონდაკი: წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მიცვალებულთა ხსენება.
ლიტ.: 2 კორ. 3: 12-18 (დას. 174). ლკ. 7: 1-10 (დას. 29).
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).
ლიტ.: 2 კორ. 3: 12-18
12. ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ, 13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა. 14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. 15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. 16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი. 17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. 18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
ლიტ.: ლკ. 7: 1-10
1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა. 2. ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა. 3. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა. 4. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას, 5. ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა. 6. წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. 7. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. 8. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს. 9. ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ გეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. 10. გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
მიცვ.: ინ. 5: 24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი იოველი (800 წ. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა ზედა ჴორცსა“ (იოველი, 2; 28-32).წმიდა მოწამე უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი (+დაახლ. 307)
რომის იმპერიაში, უკეთური მაქსიმიანეს მეფობის დროს (დაახ. 307 წ.), ეგვიპტის მთავარ ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი მხედარი, სახელად უარი. იგი კერპთაყვანისმცემლების შიშით გარკვეულ დრომდე მალავდა თავის ქრისტიანობას, მაგრამ შემდგომში ყველას წინაშე განაცხადა თავისი რწმენა.იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა და მთელს თავის სამფლობელოში გასცა ბრძანება, დაეხოცათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მიაღწია ამ ბრძანებამ ეგვიპტემდეც და უმოწყალოდ იღვრებოდა მრავალი მორწმუნის უდანაშაულო სისხლი. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა საკვები და სთხოვდა შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
ერთხელ, უდაბნოში შეიპყრეს შვიდი ქრისტიანი, რომლებიც ასწავლიდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მიჰგვარეს ეგვიპტის მბრძანებელს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, როცა ისინი მტარვალის ბრძანებით ჩაყარეს საპყრობილეში, უარი თავის ჩვეულებისამებრ ღამით მივიდა მათთან, გაუხსნა ხელ-ფეხი, ამბორს უყოფდა მათ და მიუგებდა: „ნეტარ ხართ თქვენ, ერთგულნო და კეთილნო მონანო ღვთისანო, რომელთაც გეგულებათ შესვლა უფლისა თქვენის სიხარულში, რამეთუ მტკიცედ იდექით სისხლის დათხევამდე. ნეტარ ხართ თქვენ კეთილნო მოღვაწენო, რომელთათვისაც უზენაესის ხელით მზადდება გვირგვინი, რამეთუ „მოთმინებით გალიეთ თქვენს წინაშე მდებარე სარბიელი. დილისათვის, როგორც მე დანამდვილებით ვიცი. დასრულდება თქვენი ტანჯვა. ნეტარ ხართ თქვენ ჭირთადამთმენელნო ქრისტესთვის, რომელთათვისაც ღიაა ცათა სასუფეველი, რამეთუ ჩვენთვის ტანჯულ ქრისტესთან „ერთად ევნებით, რათა მასთან ერთად იდიდოთ. გევედრებით წმიდანო ღვთისანო – ევედრეთ ჩემთვის უფალს, რათა მოიღოს მოწყალება, რამეთუ მსურს თქვენსავით ვეწამო მისთვის, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მეშინია იმ ტანჯვისა, რომელიც თქვენ გიტვირთავთ“.
წმიდანებმა კი მიუგეს: „ვერვინ მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი ექნება შიში გულში, ვერვინ მოიმკის თუ არ დასთესს, ვერვინ მოიგებს გვირგვინს, თუ არ ეწამება. გახსოვდეს სახარების სიტყვები „ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას, მამის ჩემის ზეციერის წინაშე“. თუ გეშინია წუთიერი ტანჯვისა, ვერ გადაურჩები საუკუნო ტანჯვას. თუ გეშინია აღიარო იგი მიწაზე, ვერ შესძლებ იხილო იგი ზეცაში. მოდი ძმაო, და ვიდოდე ჩვენთან ერთად ტანჯვის გზით უფლისათვის, რომელიც ხედავს ჩვენს საქმეს; ევნე ჩვენთან ერთად, რამეთუ სხვა ასეთ ძმობას ვეღარ იხილავ მალე“. ამ სიტყვებით გამხნევებული უარი, აენთო ღვთისადმი სიყვარულით, და მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის. მთელი ღამე გაატარა მან მოწამეებთან ერთად.
დილით მცველებმა მიჰგვარეს ისინი ეგვიპტის მრძანებელს. რადგან ერთი მოწამე მიყენებული ჭრილობებისაგან უკვე აღსრულებულიყო, კითხვაზე, თუ სად იყო მეშვიდე ქრისტიანი, საღმრთო შურით აღვსილი წმიდა უარი უშიშრად წარსდგა მტარვალთა წინაშე და მიუგო: „მეშვიდე მე ვარ, რადგან ერთი უკვე წარუდგა ქრისტეს – და მე დამტოვა თავისი წამების მემკვიდრედ, და ამიტომაც, რაც მას ემართა შენთვის, მე მზად ვარ გადაგიხადო, მსურს მის მაგივრად ვეწამო, რამეთუ ქრისტიანი ვარ“.
ამ სიტყვების მოსმენით განრისხებულმა მბრძანებელმა, ბრალი დასდო წმიდა მოწამეთ, რომ ეს მათ მოხიბლეს და შეაცდინეს უარი და მუქარით ეუბნებოდა: „ამ წამს ნაკუწებად ვაქცევ თქვენს სხეულებს, თუ თაყვანს არ სცემთ ეგვიპტის ღმერთებს“. წმიდანები კი მიუგებდნენ: „ჩვენ უარვყოფთ ღმერთებს, რომელთაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა“. ნეტარი უარი კი მბრძანებლის უფრო მეტად განსარისხებლად ამბობდა: „უგუნური უგუნურად ლაპარაკობს“, – ამბობს წინასწარმეტყველი ესაია. აჰა შენს წინაშეა მათი სხეულნი – ჰქმენი რაც გნებავს“.
გაცოფებული მტანჯველის ბრძანებით იქვე დაიწყეს უარის სასტიკი წამება. რკინის ბრჭყალებითა და დანებით ჭრიდნენ მის სხეულს, შემდეგ ლურსმნებით ხეზე თავდაღმა მიაკრეს და დაუწყეს ტყავის გაძრობა, ხოლო მუცელზე იმდენი სცემეს ჯოხით, სანამ შიგნეულეობა გარეთ არ გადმოუცვივდა. ამის შემხედვარე წმიდა მოწამენი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს და უარს ამხნევებდნენ: „მტკიცედ სდექ უარი, რამეთუ ქრისტე დგას შენს გვერდით და უხილავად გეხმარება“. უარმა უპასუხა: „ჭეშმარიტად ვიგრძენი შეწევნა მეუფისა, რამეთუ არარად მიღირს წამება“.
ხუთი საათის შეუბრალებელი წამების შემდეგ უარის წმიდა და მართალი სული უფალს ჩაბარდა. მტანჯველები კი, რომელთაც უარი ცოცხალი ეგონათ, განაგრძობდნენ მის წამებას. შემდეგ მისი სხეული ქალაქგარეთ ძაღლების შესაჭმელად დააგდეს იმ ადგილას, სადაც საქონლის გვამებს ჰყრიდნენ.
ერთი კეთილმორწმუნე ქალი სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგივპტეში და რომელსაც ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, – შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმიდა უარის ტანჯვას. ღამით, მან ფარულად წამოიღო მოწამის გვამი და თავის სახლში დაკრძალა. მეორე დღეს დანარჩენ წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქრისტიანთა დევნა მიწყნარდა და კლეოპატრამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პალესტინაში, ამასთან მოინდომა წმიდა უარის ნეშტის თან წაღება. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა მოქცეულიყო შემდეგნაირად: ეგვიპტის მბრძანებლისაგან გამოეთხოვა ნებართვა, რომ მისი ქმარი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, გადაესვენებინა სამშობლოში. მიიღო რა თანხმობა, თავისი ქმრის მაგივრად წაასვენა წმიდა უარის ნეშტი და დაკრძალა სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, თავისი წინაპრების გვერდით. ყოველ დღე იგი მიდიოდა უარის საფლავთან, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმიდა საფლავთან მისვლა, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმიდა უარის ლოცვით იკურნებოდნენ. მთელს ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმიდა უარის დიდება. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმიდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდევ საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ გადაწყვიტა ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე არ გაეშვა იმპერატორის სამსახურში. როცა დამთავრდა ტაძრის შენება, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს და დიდი ზეიმით აკურთხეს ტაძარი. წმიდა უარის ნეშტი შეაბრძანეს ტაძარში და დაკრძალეს ტრაპეზის ქვეშ. კლეოპატრა მუხლმოყრილი ევედრებოდა წმიდა უარს შემდეგი სიტყვებით: – „გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე აღსრულდეს ჩვენზედა მისი კეთილი ნება“. ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა დიდი ნადიმი ყველა იქ მყოფთათვის და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ დაინახა, რომ მისი შვილი უეცრად ავად გამხდარიყო. ყმაწვილი ცხელებისგან იწვოდა. ამის დამნახავმა დედამ თქვა: „ვფიცავ უფალს, რომ ერთ ლუკმასაც არ ჩავიდებ პირში, სანამ არ ვნახავ, რით დამთავრდება ჩემი შვილის ავადმყოფობა“. შუაღამისას ყრმა გარდაიცვალა. ამ მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა დედამ ტირილით მიირბინა წმიდა უარის საფლავთან და შეჰღაღადა:
– „ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? ასე დამეხმარე, მაშინ როცა მე უგულებელვყავ საკუთარი ქმარი და შენზე ვამყარებდი მთელს იმედებს? შენ დაუშვი, რომ მომკვდარიყო ჩემი ერთადერთი შვილი, დაღუპე ჩემი იმედი, წამართვი ჩემი თვალის ჩინი. ვინღა მიპატრონებს სიბერეში? ვინღა დამიხუჭავს თვალებს? ვინღა მომაყრის მიწას? უმჯობესი იყო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე ჩემი შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ სამარიტელს, თუ არა და მეც წამიყვანე აქედან, რამეთუ გამიმწარდა სიცოცხლე დარდისაგან“. დიდი მწუხარებისა და უკიდურესი დაღლილობისაგან გათანგულ ქალს ცოტა ხანს ჩასთვლიმა წმიდანის საფლავთან. ძილში გამოეცხადა მას წმიდა უარი, რომელსაც ხელჩაკიდებული ეჭირა მისი ვაჟი. ორივენი გაბრწყინებულნი იყვნენ როგორც მზე, მათი სამოსი იყო თოვლზე უთეთრესი, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმიდა უარმა ააყენა და უთხრა: – „ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური მე? ნუთუ გგონია, რომ დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში. ან იქნებ გგონია, ვერაფერს ვგრძნობდი, როცა აიღე ჩემი სხეული საქონლის გვამებიდან და შენს ოთახში დაასვენე. განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? და უპირველეს ყოვლისა მე შევავედრე უფალს შენი ახლობლები, რომლებთანაც დამასვენე აკლდამაში. ახლა კი, მე წავიყვანე შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის. ყოვლად მოწყალე უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, რომ არ გინდა ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს“. ყრმა კი მოეხვია წმიდა უარს და უთხრა: ნუ ბატონო ჩემო, ნუ დაუჯერებ დედაჩემს, ნუ დამაბრუნებ სიცრუითა და ყოველგვარი უსამართლობით აღსავსე სოფელში, რომელსაც შენი მეოხებით თავი დავაღწიე. ნუ მომაკლებ, მამაო, შენსა და წმიდანების სიახლოვეს. შემდეგ მიუბრუნდა დედამისს და უთხრა: „რისთვის სტირი, დედაო ჩემო? მე მომეცა უფლება ანგელოზებთან და ზეციურ მხედრობასთან ერთად ვემსახურო უფალს, შენ კი ითხოვ, რომ მომაკლონ ამ დიდებას“. ნეტარმა კლეოპატრამ დაინახა რა, რომ მისი შვილი შემოსილია ანგელოზთა სამოსელში, შეევედრა მათ: „მეც წამიყვანეთ, რათა თქვენთან ერთად ვიყო“, მაგრამ წმიდა უარმა მიუგო: „მანდ, მიწაზე ყოფნისას შენ მაინც ჩვენთან ხარ. წადი მშვიდობით და როცა ინებებს უფალი, მოვალთ და წაგიყვანთ“. ამ სიტყვებზე ორივენი უჩინარნი გახდნენ.
გამოღვიძებულმა კლეპატრამ კი გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მოუხმო მღვდლებს და მათთან ერთად პატივით დაკრძალა თავისი შვილი წმიდა უარის გვერდით, უკვე არა გლოვით, არამედ უფლისმიერი სიხარულით. შემდეგ მან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ამა სოფელს განშორებული ცხოვრობდა წმიდა უარის ეკლესიაში დღედაღამ უფლის სამსახურში. ყოველ კვრია დღეს, ლოცვის დროს, ეცხადებოდნენ მას წმიდა უარი და მისი შვილი ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა წარსდგა უფლის წინაშე. მისი სხეული დაკრძალეს მისი შვილის გვერდით, ხოლო მისი სული კი წმიდა უართან და წმიდა იოანესთან ერთად მარადის მეოხ არს ჩვენთვის ღვთის წინაშე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ასოცდარვა მოწამე (+342)
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი ქრისტეს აღსარებისთვის IV საუკუნის პირველ ნახევარში, საპორ II-ის ზეობისას დასაჯეს სიკვდილით ასოცდარვა მართლმორწმუნესთან ერთად. მათ შესახებ მოთხრობილია 20 თებერვლის საკითხავში.ღირსი იოანე რილელის ნაწილთა გადასვენება (1238)
ღირსი იოანე რილელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბულგარეთში, მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში 1238 წლის 19 ოქტომბერს იქნა გადასვენებული. წმიდანის ცხოვრება 18 აგვისტოს საკითხავშია ჩართული. ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალი (+1314)
წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერშიაღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს
პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015
წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის
ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა
უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე – სარო,
ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და
ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე
მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის
თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი
იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1
ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ
გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI
საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.
მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ
ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი
ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული
მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად
დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის
შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან
იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად
აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა
შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც
აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს
„ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.
კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და
მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ
ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა.
მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა
ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი,
წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ
ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ
გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია,
მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა
უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის
მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს.
წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა
და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული
მსახურისათვის.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით
შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის
პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო.
ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა
ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ
წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა.
ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ
ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ
ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს
აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა,
ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა
იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და
ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი,
სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი
გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა
უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს,
ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის
სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ
გაათავისუფლეს.
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული
წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა
წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა
ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით
მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე
ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა
ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა,
ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს.
მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი
აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა
თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან
სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და
ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად
ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ!
გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა
შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და
ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, – დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ
დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.