1.12.2025. 26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

1.12.2025. 26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

1.12.2025. ხსნილი თევზით

მოწამისა პლატონისა (302/306); მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმისა ბარულისა (303); მოწამეთა ზაქესი, ღადარინელი დიაკონისა, და ალფესისა, კესარიელ წიგნისმკითხველისა (303).

დღის ლოცვები

მოწამე პლატონის კონდაკი:
წმიდათა შენთა სახსენებელსა, მაცხოვარ, იხარებს სოფელი და ღაღადებენ ყოველნი სარწმუნოებით ტაძარსა შინა მათსა, სადა იგი სურვილით შემოკრებულ ვართ და ვგალობთ ბრწყინვალითა ხმითა, და გევედრებით: მეოხებითა მათითა წარმართთა ზედამოსლვისაგან იხსენ ქალაქი შენი, უფალო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

1 ტიმ. 1: 1-7 (დას. 278). ლკ. 17: 20-25 (დას. 86).

1 ტიმ. 1: 1-7

1. პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, – 2. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. 3. მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს, 4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით. 5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით, 6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა. 7. რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ. 

ლკ. 17: 20-25

20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; 21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. 22. და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. 23. გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით. 24. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს. 25. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის (ხს. 16 ივლისს) ძმა, დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე – არწმუნებდა, თუ წარმართულ ღმერთებს სცემ თაყვანს, სიბრძნით თვით დიდ ფილოსოფოს პლატონს გაუტოლდებიო. ამაზე წმიდა პლატონმა უპასუხა, ფილოსოფოსის სიბრძნე დიდია, მაგრამ წარმავალი და შეზღუდული; ჭეშმარიტ, მარადიულ და უსაზღვრო სიბრძნეს კი მხოლოდ სახარებისეული სწავლება შეიცავსო. მსაჯულმა წმიდანს მაცხოვრის უარყოფის ფასად თავისი მომხიბლავი ასული შესთავაზა ცოლად, ურჩობის შემთხვევაში კი წამებითა და სიკვდლით დაემუქრა. ნეტარმა პლატონმა მიუგო, წარმავალ სიკვდილს ვირჩევო საუკუნო სიცოცხლისთვის. აღმსარებლის კადნიერებით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ჯერ დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაეგდოთ. ციხის კარებთან უამრავმა ხალხმა მოეყარა თავი. მათ შორის იყვნენ მართლმორწმუნეებიც, რომელთაც უფლის რჩეულმა ხმამაღლა მიმართა: „იცოდეთ, ძმებო, მე რაიმე დანაშაულისთვის კი არ ვიტანჯები, არამედ მთელი სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებისთვის. გევედრებით, ქრისტიანებო, ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი წამება; „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისაგან იხსნეს იგინი უფალმან“; მტკიცედ ვსდგეთ სარწმუნოების შეურყეველ კლდეზე და ღვთისმოსაობისთვის ტანჯვა ნუ შეგვაშინებს, რადგან ამ წარმავალი ჟამის ვნებანი ვერ შეედრება ჩვენთვის განმზადებულ დიდებას“.
ერთი კვირის შემდეგ წმიდა პლატონი კვლავ აგრიპინას სამსჯავროზე მიიყვანეს ზევსის ტაძარში, სადაც უკვე განმზადებული იყო წამების იარაღები: მდუღარე ქვაბები, გახურებული რკინის სარეცელი, ბასრი კავები. წმიდანს შესთავაზეს, ან მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, ან ამ იარაღების მოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. ნეტარმა მარტვილმა ამჯერადაც მტკიცე უარი განაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ მას კვლავ სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი საკანში ჩააგდეს და თვრამეტი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. როცა უსჯულოებმა იხილეს, რომ ამგვარადაც ვერ მოდრეკდნენ წმიდანის ნებას, მას მზაკვრული წინადადება წაუყენეს – სიცოცხლე და თავისუფლება აღუთქვეს, თუ წარმოთქვამდა: „დიდ არს უფალი აპოლონი“. „სიტყვითაც არ მსურს შევცოდო“, – უპასუხა მხნე აღმსარებელმა. მტარვალის ბრძანებით ნეტარ პლატონს თავი მოჰკვეთეს (+302 ან 306).

წმიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა: „თუ საყდარს დავიცავთ, ამსოფლადვე, მებრძოლ ეკლესიაში გავიხარებთ, ხოლო თუ დავიღუპებით მისი დაცვისას – ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ვიზეიმებთ!“ მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. წმიდა მოწამე უსიტყვოდ იტანდა სატანჯველებს, როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ღვთის განგებით ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ – „იესო ქრისტეს“, – უპასუხა ნეტარმა. – „რითი სჯობს თქვენი ქრისტე ჩვენს ღმერთებს?“ – კვლავ ჰკითხა ასკლიპიადმა. – „იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენ ყველანი მან შეგვქმნა და გამოგვისყიდა“, – მიუგო ყრმამ. გაბრაზებულმა მტარვალმა ბავშვის გაროზგვა ბრძანა. წმიდა ბარული მოთმინებით იტანდა დაუნდობელ გვემას. თითქმის სისხლისგან დაცლილმა წმიდა ყრმამ ცოტაოდენი წყალი ითხოვა. მაშინ ხალხს ყრმა მოწამის დედა გამოეყო და შვილს შეაგონა, ყველაფერი დაეთმინა ქრისტესთვის. ბოლოს ასკლიპიადმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ეხვეოდა მას, კოცნიდა, თან ამშვიდებდა და განამტკიცებდა, რომ აღმართული მახვილის არ შეშინებოდა: „ჩემო უტკბესო, სიკვდილის ნუ გეშინია; შენ არ მოკვდები, დაუსრულებლად იცოცხლებ – როცა მახვილს დაგცემენ, ანგელოზები მიგიღებენ და სამოთხის სანახებში, მარადიული ნეტარების სამკვიდრებელში აგიტაცებენ. იქ ქრისტე მოგეხვევა, ყველა წმიდანის მეგობარი გახდები და მეც მალე მოვალ შენთან, ძალიან მალე“, – ამ სიტყვებით მიიყვანა ახოვანმა ქალმა წმიდა ბარული საჯალათო კუნძთან. ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია. დედამ ქრისტესთვის აღსრულებული შვილის წმიდა ნეშტი ცრემლებით დაალტო და მიწას მიაბარა.
წმიდა რომანოზს ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. უფლის რჩეულმა გალობა დაიწყო ქრისტეს სადიდებლად. მმართველმა ბრძანა, ენა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ ენამოკვეთილი ნეტარი მაინც ხმამაღლა აქებდა ზეცათა მეუფეს. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303).

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი – კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უამრავ სხვა მართლმორწმუნესთან ერთად წმიდა ზაქეც შეიპყრეს. მან დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც საშინლად აწამეს, მაგრამ ქრისტეს უარყოფაზე ვერ დაითანხმეს. დიოკლეტიანეს დროს მაცხოვრის მოსავები ისე სასტიკად იდევნებოდნენ, რომ წამების შიშით ზოგი ქრისტიანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე თანხმდებოდა. საღვთო შურით ანთებული კესარიის ეკლესიის მედავითნე, ალფესი შეერია წარმართული სამსხვერპლოსკენ მიმავალ ქრისტეს უარმყოფლებს და მოუწოდა, სული არ წაებილწათ. მაშინ უფლის რჩეული შეიპყრეს და ტანჯვა-წამების შემდეგ ზაქესთან ერთად საერთო ბორკილი დაადეს. ღამით წმიდანები საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და მოსალოდნელი აღსასრულის წინ ერთმანეთს განამტკიცებდნენ. დილით უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს (+303).