„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
10.01.2026. მსგეფსი
მოწამეთა ორთა ბევრთა (20000), ნიკომიდიას დამწვართა: გლიკერი ხუცისა, ზენონისა, თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისა, მიგდონი დიაკონისა, ინდისესი, გორგონისა, პეტრესი, ექვთიმესი, მოწამე ქალწულთა: აგათიასი, დომნასი, თეოფილასი და სხვათა (302); მოციქულისა ნიკანორისა, 70-თაგანისა (34);ღირსი ნიფონტ ქიოსელი (1809); ღირსი სვიმეონ მირონმდინარე (+1287);წმინდა მღვდელმთავარი მაუგოლდი მენელი (დაახლოებით 488-498).
დღის ლოცვები
მოწამეთა ორთა ბევრთა (20000), ნიკომიდიას დამწვართა
ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქვენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩვენთა.
კონდაკი: განმტკიცებულითა სულითა ორთა ბევრთა მოწამეთა ცეცხლი ვნებათა თავს იდვენ და ღაღადებდეს: შობილო ქალწულისაგან, შეიწირენ ყოვლადდასაწველნი ესე ჩვენნი, ვითარცა რა ძღვენნი სპარსთა მეფეთანი, ოქრო, მური და გუნდრუკი, ღმერთო საუკუნეთაო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 ტიმ. 6: 11-16
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას; 12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე. 13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, – 14. წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე, 15. რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი, 16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.
მთ. 12: 15-21
15. მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა. 16. და უბრძანა მათ, არ გამთქვათო. 17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 18. აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს. 19. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას. 20. მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს. 21. და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
კოლ. 1: 3-6
3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას, 4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, 6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;
ლკ. 17: 3-10
3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. 4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას – ვნანობო, მიუტევე. 5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა. 6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ. 7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო? 8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო. 9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია. 10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.
რომ. 8: 3-9
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. 4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ – სულიერად. 5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი – სულისას. 6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი – სიცოცხლე და მშვიდობა. 7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. 8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს. 9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ – სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
ლკ. 10: 19-21
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდანი ორნი ბევრნი (20000) მოწამენი, ნიკომიდიას დამწვარნი და სხვანი, მასვე ქალაქსა შინა მომწყდარნი (+302)
წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი. IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით დიდად უწყობდა ხელს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას: მისი გავლენით იმპერატორის ბევრი წარჩინებული კარისკაცი ფარულად შეუდგა ქრისტეს.საიმპერატორო სასახლეში ცხოვრობდა წარმართი ქურუმი ქალი დომნა. მაქსიმიანეს არყოფნაში მან წაიკითხა „საქმე მოციქულთა“, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ქრისტიანული სწავლების ღრმად გაცნობის სურვილი აღეძრა. ერთი ქრისტიანი ქალწულის დახმარებით დომნა ფარულად მივიდა ეპისკოპოს კირილესთან. თან ერთგული მსახური, საჭურისი ინდისე ახლდა. კირილემ ორივენი კათაკმევლებად დაადგინა, შემდეგ კი მონათლა. დომნამ გლახაკთა მოვლა-პატრონობას მიჰყო ხელი: ინდისეს მეშვეობით თავისი ძვირფასეულობები მოწყალებად გასცა და სამეფო ტრაპეზიდან საჭმელსაც არიგებდა. დომნასა და ინდისეს უჩვეულო ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, სამეფო ტრაპეზის გამგებელმა – საჭურისთა თავმა საპყრობილეში გამოამწყვდია ისინი. წარმართებს შორის რომ არ ეცხოვრა, წმიდა დომნამ თავი მოიგიჟიანა. მაშინ იგი ინდისესთან ერთად სამეფო სასახლიდან გააძევეს. ნეტარი დომნა დედათა მონასტერში დამკვიდრდა, იღუმენია აღათიასთან, მაგრამ მალე იღუმენიას კურთხევით, მამაკაცურად ჩაცმულმა დატოვა სავანე.
ამასობაში იმპერატორი დაბრუნდა და მეომრები დაგზავნა ყოფილი ქურუმის საძებნელად. მხედრებმა აღათიას სავანესაც მიაღწიეს და დაარბიეს იგი. დები საპყრობილეში გამოამწყვდიეს საწამებლად და ნამუსის ასახდელად, მაგრამ ზეციურმა მხედრობამ უვნებლად გამოიყვანა ისინი. ერთხელ იმპერატორმა ქალაქის მოედანზე წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო. როცა ხალხისთვის ნაკერპავი სისხლის სხურება დაიწყეს, ქრისტიანები ბრბოს განერიდნენ და მოედანი დატოვეს. ამის დანახვაზე იმპერატორი განრისხდა, მაგრამ, უეცრად დაწყებული მიწისძვრით დამფრთხალმა, გრძნობები მოთოკა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანე ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ურჩობის შემთხვევაში იგი ტაძრის დანგრევითა და ქრისტიანთა ამოჟლეტით იმუქრებოდა. ხუცესმა გლიკერიოსმა უღმრთო ხელისუფალს უპასუხა, რომ ქრისტიანებს ვერანაირი სატანჯველის შიშით ვერ აიძულებდა თავიანთი სარწმუნოებისგან განდგომას. განრისხებული მეფე მდუმარედ გავიდა ტაძრიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ხუცესი გლიკერიოსის სამსჯავროზე მოყვანა ბრძანა. ჯალათებმა საშინლად აწამეს წმიდანი. როცა მაქსიმიანე დარწმუნდა, რომ გლიკერიოსის მოდრეკაზე ფიქრიც კი ამაო იყო, მისი დაწვა ბრძანა.
302 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე ნიკომიდიის საკათედრო ტაძართან ოცი ათასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. იმპერატორმა მათთან გაგზავნა მაცნე, რომელიც შეკრებილებს დაემუქრა: თუ ტაძარს არ დატოვებთ და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავთ, ტაძარშივე გამოიწვებითო. ამის მიუხედავად ყველა მორწმუნემ უარი განაცხადა ცრუღვთაებების თაყვანისცემაზე. სანამ ჯალათები საყდრის დასაწვავად ემზადებოდნენ, ეპისკოპოსმა ანთიმოზმა (ხს. 3 სექტემბერს), რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა, ყველა კათაკმეველი მონათლა და აზიარა. ოცი ათასივე მლოცველი ცეცხლში აღესრულა. მათ შორის იყვნენ იღუმენია აღათია და წმიდა თეოფილაც. ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა, გადამალულიყო.
მაქსიმიანე თვლიდა, რომ ნიკომიდიელი ქრისტიანები სრულიად ამოჟლიტა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ ისინი კიდევ ბევრნი იყვნენ, უწინდებურად აღიარებდნენ სარწმუნოებას და თავი ქრისტესთვის სასიკვდილოდ ჰქონდათ გადადებული. იმპერატორმა მათთან ანგარიშის გასწორება განიზრახა. მისი ბრძანებით შეიპყრეს მხედართმთავარი ზენონი, რომელმაც საჯაროდ ამხილა მეფის უსჯულოება და სისასტიკე, დაუნდობლად გვემეს იგი და, ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საჭურისი ინდისეც საპყრობილეში ჩააგდეს.
ამასობაში წმიდა დომნა გამოქვაბულში იმყოფებოდა მკაცრი მარხვითა და დაუდუმებელი ლოცვით. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა. დააპატიმრეს იტალიის გამგებელი დოროთე, მარდონი, დიაკონი მიგდონი და რამდენიმე დიდებული. ეპისკოპოსი ანთიმოზი წერილებით განამტკიცებდა პყრობილებს. დიაკონი თეოფილე მისი ერთ-ერთი ეპისტოლითურთ შეიპყრეს და იმ იმედით, რომ ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს დააცდევინებდნენ, საშინლად აწამეს. თეოფილემ დაითმინა სატანჯველები და არაფერი გაამხილა. მაშინ იგი სიკვდილით დასაჯეს. თეოფილესთან ერთად წამებით ამოხადეს სული იმათაც, ვისადმიც იყო მიმართული ეპისკოპოსის ეპისტოლე.
როცა წმიდა დომნა ქალაქში დაბრუნდა, ნახანძრალზე დიდხანს ტიროდა – წუხდა, რომ თავის დებთან ერთად სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. შემდეგ მან ზღვის ნაპირს მიაშურა. ამ დროს მეთევზეებმა ნაპირზე ბადეებით გამოათრიეს წმიდა მოწამეების: ინდისეს, გორგონისა და პეტრეს ცხედრები. მათ მამაკაცურად ჩაცმული დომნაც ეხმარებოდა. მეთევზეებმა წმიდა ცხედრები ნეტარ დედას დაუტოვეს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით თავისი სულიერი მეგობრის – მოწამე ინდისეს ნეშტის ხილვამ გაახარა. იგი დაკრძალვის შემდეგაც არ შორდებოდა ძვირფას საფლავებს და ყოველდღე უკმევდა. როცა იმპერატორს მოუთხრეს უცნობი ყმაწვილის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა სამარეებს პატივს მიაგებდა, უღმრთო ხელისუფალმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. დომნასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმიდა მოწამე ექვთიმეც.
ღირსი სვიმეონ მირონმდინარე (+1287)
ღირსი სვიმეონ მირონმდინარე ათონზე მოღვაწეობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა.