„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

10.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. სამშაბათი
ღირსისა ეფრემ ასურისა, ედესელისა (373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიელი ეპისკოპოსისა (VII); ღირსისა იაკობ დაყუდებულისა.
დღის ლოცვები
წმინდა ეფრემ ასურის კონდაკი:
წინაისწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლადშემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 ინ. 3: 10-20 (დას. 72). მკ. 14: 10-42 (დას. 64).
ლიტ.: 1 ინ. 3: 10-20
10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა – მართალი. 13. ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ. 14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. 15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული. 16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. 17. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული? 18. შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. 19. ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს. 20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.
ლიტ.: მკ. 14: 10-42
10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად. 11. ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი. 12. უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? 13. გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით. 14. სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს? 15. ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ. 16. წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი. 17. მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად. 18. როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. 19. ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო? 20. მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში. 21. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი. 22. ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი. 23. აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით. 24. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში. 26. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. 27. უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები. 28. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში. 29. პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე – არა. 30. მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე. 31. მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ უარგყოფო, და ასევე ამბობდა ყველა. 32. მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ. 33. წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა. 34. უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ. 35. ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი; 36. ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ. 37. დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა? 38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. 39. კვლავ გაშორდა მათ და იმავე სიტყვებით ილოცა. 40. როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის. 41. მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში. 42. ადექით, წავიდეთ; აჰა მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379)
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი – ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი – მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.
წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
ღირსი პალადი მეუდაბნოე (IV)
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის მან უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ ღირსი მამის მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი იპოვეს და მის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ მეუდაბნოის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. წმიდანი IV საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)
ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.
ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“.
წმ. სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თჳსი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „ურიცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არისნ სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში „დაიდვა წმ. გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.
ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
ღირსი ისააკ ასური, ნინეველი ეპისკოპოსი VII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ძმასთან ერთად მარის წმიდა მათეს სახელობის მონასტერში დაემკვიდრა. ღრმა განსწავლულობისა და მაღალი სულიერებისათვის მას მონასტრის წინამძღვრობას სთავაზობდნენ, მაგრამ მდუმარებისაკენ მოდრეკილმა ღირსმა ისააკმა საერთოდ დატოვა სავანე და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ძმა ევედრებოდა მას, მობრუნებულიყო უკანვე. ღირსი მამა კი უარზე იდგა, მაგრამ როცა მისი წმიდა ცხოვრების ამბავი გახმაურდა, იძულებული გახდა, ნინევიის ეპოსკოპოსობაზეც დათანხმებულიყო. ქალაქის მცხოვრებლები უხეში ზნით გამოირჩეოდნენ და ქრისტიანული სწავლების მარცვლებს იწყნარებდნენ. მღვდელმთავარი გრძნობდა, რომ არ შესწევდა მათი გამოსწორების ძალა, თან განდეგილური ცხოვრების სიამტკბილობაც ახსენებდა თავს. ეს ყველაფერი სულს უმძიმებდა მოსაგრეს, ამიტომაც დატოვა კათედრა და სკიტის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც აღესრულა კიდეც ღვთივსათნო ღვაწლში.