10.06.2026. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

10.06.2026. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

ოთხშაბათი. 10.06.2026. მარხვა 

ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელ ეპისკოპოსისა (IX); მღვდელმოწამისა ევტიქი მელიტინელ ეპისკოპოსისა (1); მოწამისა ელიკონიდასი (244); მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII). 

დღის ლოცვები

ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, ქალკედონელი ეპისკოპოსის კონდაკი:

სიწმიდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძღურებითა, ვინაცა გიხმობთ: გიხაროდენ, ქალკედონისა მშუენიერებაო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

რომ. 4: 13-25 (დას. 87). მთ. 7: 21-23 (დას. 23).

რომ. 4: 13-25 

13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით. 14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა. 15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა. 16. მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა. 17. როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს. 18. უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“. 19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი; 20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს. 21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც. 22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ. 23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო, 24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო, 25. რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.

მთ. 7: 21-23

21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? 23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ევტიქი, მელიტინელი ეპისკოპოსი (I)
მღვდელმოწამე ევტიქი, მელიტინელი ეპისკოპოსი (I)მღვდელმოწამე ევტიქი მელიტინელი (I) წმინდა მოციქულთა თანამოსაგრე იყო. ქრისტესთვის აღესრულა ქალაქ მელიტინაში I საუკუნეში.
წმიდა მოწამე ელიკონიდა (244)
წმინდა მოწამე ელიკონიდა (+244) ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმინდა აღმსარებელს სასტიკად სცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმინდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმინდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმინდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმინდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმინდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.
წმიდა მოწამენი: კრისკენტი, პავლე და დიოსკორიდე (+326)
წმინდა მოწამენი კრისკენტი, პავლე და დიოსკორიდე რომში ეწამნენ ქრისტესთვის 326 წელს.
მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII)
მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. აღესრულა სასტიკი ცემისაგან. წმინდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX)
წმინდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმინდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) დროს წმინდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმინდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინეპოლელი პრესვიტერის იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმინდა ნიკიტას ძმაც – წმინდა ეგნატე.
ღირსი სოფრონი (+1510)
ღირსი სოფრონი (ერობაში სტეფანე) ბულგარეთის სოფელ პენკოვეცში დაიბადა. იგი მდინარე დუნაის ნაპირთან, მახლობლად მდებარე მონასტერში აღიკვეცა ბერად და გამუდმებული მარხვით, ლოცვით, ღამისთევებით სათნოეყოფოდა უფალს. ნეტარი მამა საკუთარმა მსახურმა მოკლა 1510 წელს. სამი წლის შემდეგ აღესრულა წმინდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, დაიწერა მისი ცხოვრებაც.
წმიდა მოწამე დიმიტრი (მიტრა) (+1794)
წმიდა მოწამე დიმიტრი (მიტრა) (+1794)წმინდა მოწამე დიმიტრი (მიტრა) თურქებმა აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის 1794 წელს.
წმიდა მოწამე ზაქარია (+1802)
წმინდა მოწამე ზაქარია ქალაქ პრუსში (აზია) დაიბადა და იქვე აღესრულა მოწამებრივად 1802 წელს.
  7 ივნისს, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ ჩვენი შვილები ნათია, ალექსანდრე და მათი სამი მეგობარი: ნიკოლოზი, გვანცა, მარიამი. გთხოვთ, შესაბამის ლოცვებში მათი სულები მოიხსენიოთ