10.08.2025. მე-9 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII

10.08.2025. მე-9 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII

მე-9 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII

ღირსისა გიორგი მაშენებელისა, ათონელისა (1029/ 1033); მოციქულთა 70-თაგანთა: პროხორე, ნიკანორ, ტიმონ და პარმენ დიაკონთა (I); მოწამეთა: ივლიანესი (II), ევსტათი ანკვირელისა, მხედრისა (316) და აკაკისა (321); მოწამისა იზიტბოზიტისა, რომელი იყო ნათესავით სპარსი და იწამა ცეცხლისმსახურთა მიერ (VI).

დღის ლოცვები

მოციქულთა: პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენ დიაკონთა, სამოცდაათთაგანთა კონდაკი:
პატიოსანნი დიაკონნი და თვით მხილველნი სიტყვისა და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა, ნიკანორ და პროხორე, პარმენ და ტიმონი დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოსა ხსენებასა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: 1 კორ. 3: 9-17 (დას. 128). მთ. 14: 22-34 (დას. 59).
ღირსი გიორგის საკითხავები საზიაროთაგან. 

ცისკ.: ინ. 20: 19 -31 

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

ლიტ.: 1 კორ. 3: 9-17 

9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ. 10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს. 11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. 12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, – 13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. 14. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის. 15. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს. 16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში? 17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

ლიტ.: მთ. 14: 22-34 

22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. 23. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ. 24. ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა. 25. და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. 26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს. 27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. 28. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან. 29. მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან. 30. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე! 31. მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა? 32. და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი. 33. ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ. 34. ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ.
„საქმე მოციქულთაში“ (6;1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რამეთუ „უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“. შვიდ რჩეულს შორის აღმოჩნდნენ პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენიც. „და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი“.
წმიდა დიაკვნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.
წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.
წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.
წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.
წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოჰხადეს სული. 
წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, თან ეუბნებოდნენ: „ვნახოთ, მართლა გინდა კი ჯვარცმულისთვის სიკვდილი?!“
იულიანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სატანჯველის ბოლომდე დათმენის უნარი მიემადლებინა მისთვის. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მე შენთან ვიქნები და მოგანიჭებ ძალას და მხნეობას!“ ნეტარი ჭაბუკი დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. უფლის ანგელოზი უზიდავდა საზრდელს და განამტკიცებდა აღმსარებელს.
მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვა დაიწყო და კვლავ ჩაესმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მტკიცედ დეგ!“ ამის შემდეგ სულიერ ძალებგანახლებული მარტვილი ირგვლივ შემოჯარულ ბრბოს მიუბრუნდა: „სასმენელნი მომაპყარით, საბრალონო! თქვენივე ხელით ქმნილ კერპებს კი ნუ სასოებთ, ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი სცანით!“ საოცარი ძალით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ოცდაათზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დილით, როცა იულიანეს წამება განაახლეს, ქალაქში ხმა გავარდა, სერაპისის ბომონი მასში აღმართული კერპითურთ დაიმსხვრაო. ყველანი გაოცდნენ, ქრისტიანებმა კი გაიხარეს და ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. წარმართებმა მომხდარი იულიანეს ჯადოქრობას მიაწერეს და მოითხოვეს, დაეჩქარებინათ მისი სიკვდილით დასჯა. მტარვალებმა გადაწყვიტეს, დამსხვრეული ბომონის ადგილას მოეკლათ ქრისტეს ტარიგი. აღსასრულის წინ მან მუხლი მოიდრიკა, ილოცა და კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი უტკბესი ზეციური ხმის გაგონებისა, რომელიც სასუფევლისკენ მოუწოდებდა.
წმიდა მოწამე ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირიის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო, იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. ნეტარი ევსტათი გაბრწყინებული სულით შეერთო უფალს (+დაახლ. 316). მარტვილის წმიდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს.
წმიდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. სამი მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი: მმართველმა ლიკინიუსმა სასტიკად აწამა წმინდანი. შემდეგ კი მმართველ ტერენტიუსთან გაგზავნა. ამ უკანასკნელის ბრძანებით, ნეტარი ადუღებული კუპრითა და ქონით სავსე ქვაბში ჩააგდეს, საიდანაც იგი სრულიად უვნებელი ამოვიდა. წმიდანი წარმართულ ტაძარში შეიყვანეს, მაგრამ მისი ლოცვით შიგ აღმართული ყველა კერპი შეიმუსრა, უფლის რჩეული მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნეტარს არც ნადირებმა დააკარეს პირი. ამის შემდეგ ქრისტეს ტარიგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და, როცა, ყველას გასაოცრად, არც ახლა დაუშავდა რამე, მმართველი თავად მიუახლოვდა ქურას იმის გასარკვევად, საკმარისად იყო თუ არა იგი გახურებული. უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს, უსჯულოს რისხვა დაატეხა თავს: მას, დაფუფქულს, იქვე აღმოხდა სული. მაშინ წმიდა აკაკი ვინმე პოსიდონიუსს გადასცეს საწამებლად, რომელმაც მძიმე ბორკილები დაადო და ქალაქ მილეტში გაგზავნა. ღვთის სათნომყოფელმა ლოცვის ძალით აქაც შემუსრა კერპები. ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321). ხუცესმა ლეონტიმ მისი წმიდა ნეშტი ქალაქ სინადში (მცირე აზია) მიაბარა მიწას. 
ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (ერობაში – პროკოპი) იყო ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ კუროპალატის ძე. ღრმად და საფუძვლიანად განსწავლული მეფისწული თანამედროვეთა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. ნეტარი განერიდა ყოველივე წარმავალს და მთაწმინდას, ქსეროპოტამად წოდებულ ადგილს მიაშურა. აქ დედოფალ პულქერიას მიერ წმიდა ორმეოცი მოწამის სახელზე აგებული მონასტერი უკვე ჩამოქცეულიყო. უკაცრიელ ნანგრევებში წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო, შიგ დამკვიდრდა, მალე ბერადაც აღიკვეცა და პავლეს სახელით შეუდგა მოსაგრეობას. ღირსი მამა თავმდაბლობის გამო არავისთან ავლენდა თავის განათლებას, მაგრამ მკაცრმა, ასკეტურმა ცხოვრებამ მას მალე გაუთქვა სახელი. ღირს მამას პავლე ქსეროპოტამელი შეარქვეს, იმ სავანეს კი, სადაც ის მოსაგრეობდა, დღესაც ქსეროპოტამს (დამშრალ ნაღვარევს) უწოდებენ.
როცა ბიზანტიის სამეფო ტახტზე წმიდა პავლეს ნათესავი, იმპერატორი რომანოზი ავიდა, მან მთაწმიდის კინოტის მეშვეობით მოახერხა და ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე დაითანხმა. სასახლის ბრწყინვალებასა და ფუფუნებაში წმიდანი ჯვრით ხელში, თავისი ძველი, დაფლეთილი სამოსლით გამოცხადდა და მძიმედ დასნეულებული იმპერატორი თავზე ხელის შეხებით განკურნა. მადლიერმა რომანოზმა მას სამეფო კარზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ღირსმა მამამ არ ისურვა დაბრუნებოდა მისი სულისთვის უცხო, ამაო ყოფას; მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა: თვითმპყრობელს ქსეროპოტამის დანგრეული მონასტრის აღორძინებაზე ეზრუნა. წმიდანის სურვილი შესრულებულ იქნა: სავანე აღდგა. როცა ტაძარი აკურთხეს, წმიდა ტრაპეზზე იმპერატორის მიერ პავლესთვის ნაბოძები უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი დააბრძანეს. მონასტერი თანდათან გაივსო ბერებით, მდუმარებისმოყვარე წინამძღვარმა კი საძმოზე ზრუნვა ერთ-ერთ მოწაფეს გადააბარა და თავად შორეულ უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. მალე სულიერმა შვილებმა, რომელთაც არ სურდათ მოძღვართან განშორება, ნეტარს აქაც დაურღვიეს მყუდროება. მაშინ მან იმპერატორ რომანოზისგან კვლავ გამოითხოვა საჭირო სახსრები, და ახალი, წმიდა გიორგის სახელობის სავანე ააგო და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებიც აქ გადაასვენა.
ღირს პავლეს უფლისგან წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება. მოიხმო ქსეროპოტამისა და წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა. მიცვალების დღეს წმიდა მამამ მოსასხამი შეიმოსა, ჩვეული სიმდაბლით წარმოთქვა იოანიკე დიდის ლოცვა, რომელსაც დაუდუმებლად იმეორებდა: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“, და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. ნეტარმა დაიბარა, მისი ცხედარი მთაწმინდის მოპირდაპირე პონღოსის ნახევარკუნძულზე დაეკრძალათ, მაგრამ, ღვთაებრივი განგებულებით, ხომალდი კონსტანტინოპოლის ნაპირს მიადგა. იმპერატორმა და პატრიარქმა კრძალვით ჩაიბარეს ძვირფასი ნეშტი და საზეიმოდ გადააბრძანეს წმიდა სოფიას ტაძარში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევის შემდეგ წმიდა პავლეს უხრწნელი ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს. 
ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი (ხს. 27 ივნისს) მოგვითრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ (ხს. 12 ივლისს), თავის შვილს, ღირს ექვთიმეს (ხს. 13 მაისს) გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა… რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“. ზოგი ცნობით, გიორგი იოანეს ძმისშვილი იყო.
ექვთიმეს გადადგომის შემდეგ გიორგიმ აქტიურად დაწყო მონასტრის მართვა. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“.
ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, „დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ“, შემდეგ კი „თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს“, კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა.
გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, „საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს“, და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა „მამათა ჩვენთა მოგებული“, სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.
კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას.
ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.
ათონის ივერთა მონასტერში წმიდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.