…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
10.08.2026. ხსნილი.
ღირსისა გიორგი მაშენებელისა, ათონელისა (1029/ 1033)*; მოციქულთა 70-თაგანთა: პროხორე, ნიკანორ, ტიმონ და პარმენ დიაკონთა (I); მოწამეთა: ივლიანესი (II), ევსტათი ანკვირელისა, მხედრისა (316) და აკაკისა (321); მოწამისა იზიტბოზიტისა, რომელი იყო ნათესავით სპარსი და იწამა ცეცხლისმსახურთა მიერ (VI).
დღის ლოცვები
მოციქულთა: პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენ დიაკონთა, სამოცდაათთაგანთა
კონდაკი:
პატიოსანნი დიაკონნი და თვით მხილველნი სიტყვისა და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა, ნიკანორ და პროხორე, პარმენ და ტიმონი დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოსა ხსენებასა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 2: 3-15 (დას. 171). მთ. 23: 13-22 (დას. 94).
2 კორ. 2: 3-15
3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. 5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. 6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. 7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. 8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. 9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. 10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე. 11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. 12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, – თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, – 13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. 14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
მთ. 23: 13-22
13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. 14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. 15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად. 16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა. 17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს? 18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა. 19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს? 20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა. 21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. 22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი (I)
წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ.„საქმე მოციქულთაში“ (6: 1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რამეთუ „უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“. შვიდ რჩეულს შორის აღმოჩნდნენ პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენიც. „და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი“.
წმიდა დიაკვნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.
წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.
წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.
წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.
წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოჰხადეს სული.
წმიდა მოწამენი: იულიანე (II), ევსტათი (+დაახლ. 316) და აკაკი (+დაახლ. 321)
წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, თან ეუბნებოდნენ: „ვნახოთ, მართლა გინდა კი ჯვარცმულისთვის სიკვდილი?!“იულიანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სატანჯველის ბოლომდე დათმენის უნარი მიემადლებინა მისთვის. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მე შენთან ვიქნები და მოგანიჭებ ძალას და მხნეობას!“ ნეტარი ჭაბუკი დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. უფლის ანგელოზი უზიდავდა საზრდელს და განამტკიცებდა აღმსარებელს.
მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვა დაიწყო და კვლავ ჩაესმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მტკიცედ დეგ!“ ამის შემდეგ სულიერ ძალებგანახლებული მარტვილი ირგვლივ შემოჯარულ ბრბოს მიუბრუნდა: „სასმენელნი მომაპყარით, საბრალონო! თქვენივე ხელით ქმნილ კერპებს კი ნუ სასოებთ, ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი სცანით!“ საოცარი ძალით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ოცდაათზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დილით, როცა იულიანეს წამება განაახლეს, ქალაქში ხმა გავარდა, სერაპისის ბომონი მასში აღმართული კერპითურთ დაიმსხვრაო. ყველანი გაოცდნენ, ქრისტიანებმა კი გაიხარეს და ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. წარმართებმა მომხდარი იულიანეს ჯადოქრობას მიაწერეს და მოითხოვეს, დაეჩქარებინათ მისი სიკვდილით დასჯა. მტარვალებმა გადაწყვიტეს, დამსხვრეული ბომონის ადგილას მოეკლათ ქრისტეს ტარიგი. აღსასრულის წინ მან მუხლი მოიდრიკა, ილოცა და კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი უტკბესი ზეციური ხმის გაგონებისა, რომელიც სასუფევლისკენ მოუწოდებდა.
წმიდა მოწამე ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირიის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო, იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. ნეტარი ევსტათი გაბრწყინებული სულით შეერთო უფალს (+დაახლ. 316). მარტვილის წმიდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს.
წმიდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. სამი მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი: მმართველმა ლიკინიუსმა სასტიკად აწამა წმინდანი. შემდეგ კი მმართველ ტერენტიუსთან გაგზავნა. ამ უკანასკნელის ბრძანებით, ნეტარი ადუღებული კუპრითა და ქონით სავსე ქვაბში ჩააგდეს, საიდანაც იგი სრულიად უვნებელი ამოვიდა. წმიდანი წარმართულ ტაძარში შეიყვანეს, მაგრამ მისი ლოცვით შიგ აღმართული ყველა კერპი შეიმუსრა, უფლის რჩეული მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნეტარს არც ნადირებმა დააკარეს პირი. ამის შემდეგ ქრისტეს ტარიგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და, როცა, ყველას გასაოცრად, არც ახლა დაუშავდა რამე, მმართველი თავად მიუახლოვდა ქურას იმის გასარკვევად, საკმარისად იყო თუ არა იგი გახურებული. უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს, უსჯულოს რისხვა დაატეხა თავს: მას, დაფუფქულს, იქვე აღმოხდა სული. მაშინ წმიდა აკაკი ვინმე პოსიდონიუსს გადასცეს საწამებლად, რომელმაც მძიმე ბორკილები დაადო და ქალაქ მილეტში გაგზავნა. ღვთის სათნომყოფელმა ლოცვის ძალით აქაც შემუსრა კერპები. ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321). ხუცესმა ლეონტიმ მისი წმიდა ნეშტი ქალაქ სინადში (მცირე აზია) მიაბარა მიწას.
ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (X)
ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (ერობაში – პროკოპი) იყო ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ კუროპალატის ძე. ღრმად და საფუძვლიანად განსწავლული მეფისწული თანამედროვეთა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. ნეტარი განერიდა ყოველივე წარმავალს და მთაწმინდას, ქსეროპოტამად წოდებულ ადგილს მიაშურა. აქ დედოფალ პულქერიას მიერ წმიდა ორმეოცი მოწამის სახელზე აგებული მონასტერი უკვე ჩამოქცეულიყო. უკაცრიელ ნანგრევებში წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო, შიგ დამკვიდრდა, მალე ბერადაც აღიკვეცა და პავლეს სახელით შეუდგა მოსაგრეობას. ღირსი მამა თავმდაბლობის გამო არავისთან ავლენდა თავის განათლებას, მაგრამ მკაცრმა, ასკეტურმა ცხოვრებამ მას მალე გაუთქვა სახელი. ღირს მამას პავლე ქსეროპოტამელი შეარქვეს, იმ სავანეს კი, სადაც ის მოსაგრეობდა, დღესაც ქსეროპოტამს (დამშრალ ნაღვარევს) უწოდებენ.როცა ბიზანტიის სამეფო ტახტზე წმიდა პავლეს ნათესავი, იმპერატორი რომანოზი ავიდა, მან მთაწმიდის კინოტის მეშვეობით მოახერხა და ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე დაითანხმა. სასახლის ბრწყინვალებასა და ფუფუნებაში წმიდანი ჯვრით ხელში, თავისი ძველი, დაფლეთილი სამოსლით გამოცხადდა და მძიმედ დასნეულებული იმპერატორი თავზე ხელის შეხებით განკურნა. მადლიერმა რომანოზმა მას სამეფო კარზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ღირსმა მამამ არ ისურვა დაბრუნებოდა მისი სულისთვის უცხო, ამაო ყოფას; მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა: თვითმპყრობელს ქსეროპოტამის დანგრეული მონასტრის აღორძინებაზე ეზრუნა. წმიდანის სურვილი შესრულებულ იქნა: სავანე აღდგა. როცა ტაძარი აკურთხეს, წმიდა ტრაპეზზე იმპერატორის მიერ პავლესთვის ნაბოძები უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი დააბრძანეს. მონასტერი თანდათან გაივსო ბერებით, მდუმარებისმოყვარე წინამძღვარმა კი საძმოზე ზრუნვა ერთ-ერთ მოწაფეს გადააბარა და თავად შორეულ უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. მალე სულიერმა შვილებმა, რომელთაც არ სურდათ მოძღვართან განშორება, ნეტარს აქაც დაურღვიეს მყუდროება. მაშინ მან იმპერატორ რომანოზისგან კვლავ გამოითხოვა საჭირო სახსრები, და ახალი, წმიდა გიორგის სახელობის სავანე ააგო და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებიც აქ გადაასვენა.
ღირს პავლეს უფლისგან წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება. მოიხმო ქსეროპოტამისა და წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა. მიცვალების დღეს წმიდა მამამ მოსასხამი შეიმოსა, ჩვეული სიმდაბლით წარმოთქვა იოანიკე დიდის ლოცვა, რომელსაც დაუდუმებლად იმეორებდა: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“, და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. ნეტარმა დაიბარა, მისი ცხედარი მთაწმინდის მოპირდაპირე პონღოსის ნახევარკუნძულზე დაეკრძალათ, მაგრამ, ღვთაებრივი განგებულებით, ხომალდი კონსტანტინოპოლის ნაპირს მიადგა. იმპერატორმა და პატრიარქმა კრძალვით ჩაიბარეს ძვირფასი ნეშტი და საზეიმოდ გადააბრძანეს წმიდა სოფიას ტაძარში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევის შემდეგ წმიდა პავლეს უხრწნელი ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს.
ღირსი გიორგი მაშენებელი – ათონელი (+1029)
ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი (ხს. 27 ივნისს) მოგვითრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ (ხს. 12 ივლისს), თავის შვილს, ღირს ექვთიმეს (ხს. 13 მაისს) გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა… რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“. ზოგი ცნობით, გიორგი იოანეს ძმისშვილი იყო.ექვთიმეს გადადგომის შემდეგ გიორგიმ აქტიურად დაიწყო მონასტრის მართვა. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“.
ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, „დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ“, შემდეგ კი „თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს“, კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა.
გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, „საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს“, და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა „მამათა ჩვენთა მოგებული“, სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.
კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას.
ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.
ათონის ივერთა მონასტერში წმიდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.