10.10.2026. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

10.10.2026. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (ლკ. 4: 1-15). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

10.10.2026 შაბათი. ხსნილი

დღის ლოცვები 

მოწამეთა კალისტრატესი და მეგობართა მისთა გიმნასიოსისა და სხვათა

კონდაკი: დღეს ყოველსა ტკივილსა მოწამეთასა ეკლესია აღასრულებს, წმიდანნო, და აქებს საიდუმლოდ წმიდასა მოღუაწებასა თქუენსა, საღმრთონო მოწამენო; კალისტრატე ყოვლადბრძენო, შენ თანამოღუაწითურთ ევედრენით უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
სხვა კონდაკი: რომელთა მრავალფერნი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ბრწყინვალენი ხელისაგან ღმრთისა მოიხვენით, ჩუენთვისცა ევედრენით ქრისტესა, ნეტარნო, სახსენებელისა თქუენისა მედღესასწაულეთათვის, რომელნი გადიდებთ შენ, კალისტრატე, თანამოღუაწით შენითურთ, რაითა მშვიდობაი ჰყოთ სამწყსოსა და ერისა ქრისტეანეთასა, რამეთუ თქუენ ხართ მორწმუნეთა სიმტკიცე. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ. (რიგ.) – 1 კორ. 15: 58-16: 3 

58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე. 

1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. 2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება. 3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.

ლიტ. (მოწ.) – ებრ. 11: 33-40 

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 4: 31-36 

31. ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ. 32. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას. 33. და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: 34. ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო. 35. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის. 36. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?

ლიტ. (მოწ.) – მთ. 10: 16-22

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქულნი: მარკოზი, არისტარქოსი და ზინა – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს (მის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ 25 აპრილის საკითხავში).
წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა (4,10) და ფილიმონის (1,23) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენებს.
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განსწავლულობით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.
წმიდა მოწამე ეპიქარია (III)
წმიდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოკვეთეს. 
წმიდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304)
წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. „და მუნ თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა“.
წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე წმიდანი უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მოუწოდა უფლის რჩეულს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩაკერეს და ზღვაში მოისროლეს. ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოეგო, გაიხა და წმიდანი განთავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმიდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ უფლის რჩეული განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და თანამოღვაწეებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. ხელისუფალთა წინაშე ხელახლა წარმდგარმა მხედრებმა მტკიცედ აღიარეს მაცხოვარი, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს. ნეტარი კალისტრატე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მარტვილებისთვის ეს წყალი ნათლისღების საბანლად ქცეულიყო. და „იქმნა მათ ზედა საქმე ღირსი სმენისა და საკჳრველებისაჲ“: მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ „და იყვნეს იგინი ბრწყინვალე პირითა და ბრწყინვალე შესამოსლითა შემოსილ წყალთა მათ შინა“. თავად კალისტრატეს კი ბრწყინვალე გვირგვინი დაედგა თავს და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, კალისტრატე, მჴნე იყავ თანა სამწყსოჲთ შენითურთ! ამიერითგან მოვედით და განისუენეთ საყოფელთა საუკუნეთა“. ამ დროს მიწა შეიძრა, მახლობლად აღმართული წარმართული ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც დაიმსხვრა. ამ სასწაულმა კიდევ ასოცდათხუთმეტი მეომარი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მხედართმთავარი შეაშინა ლაშქარში მოსალოდნელმა არეულობამ და მათი განსჯა არ დაუწყია, მაგრამ კალისტრატე და მისი რაზმი კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდია. აქ წმიდანები მხურვალედ ლოცულობდნენ და მადლობას სწირავდნენ ყოვლის შემოქმედ ღმერთს, რომელიც მათ სატანჯველთა დათმენის ძალას ანიჭებდა. ღამით ჯალათებმა მოწამეები მახვილებით ასო-ასო აკუწეს. ცოცხლად დარჩენილმა ასოცდათხუთმეტმა ახალმოქცეულმა მეომარმა უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ ნეტართა მარტვილობის ადგილას ბრწყინვალე ტაძარი ააგეს, საპყრობილეში კი იპოვეს წიგნი, „რომელთა შინა აღწერილ იყვნეს სწავლანი და მოძღურებანი წმიდისა მოწამისა“. 
ღირსი ეგნატე (+963-975)
ღირსი ეგნატე კაბადოკიაში ცხოვრობდა X საუკუნეში. იგი მშობლებმა სიყმაწვილეშივე შესწირეს უფალს. მოწიფულობის ასაკს რომ მიაღწია, ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ხუცესად დაასხეს ხელი. შემდგომში ეგნატე მაცხოვრის სავანის იღუმენად დანიშნეს კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა მონასტრისთვის. წმიდა ეგნატე ქალაქ ამორიის მახლობლად გარდაიცვალა 975 წელს. დიდი ხნის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.