10.11.2025. 23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

10.11.2025. 23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

10.11.2025. ხსნილი

დღის ლოცვები

მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა ნეოფიტეს ყოვლადსამღვდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება მოისიბრძნა სამოსლისა მღდელობილისა და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე, მამაო საწადელო, ღუაწლით დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაი შეუძვრელი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 თეს. 1: 1-5 (დას. 262). ლკ. 11: 29-33 (დას. 59).
მღ.მოწ.: 1 ტიმ. 1: 12-17 (დას. 280). ლკ. 12: 32-40 (დას. 67).

ლიტ.: 1 თეს. 1: 1-5 

1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე – თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. 2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ. 3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე. 4. რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო. 5. ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის,

ლიტ.: ლკ. 11: 29-33 

29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა. 30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის. 31. სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. 32. ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია. 33. არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს.

მღ.მოწ.: 1 ტიმ. 1: 12-17 

12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, – ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა, 13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო. 14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში. 15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. 16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. 17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს – პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღ.მოწ.: ლკ. 12: 32-40 

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი – ანთებული  36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII)

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში „არაბთა და სირთა და მიდთა“ მფლობელი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბებლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს.

შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს: „რაჲმე არს ქუაბთა შინა?“ ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ „კაცნი მონანი ღმრთისანი“, ყოველგვარ ამქვეყნიურ შვებას მოკლებულნი.

მათი ამბის გაგონებამ უსჯულო მხედრობა დიდად გააკვირვა. სარდლებმა გადაწყვიტეს, ყოველივე აჰმადისათვის ეცნობებინათ. საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა: „ლოცუა ჰყავთ ჩემთჳს, მონანო ღმრთისანო, და ძღუენი ესე ჩემი მიიღეთ და ალუაჲ და გუნდრუკი მიართუთ საკმევად სამარხოსა მოძღუარისა თქუენისასა“.

სარკინეთის ქვაბებს მიახლებულმა ომარმა მონაზვნებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, ნუგეშინისცემად და სამსახურად მოვდივარ და არა სავნებლადო.

მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა „სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა“. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს „ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა“, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი – ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი“.

ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: „დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა“. მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, შიო მღვიმელის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) დაარქვეს, მის მეგობრებს კი – ქრიტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი).

ღვთის განგებით, წმიდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება. ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა იყო: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა“.

მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა. მაზდეანებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი.

უსჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. უსჯულოებმა იცოდნენ, რომ წმიდა ნეოფიტე წმიდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილს შეჰნატროდა, ამიტომ ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმიდანმა ტკბილი ხმით მიუგო: „ტკბილ ჩემდა სიკუდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფაჲ კავშირთა უკუდავისა და მოკუდავისა არსებისათა… ამიერითგან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომელიც შეჰკრიბა ქადაგებისა მიერ ჩემისა ძემან და სიტყუამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთჳს ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თჳსისა“.

გამძვინვარებულმა უსჯულოებმა წმიდანი ქვებით ჩაქოლეს. წმიდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ

წმიდა მოწამე პარასკევა (III)

წმიდა მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს – პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა.

პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამის შემდეგ წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობრძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს, მაგრამ მტარვალმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო, განაგრძო მოწამის ტანჯვა და ბოლოს მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: ტერენტისა, ნეონილასი და შვილთა მათთა: სარვილესი, ფოტისა, თეოდულესი, იერაქსისა, ნიტესი, ვილესი და ევნიკიასი (249-250);. წმიდა მოწამენი 

 

ღირსისა სტეფანე საბაიტელისა, კანონთგამომთქმელისა (IX); 

 

არსენ I სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1266); 

 

მოწამეთა: აფრიკანესი, ტერენტისა, მაქსიმესი, პომპისა, ფოკასი და 36-თა სხვათა (III );
მღვდელმოწამისა კვირიაკე იერუსალიმელი პატრიარქისა (363);
იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპისკოპოსისა (VI); 
ღირსი იოანე ქოზიბელი – კესარიელი ეპისკოპოსი (VI)

ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი დაიბადა ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეში და სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი – 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.

“წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსი არსენ კაპადოკიელი (+1924)

მამა არსენი (ანიცალიხოსი) დაიბადა დაახლოებით 1840 წელს კაპადოკიაში, ფარასის ოლქში. მის ღვთისმოშიშ მშობლებს ელეფთერი და ბარბარე ერქვათ. მამამისს, რადგან იერუსალიმი მოელოცა, როგორც წმინდა მიწის მომლოცველს, ჰაჯი-ელეფთერს ეძახდნენ. ჰყავდათ ორი ვაჟი: ვლასი და თეოდორე. მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და ბავშვებზე დეიდა ზრუნავდა. ერთხელ ვლასიმ ძმა მამისეულ მინდორში წაიყვანა. ერთი პატარა, მაგრამ ჩქარი მდინარე უნდა გადაევლოთ. უცებ წყალმა თეოდორე გაიტაცა. იქვე ახლოს წმინდა გიორგის ეკვდერი იდგა. ვლასიმ წმინდანს შეწევნა სთხოვა. ამ ტირილში იყო, რომ გვერდით მდგომი ძმა იხილა. მან უთხრა, – ბერის მსგავსმა მხედარმა ცხენზე შემისვა და გამომიყვანაო. ამ დროიდან მოყოლებული თეოდორეს ბერობის სურვილი გაუჩნდა. ვლასიმაც ღმერთს მიუძღვნა ცხოვრება. ბიზანტიური მუსიკის მასწავლებელი გახდა და ბოლოს კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა.

ცოტა რომ მოიზარდა, დეიდამ თეოდორე სასწავლებლად მამიდასთან გაგზავნა ნიგდეაში. მამიდა კი, ბიჭის გონიერება რომ დაინახა, მოეთათბირა თავისიანებს და გადაწყვიტეს, ნიგდიაში სწავლას რომ დაასრულებდა, სმირნაში (დღევანდელი იზმირი) გაეგზავნათ. არდადეგებზე მამისეულ სახლში მობრუნებული თეოდორე შემოიკრებდა თანატოლებს და თვითონ რაც იცოდა, მათ ასწავლიდა. ერთხელ დეიდამ მისი თავისთან დატოვება და დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ დეიდის არჩეულმა გოგონამ თეოდორეს ცოლობაზე უარი თქვა, – კარგი ოჯახის შვილია, მაგრამ ბერიაო. როცა თეოდორემ ეს გაიგო, დეიდას უთხრა: ხედავ, უცხოც კი მიხვდა, რომ ბერობა მინდა, შენ კი ჩემი არ გესმისო. მეორე დღესვე დატოვა იქაურობა და სმირნაში წავიდა, სადაც ბერძნული ენისა და საეკლესიო საგნების გარდა შეისწავლა სომხური, თურქული და ფრანგული ენები. 26 წლისა კესარიაში, ერთ მონასტერში აღიკვეცა ბერად. მას არსენი უწოდეს.

მშვიდად ყოფნა დიდხანს არ დასცალდა ბერ არსენს. მაშინ ძალზე აკლდათ მასწავლებლები, ამიტომ მიტროპოლიტმა პაისი II-მ არსენს ხელი დაასხა დიაკვნად და მშობლიურ ფარასაში გაგზავნა მასწავლებლად. დიდი მოშურნეობით შეუდგა არსენი შრომას. სკოლა თავის ოთახში მოაწყო. რუსეთ-თურქეთის ომის მერე, 1878-79 წლებში, რუსეთმა, საზავო ხელშეკრულებით, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი ბერძნული მოსახლეობა თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანა, მაგრამ მაშინაც და მით უმეტეს, ათი წლით ადრე, ბერძნები დიდად ფრთხილობდნენ, თურქები არ გაეღიზიანებინათ. ამიტომაც მამა არსენი საგულდაგულოდ მალავდა თავის სკოლას, ბავშვები ხშირად მიჰყავდა სოფლიდან მოშორებით ერთ მღვიმეში, სადაც წერა-კითხვას ასწავლიდა.

30 წლის არსენი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. ახლა უფრო გაიშალა ღირსი მამის მოღვაწეობა, მოივლიდა ქრისტიან ბერძენთა სოფლებს და განამხნევებდა თანამემამულეებს. თურქებისგან დაპყრობილ ბერძენთა უნუგეშო მდგომარეობა მხნეობასა და ძალას აძლევდა ღირს მამას. მისი ლოცვით უამრავი სასწაული ხდებოდა, ყველას უკითხავდა ლოცვებს, სნეული ქრისტიანი იქნებოდა თუ თურქი. თურქებიც გრძნობდნენ მართლმადიდებლობის უდიდეს ძალას და პატივს სცემდნენ. ერთხელ თავის მედავითნესთან ერთად რომელიღაც სოფელში იყო. იქაურმა თურქებმა ქრისტიანებთან დალაპარაკების ნება არ მისცეს. მამა არსენი დუმდა, მერე კი მედავითნეს უთხრა, წავიდეთ აქედან და თურქები თვითონ მოგვაბრუნებენ უკანო. იარეს ნახევარი საათი, გასცდნენ სოფელს. ჰაჯი-ეფენდიმ (ასე უძახდნენ თურქები მამა არსენს) მუხლი მოიდრიკა და ლოცვა დაიწყო. უეცრად მოწმენდილი ცა ღრუბლებით აივსო და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომელსაც საშინელი ქარიშხალი მოჰყვა. თურქები მაშინვე მიხვდნენ შეცდომას და ბერს ორი მხედარი დაადევნეს. ისინი მუხლებში ჩაცვივდნენ და სოფლის სახელით შენდობა ითხოვეს. მამა არსენი დაბრუნდა სოფელში, ოთხივე მხარეს გადასახა ჯვარი და წვიმაც უეცრად შეწყდა.

მაგრამ თურქებზე არანაკლებ საშიში იყვნენ ბერძენი პროტესტანტები. ერთხელ მათ თავიანთი კაცი მასწავლებლად გაგზავნეს ფარასაში. მას მამა არსენმა უთხრა: აქედან წადი, ჩვენ ერთი პროტესტანტიც გვეყოფა, თურქი, ფარასაში რომ ცხოვრობსო. რომ ვერაფერი გააწყო, ფარასელები გააფრთხილა: ვინც იმ პროტესტანტს მიესალმება, არ ცხონდებაო. ხალხისგან იზოლაციამ და ცალკე მამა არსენის საუბრებმა დააფიქრა პროტესტანტი და ისიც მამა-პაპის რწმენას დაუბრუნდა.

ილოცეთ, ბავშვებო, – არიგებდა შეგირდებს მამა არსენი და ლოცვასაც ასწავლიდა. ვინც რაიმეს შესცოდავდა, სინანულით ღვთისაგან შენდობა უნდა გამოეთხოვა. ძალიან უფრთხილდებოდა ადამიანთა სულებს. ხშირად, როცა ყრმებს ნათლავდა, მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ისეთ სახელს არქმევდა, რომლის დღესასწაული კალენ-დარში არ არსებობდა. მაგალითად, იორდანე, გეთსიმანია, იერუსალიმი. იცოდა, რომ ხშირად ანგელოზის დღის აღნიშვნა ლოთობით მთავრდებოდა, რაც ძმათა შორის ჩხუბის მიზეზი ხდებოდა. თუ რამე შეგიძლიათ, აგერ მტერი, თურქები, და მათ ებრძოლეთო, – ეტყოდა ხოლმე ახალგაზრდებს. “მისმა ასეთმა ზოგისთვის “დამაბრკოლებელმა” საქციელმა უფრო შემძრა, ვიდრე ღვთის ძალით მის მიერვე აღსრულებულმა სასწაულებმა. ცდილობდა, შესახედად ყოფილიყო მრისხანე (განსაკუთრებით დედაკაცთა მიმართ) ანდა გაუმაძღარი, რომ თავისი სული კაცთა თვალთაგან და ცარიელი ქების შესხმისგან დაეფარა”, – ამბობს მასზე მამა პაისი ათონელი. მაგრამ ბოლომდე ვერ იფარავდა ღვთის მადლს, რომლითაც იყო ავსებული.

ამ გაჭირვებულ დროში კაპადოკიის ქრისტიანებში, მუსლიმანურ ზღვაში მოქცეულ ამ პატარა კუნძულზე ექიმს სად იპოვიდი. სამაგიეროდ, ფარასელებს სხვა “ექიმი” ჰყავდათ – მამა არსენი. მასთან ყველანაირი სნეული მიჰყავდათ და მისი ლოცვით ყველა იკურნებოდა. ვისი მიყვანაც შეუძლებელი იყო, მამა არსენს ავადმყოფის ტანისამოსს უგზავნიდნენ, ის აკურთხებდა და უკანვე უბრუნებდა სნეულს. ავადმყოფი ღვთსმოშიშებით იცვამდა და იკურნებოდა. ხშირად, მათდა სანუგეშოდ, მამა არსენი რაიმე ლოცვას უგზავნიდა, რომელსაც ისინი გულზე ჩამოიკიდებდნენ ხოლმე ავგაროზად. როცა ავადმყოფობის ანდა კაცთა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად კურთხევანში სათანადო ლოცვას ვერ პოულობდა, მათ ფსალმუნებს უკითხავდა. “სახარებას” კი მხოლოდ მძიმე შემთხვევებისას უკითხავდა ავადმყოფს, ისეთებისას, როგორიცაა: სიბრმავე, სიყრუე, დამბლა ანდა ეშმაკეულობა. თუ კაცი სხეულთან ერთად სულითაც იყო სნეული, რამდენჯერმე მიჰყავდა თავისთან, ჯერ სულს უკურნავდა, მეორე კი სხეულსაც. რა თქმა უნდა, ამისთვის ფულს არასოდეს იღებდა. “ჩვენი რწმენა არ იყიდებაო”, – იტყოდა. ერთხელ ეშმაკეული თურქი ქალი მოუყვანეს განსაკურნებლად, მაგრად ჰყავდათ შეკრული, მაგრამ მაინც ვერ აკავებდნენ. მამა არსენმა მისი გათავისუფლება ბრძანა. თოკებშემოცლილი ქალი ეცა ბერს და ფეხზე უკბინა. მამა არსენს ამ დროს სახარება ჰქონდა ხელთ, არც გადაუშლია, სამჯერ მსუბუქად დაარტყა ქალს და ეშმაკი მაშინვე განვიდა. ქალის მამამ ფულით სავსე ქისა დაუდო მამა არსენს. მან უკან დაუბრუნა. ერთხელ ერთმა თურქმა ორი ვირი მოუყვანა “ფეშქაშად”, რადგან თურმე მისი ლოცვით თურქის უნაყოფო ცოლს ორი ბავშვი შეეძინა. მამა არსენმა მას მკაცრად უთხრა: შენს სოფელში ღარიბი აღარავინ არის, მე რომ მომიტანეო? მამა არსენი თავისი ლოცვით განსაკუთრებით ქალთა უნაყოფობას კურნავდა. ქალები მამა არსენს თავიანთ თავსაფრებს უგზავნიდნენ, რომელთაც ბერი აკურთხებდა, შემდეგ იხურავდნენ და წლის თავზე ბავშვებს შობდნენ. ხშირად თოკებსაც უგზავნიდნენ. ამას კი უნაყოფო ქალები წელზე ქამრად შემოირტყამდნენ და შვილიერების მადლს იძენდნენ. ხან კანდელის ძაფს სთხოვდნენ, ხან საცეცხლურის ფერფლს, რომელსაც წყალში ხსნიდნენ, ასმევდნენ ავადმყოფს და ისიც იკურნებოდა.

სხვებისთვის მოწყალე მამა არსენი შეუბრალებელი იყო საკუთარი თავის მიმართ. მიწისიატაკიანი ფარღალალა ქოხი ჰქონდა. მიწაზე გაიშლიდა თხელ საბანს და ასე ისვენებდა. ღმერთმა იცის, როდის ეძინა. ამსოფლიური შფოთით დაღლილი კვირაში ორ დღეს ჩაიკეტებოდა კელიაში და არავის იღებდა. თუ შორიდან იყვნენ მოსულნი და კარზე კაკუნით შეაწუხებდნენ, გააღებდა კარს, შეხედავდა, რა სჭირდა სნეულს, მერე კი სათანადო ლოცვას კითხულობდა მდუმარედ და სნეულიც იკურნებოდა. ფარასელებმა იცოდნენ ეს და ამ ორ დღეს მის შეწუხებას ერიდებოდნენ. მიდიოდნენ მის კელიასთან, კარის ზღურბლიდან იღებდნენ მიწას, იყრიდნენ სნეულ ადგილზე და იკურნებოდნენ. ჰაჯი-ეფენდის კელია თითქოს ამ გატანჯულ ადამიანთა სნეულებას იტოვებდა. მამა არსენს კელიაში ყოველთვის ტომარა ჰქონდა ზურგზე აკიდებული, როგორც არ უნდა დიდი კაცი სწვეოდა, არ იხსნიდა – დედაჩემის ნაჩუქარიაო, – ამბობდა. შესაძლოა მასში ნაცარიც ეყარა, რადგან მის კელიაში ხატების წინ ყოველთვის ნაცარი და ფერფლი იყო, რომელზეც სიმდაბლის ნიშნად იდგა და ასე ლოცულობდა. ხშირად თურქები, რომლებიც თავს ჰაჯი-ეფენდის ლოცვის ღირსად არ თვლიდნენ, მედავითნეს მხოლოდ ამ ნაცარს გამოართმევდნენ ხოლმე, შესვამდნენ წყალში გახსნილს და გამოჯანმრთელდებოდნენ. ერთხელ ერთმა მუსლიმანმა ქალმა ოთხშაბათ დღეს მამა არსენს თავისი ბრმა ქალიშვილი მიუყვანა. ბერმა კარი არ გაუღო. ქალმა შვილი კარწინ დატოვა, თვითონ კი სოფლის ცენტრში წავიდა. ამ დროს მამა არსენის კელიასთან ერთმა ფარასელმა ქალმა მოირბინა, რომელსაც ტკივილისაგან ხელი ჰქონდა მოკრუნჩხული. აიღო კელიის ზღურბლიდან მიწა, წაისვა ხელზე და განიკურნა. მუსლიმან გოგონასაც უთხრა: – რას უცდი, განა არ იცი, რომ ჰაჯი-ეფენდი ოთხშაბათს და პარასკევს კარს არ აღებს? აიღე მიწა ზღურბლიდან და თვალებზე წაისვიო. ქალი თავის საქმეზე წავიდა. გოგონამ ხელის ცეცებით მიაგნო ზღურბლს, აიღო მიწა, წაისვა თვალებზე და დაინახა. გახარებულმა კარზე ბრახუნი ატეხა. რომ აღარ გაჩერდა, მამა არსენმა გამოხედა და ხელით ანიშნა, რა გინდაო (ამ დღეებში მდუმარებდა). მიზეზი რომ გაიგო, აიღო სახარება, თავზე დადო, წაიკითხა და ისიც სრულიად განიკურნა. გახარებულმა ქალმა თაყვანი სცა და ფეხზე ეამბორა. მაშინ კი უთხრა ღირსმა მამამ: თაყვანისცემა თუ გინდა, მუხლი მოუდრიკე ქრისტეს, რომელმაც თვალისჩინი მოგანიჭაო.

როცა პარალიზებულ ანდა ეშმაკეულ ბავშვს განკურნავდა, ეპიტიმიას მის მშობლებს ადებდა, რომლებიც, მისი აზრით, ბავშვის სნეულების მიზეზნი იყვნენ. სხვა შემთხვევაში ეპიტიმიას თითქმის არ ადებდა ცოდვილს, სამაგიეროდ, მიჰყავდა ცოდვის შეგრძნებამდე. ერთხელ მას ერთი თურქი მოუყვანეს, რომელმაც წმინდა იოანეს წყარო შებილწა და ამის გამო კისერი მოეგრიხა. მამა არსენმა ერთი კვირა დაიტოვა და არ განკურნა. რას აჩერებ, მამაო, თურქს ამდენ ხანსო, – ჰკითხეს. სინანული რომ იგრძნოსო, – უპასუხა. ერთი კვირის შემდეგ ლოცვა წაუკითხა და კაცს თავი თავის ადგილას დაუდგა. მამა არსენმა უთხრა: შემდეგში, როცა დაინახავ რაიმე ქრისტიანულს, შორიდან თავი მოუდრიკე, წადი შენს გზაზე და არ მიეკაროო. ერთხელ კი ვინმე მუნჯი თურქი მიუყვანეს. მამა არსენმა სახარების კითხვა დაუწყო. დამთავრებული არ ჰქონდა ლოცვა, რომ მუნჯმა ენა ამოიდგა.

ღირსი მამა ყოველდღე წირავდა უსისხლო მსხვერპლს. ლოცვისას კი, როგორც ამბობდნენ, მისი გული თითქოს სხეულს შორდებოდა, ადიოდა ქრისტესთან, ფეხებზე მოეხვეოდა და მანამ არ გაუშვებდა, სანამ მის სათხოვარს არ აასრულებდა.

მამა არსენის სიტყვის ძალა მრავალჯერ უგრძნიათ. ერთხელ მას ორი შეიხი ეწვია. ღირსი მამა ყავით გაუმასპინძლდა, მათ კი თავიანთი გაკეთებული ავგაროზი შესთავაზეს. მამა არსენმა მკაცრად უთხრა: მე უფრო მეტ ძალასა ვფლობ. ქრისტეს ძალით შემიძლია ადგილზე გაგაქვაოთ და ვერ წამოდგეთო. შემდეგ ადგა და დატოვა სტუმრები. შეიხებმა ყავა დალიეს, მაგრამ წამოდგომა ვერ შეძლეს. იძულებული გახდნენ, მამა არსენისთვის დაეძახათ. ღირსმა მამამ მხოლოდ ანიშნა, წადითო. შეიხები თავისუფლად წამოდგნენ და შერცხვენილნი წავიდნენ.

ერთხელ ქურდები შევიდნენ მის კელიაში. ღირსი მამა იქვე ლოცულობდა. არაფერი უთქვამს. მათ მამა არსენის საბანი აიღეს, გასვლა მოინდომეს, მაგრამ კარი ვერ იპოვეს. მამა არსენი ადგა, ხელი მოჰკიდა ერთ მათგანს და უთხრა: აი კარი, საიდანაც ქურდები შემოდიან, მაგრამ ჯოჯოხეთში მიემგზავრებიანო.

მოხდა ასეთი რამეც: სამმა თურქმა ყაჩაღმა მამა არსენის გაძარცვა მოინდომა. ეგონათ, ბევრი ფული ექნებოდა. ოთხშაბათი დღე შეარჩიეს გასაძარცვად. ორი გარეთ დარჩა, ერთი მათგანი ფანჯრიდან შეძვრა და კელიის კარი გააღო. მამა არსენი ამ დროს ლოცულობდა. ხმაურზე მოიხედა. მისმა მზერამ შუა კარში გააქვავა ხანჯალმომარჯვებული თურქი. მამა არსენმა მშვიდად გააგრძელა ლოცვა. ამასობაში გათენდა. გარეთ დარჩენილი ყაჩაღები აღელდნენ, თვითონაც შეძვრნენ ფანჯრიდან და თავიანთი მეგობარი უცნაურ პოზაში გაშეშებული იხილეს. დაუწყეს ვედრება მამა არსენს – შეგვიწყალეო. მან ანიშნა, წადითო და ყაჩაღები შეშინებულნი გაშორდნენ იქაურობას.

ერთხელ თურქებმა დრო იხელთეს და ფარასას მაშინ დაესხნენ თავს, როცა მამაკაცები სოფელში არ იყვნენ. ათი კაციც დაატყვევეს. მათ წინ მამა არსენი გადაუდგა და ხალხის დაბრუნება მოსთხოვა. თუ არადა, ქვებად გაქცევთო. მართლაც, მისმა სიტყვამ თურქები ქანდაკებებად აქცია. მხოლოდ დატყვევებული თანამემამულეების დაბრუნების შემდეგ მოხსნა მათ “ჯაჭვები”.

სხვა “უცნაურობასთან” ერთად, ერთი რამეც სჭირდა ღირს მამას – პირუტყვზე არასოდეს ჯდებოდა. რამდენჯერმე იერუსალიმში ფეხშიშველმა იმოგზაურა.

დიდად აფასებდნენ მას პატრიარქები, ეპისკოპოსობაც კი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

1923 წელს, ლოზანის ხელშეკრულებით, თურქეთმა და საბერძნეთმა მოსახლეობა გაცვალეს: მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო იქ მცხოვრები თურქები – თურქეთში. ფარასელები ააფორიაქა ამ ახალმა ამბავმა. მამა არსენი მათ ამშვიდებდა. პირველ რიგში ყველა მოუნათლავი ბავშვი მონათლა. ამ დროს მოუნათლავთ მამა პაისი ათონელიც. მამა არსენს ყრმისთვის თავისი სახელი უწოდებია. ვიცი, რომ გინდათ მემკვიდრე დატოვოთ, – უთქვამს მისი მშობლებისთვის, – მეც მომინდა ჩემ შემდეგ ბერი დავტოვო, რომელიც ჩემს გზას გააგრძელებსო.

ნათლობის შემდეგ მთელი კვირა ეკლესიის სიწმინდეებს მარხავდა მიწაში – თურქებს რომ არ შეებილწათ. ნაწილი ეკლესიაში ჩამარხა, ნაწილი – სასაფლაოზე. მათი წაღების საშუალება არ იყო.

გადასახლება 1924 წლის 14 აგვისტოს (ძვ. სტ.) დაიწყო. 60 კილომეტრი ჰქონდათ გავლილი, როცა მამა არსენს გაახსენდა, რომ ფარასაში, ეკლესიაში, წმინდა ტრაპეზზე წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები დარჩენოდა. მარტო მიბრუნდა ფარასაში, აიღო სიწმინდე და დაეწია თავის ხალხს.

ნიგდეაში ფარასელებთან ერთად მრავალი ადგილობრივი სნეულიც ელოდებოდა. ღირსმა მამამ ისინი განკურნა და გზა გააგრძელეს. ხუთი დღის დამღლელი მგზავრობის შემდეგ დაინახეს, რომ მამა არსენს ფეხით სიარული აღარ შეეძლო, ძალით დასვეს საზიდარზე. გზაზე ყველას ანუგეშებდა. იმასაც ამბობდა: საბერძნეთში როცა მივალთ, ჩვენი სოფლის ხალხი გაიფანტება სხვადასხვა მხარეში. მე ორმოცი დღე ვიცოცხლებ და გარდავიცვლებიო. ჯვართამაღლებას მიაღწიეს საბერძნეთს. ფარასელები დროებით კუნძულ კორფუზე დააბინავეს. სამი კვირის შემდეგ მამა არსენი ავად გახდა. თანასოფლელებმა ძალით დააწვინეს საავადმყოფოში. სიკვდილის წინა დღეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ათონის მთის მონასტრები უჩვენა. უჩვენა ის კურთხეული მიწა, “საითკენაც მთელი სიცოცხლე ისწრაფოდა და ამის ღირსი ვერ შეიქნა”.

1924 წლის 10 იანვარს (ახალი სტ.) მამა არსენი გარდაიცვალა. მასთან იმ დროს ფარასელები არ იმყოფებოდნენ…

ერთხელ თურმე მამა არსენმა ფარასიდან მოშორებით, ფრიალო კლდეზე, მღვიმეში, ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერში წირა. წირვის შემდეგ ხის აივანზე გამოვიდა. უეცრად ფიცარი ჩატყდა და მამა არსენი უფსკრულში ჩავარდა. ეს შორიდან შენიშნეს გლეხებმა. ჩავიდნენ ხრამში. მამა არსენი ცოცხალი აღარ ეგონათ, მაგრამ ის უვნებელი დახვდათ: როცა უფსკრულში ვვარდებოდი, უეცრად ვიღაც ქალმა ხელი მომკიდა, ნელ-ნელა დამსვა მიწაზე და განმშორდაო. შემდეგ ხშირად ამბობდა: – როგორც ჩვილი დედის ხელებში, ისე ვგრძნობდი მაშინ თავსო. ასეთია ხვედრი ღვთისმშობლის მორჩილისა, უფლის დედა ყოველთვის შეეწევა და ხელს აღუპყრობს თავის მადლისმიერ შვილებს…

მამა პაისი ათონელს ძალიან უყვარდა თავისი დიდი თანამემამულე. 1958 წელს კორფუში მოიხილა ღირსი მამის საფლავი, გათხარა და წმინდა ნაწილები კონიცაში გადაასვენა. 1970 წელს წმინდა ნაწილები ახალაშენებულ დედათა მონასტერში დააბრძანა. როცა წმინდა ნაწილები პირველად თავის კელიაში დაასვენა და მის წინ ლოცვა დაიწყო, საღამო ხანი გახლდათ. მამა პაისიმ ვიღაცის მრისხანე ხმა გაიგონა: ეს რა ძვლებია?! შემდეგ კი რაღაც ძალა შემოეხვია და დახრჩობა მოუნდომა. მამა არსენ, მიშველე, – დაიძახა. მამა პაისიმ იგრძნო, რომ ეს ბნელი ძალა სხვა უფრო ძლიერმა ძალამ მოაშორა.

მამა პაისიმ შეაგროვა წმინდა არსენის ცხოვრების ამსახველი მასალები. 1971 წლის 21 თებერვალი იდგა. ამ დღეს ორი წმინდა თეოდორეს ხსენებაა. მამა პაისი იჯდა და ამ მასალებს კითხულობდა. მზე ჯერ არ ჩასულიყო. ამ დროს მას მამა არსენი ესტუმრა და მოეფერა: თავზე მისვამდა ხელს, როგორც მასწავლებელი ეფერება მოსწავლეს კარგად ნასწავლი გაკვეთილისთვისო. ამ სტუმრობამ მამა პაისის გული ენით აუწერელი საღმრთო სიხარულით აავსო.

1986 წლის 11 თებერვალს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მამა არსენი წმინდანად შერაცხა.

ჟურნალი „კარიბჭე“

ღირსისა იობ პოჩაეველი იღუმენისა (1651) და დიმიტრი როსტოველი მიტროპოლიტისა (1709); 
ღირსისა არსენ კაბადოკიელისა, არქიმანდრიტისა (1924)