… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ვნების შვიდეული. დიდი შაბათი
11.04.2026. მარხვა
მოწამეთა: მარკოზ არეთუსიელ ეპისკოპოსისა, კირილე დიაკონისა და სხვათა მრავალთა (დაახ. 364); ღირსისა იოანე მეუდაბნოისა (IV); წმ. ევსტათი აღმსარებელისა, ბითვინიელი ეპისკოპოსისა (IX).
დღის ლოცვები
დიდი შაბათი
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.
კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ცისკ.: ეზეკ. 37: 1-14
1. იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე. 2. შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო. 3. მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. 4. მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! 5. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. 6. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 7. ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. 8. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის 9. მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. 10. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი. 11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო. 12. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე. 13. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. 14. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი.
შედგენილი სამოციქულო: 1 კორ. 5: 6-8; გალ. 3: 13-14. მთ. 27: 62-66.
6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? 7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. 8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
გალ. 3: 13-14
13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.
მთ. 27: 62-66
62. ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე 63. და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. 64. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება. 65. უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ. 66. ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.
ლიტ. (მწუხრ.): 1) დაბ. 1: 1-13. 2) ეს. 60: 1-16. 3) გამ. 12: 1-11. 4) იონ. 1: 1-16; 2: 1-11; 3: 1-10: 4: 1-11. 5) ისუ ნავ. 5: 10-15. 6) გამ. 13: 20-22; 14: 1-31; 15: 1-19. 7) სოფ. 3: 8-15. 8) 3) მეფ. 17: 18-24, 9) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 10) დაბ. 22: 1-18. 11) ეს. 61: 1-9. 12) 4 მეფ. 4: 8-37. 13) ეს. 63: 11-19; 64: 1-5. 14) იერ. 38: 31-34. 15) დან. 3: 1-56 (57-88).
რომ. 6: 3-11 (დას. 91). მთ. 28: 1-20 (დას. 115).
ლიტ. (მწუხრ.): 1) დაბ. 1: 1-13
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე.
ლიტ. (მწუხრ.): 2) ეს. 60: 1-16
1. აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. 2. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი – ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. 3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. 4. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ. 5. მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა. 6. უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ. 7. კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ. 8. ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ? 9. რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ. 10. ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ. 11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ. 12. რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან. 13. ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა – ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო. 14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა. 15. ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში. 16. ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
ლიტ. (მწუხრ.): 3) გამ. 12: 1-11
1. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: 2. თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. 3. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე. 4. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია. 5. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. 6. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს. 7. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას. 8. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ. 9. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად. 10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით. 11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
ლიტ. (მწუხრ.): 4) იონ. 1: 1-16; 2: 1-11; 3: 1-10: 4: 1-11
1. იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: 2. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი. 3. ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო. 4. ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი. 5. შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა. 6. მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ. 7. თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას. 8. ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა? 9. მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა. 10. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა. 11. ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდესო? რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა. 12. მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს. 13. მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნდნ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ. 14. მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა. 15. აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. 16. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს.
1. მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში. 2. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან. 3. თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება. 4. როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა, 5. ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა? 6. სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, 7. მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო! 8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში. 9. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! 10. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა! 11. უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.
1. იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. 2. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი. 3. ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი. 4. იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე. 5. იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. 6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. 7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. 8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. 9. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! 10. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.
1. ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა. 2. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. 2. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. 4. უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი? 5. გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. 6. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. 7. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. 8. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. 9. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. 10. უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. 11. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია.
ლიტ. (მწუხრ.): 5) ისუ ნავ. 5: 10-15
10. იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე. 11. ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს – ხმიადები და ქუმელი – სწორედ ამ დღეს. 12. შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს. 13. ერთხელაც, როცა იერიხონთან იყო იესო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: მტერი ხარ თუ მოყვარე? 14. მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს? 15. უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასეც მოიქცა იესო.
ლიტ. (მწუხრ.): 6) გამ. 13: 20-22; 14: 1-31; 15: 1-19
20. დაიძრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს ბოლოს. 21. წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. 22. არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი.
1. ასე უთხრა უფალმა მოსეს: 2. უთხარი ისრაელიანებს, გაემართონ ფი-პეხიროთისკენ და დაიბანაკონ მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაალცაფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ. 3. იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათო ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო. 4. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ. 5. ემცნო ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონს და მის მორჩილთ ამ ხალხზე და თქვეს: ეს რა ვქენით, რომ გავათავისუფლეთ ისრაელიანები ჩვენი მორჩილებისგან? 6. შეკაზმა ფარაონმა თავისი ეტლი და იახლა თავისი ხალხი. 7. წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი და მათი მეთაურები. 8. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანებს. ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ. 9. უკან დაედევნა მათ ეგვიპტე და მიეწივნენ ფი-პახიროთთან, ბაალ-ცაფონის გასწვრივ, ზღვის პირას დაბანაკებულთ ფარაონის ეტლები, მხედრები და ჯარი. 10. მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს. 11. უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? 12. განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია? 13. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ. 14. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით. 15. უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს. 16. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში. 17. ხოლო მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან. მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე. 18. მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე. 19. დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და უკან გაჰყვა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და უკან შეუდგა მათ. 20. ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის იყო ღრუბლად და წყვდიადად ეგვიპტელთათვის, ისრაელს კი ღამეს უნათებდა. მთელი ღამის მანძილზე არ მიახლოვებიან ერთმანეთს. 21. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი. 22. მშრალად შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ. 23. დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები. 24. დაჰხედა დილის სახმილავზე უფალმა ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან ეგვიპტელთა ბანაკს და არივ-დარია ეგვიპტელთა ბანაკი. 25. დააძრო ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: გავერიდოთ ისრაელს, რადგან მისი გულისთვის ებრძვის უფალი ეგვიპტელებს. 26. უთხრა უფალმა მოსეს: დააღირე ზღვას ხელი და მიიქცევა წყალი ეგვიპტელებისკენ, მათი ეტლებისა და მხედრობისკენ. 27. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და განთიადამდე მიიქცა ზღვა თავის ადგილას. უკან მიბრუნებული ეგვიპტელები მიაწყდნენ ზღვას და ჩაყარა ისინი უფალმა შუაგულ ზღვაში. 28. მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები დ ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა. 29. ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ. 30. იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის ნაპირზე. 31. იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.
1. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. 2. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ. 3. მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი. 4. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში. 5. მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში. 6. შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს. 7. შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ. 8. შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში. 9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი. 10. სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში. 11. ვინ არის შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი? 12. მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი. 13. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში. 14. გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი. 15. მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი. 16. დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი. 17. შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ! 18. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე! 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
ლიტ. (მწუხრ.): 7) სოფ. 3: 8-15
8. ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. 9. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. 10. ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს. 11. იმ დღეს აღარ შეირცხვენ თავს შენი საქციელით, რითაც მცოდავდი, რადგან მაშინ მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რომ აღარ იამაყო ჩემს წმიდა მთაზე. 12. დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. 13. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი. 14. გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! 15. აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ.
ლიტ. (მწუხრ.): 8) 3) მეფ. 17: 18-24
18. უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ? 19. უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. 20. შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ? 21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში. 22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი. 23. აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი. 24. უთხრა ქალმა ელიას: ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და რომ ჭეშმარიტებაა შენს ბაგეებში უფლის სიტყვა.
ლიტ. (მწუხრ.): 9) ეს. 61: 10-11; 62: 1-5
10. ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით. 11. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე.
1. სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა. 2. დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს – და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ. 3. იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში. 4. აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას – დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება. 5. როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.
ლიტ. (მწუხრ.): 10) დაბ. 22: 1-18
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. 3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა. 4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. 5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. 6. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად. 7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? 8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. 9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ. 10. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. 11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ. 12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ – მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. 13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. 14. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა. 15. მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან 16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, 17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; 18. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
ლიტ. (მწუხრ.): 11) ეს. 61: 1-9
1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. 2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა; 3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები – საუფლო ნერგი, რომ იდიდონ. 4. ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ. 5. დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. 6. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე. 7. სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ. 8. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ. 9. განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია.
ლიტ. (მწუხრ.): 12) 4 მეფ. 4: 8-37
8. ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. 9. უთხრა ქალმა თავის ქმარს: ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი, ჩვენთან რომ დადის ხოლმე მუდამ. 10. მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს. 11. ერთ დღესაც გამოიარა მათთან, შევიდა ზემოთვალში და დაწვა. 12. უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: დაუძახე ამ შუნამელ ქალს. მანაც დაუძახა და ეახლა ქალი. 13. უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: უთხარი მაგას: აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე. რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს? მიუგო: ჩემიანებში ვცხოვრობ. 14. თქვა: მაინც რა გავუკეთო? თქვა გეხაზიმ: ჰო, მართლა, შვილი არა ჰყავს, ქმარი კი მოხუცია. 15. უთხრა: დაუძახე. დაუძახა და კართან დადგა ქალი. 16. უთხრა: გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი. თქვა ქალმა: არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მორჩილს. 17. დაორსულდა ის ქალი და წლის სწორს შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს. 18. გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან. 19. უთხრა მამას: ვაი! ვაი, თავი! უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: დედას წაუყვანე! 20. წაიყვანა და მიუყვანა დედას; იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა. 21. ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი. კარი გამოიკეტა და გარეთ გამოვიდა. 22. დაუძახა ქმარს და უთხრა: გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი. ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოვბრუნდები. 23. უთხრა: რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი. მიუგო: მშვიდად იყავი. 24. შეკაზმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: წინ წაუძეღი და იარე. გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანე. 25. გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: აგერ, ის შუნამელი ქალი. 26. აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: როგორ ხარ-თქო, როგორ არის-თქო შენი ქმარი, როგორ გყავს-თქო შვილი. მიუგო ქალმა: კარგად. 27. მივიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ გაერიდებინა მისგან, მაგრამ უთხრა ღვთისკაცმა: თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის. 28. თქვა ქალმა: მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისთვის? ხომ ვთქვი, ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი. 29. უთხრა გეხაზის: სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის არ მიესალმო; თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე. სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი. 30. თქვა ყმაწვილის დედამ: უფალს და შენს თავს გეფიცები, რომ არ დაგტოვებ. ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს. 31. მათზე წინ მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს. არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: არ იღვიძებს ბავშვი. 32. შევიდა სახლში ელისე და, აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. 33. შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. 34. ზემოდან დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. 35. ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოთ. შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი. 36. დაუძახა გეხაზის და უთხრა: დაუძახე იმ შუნამელს. მანაც დაუძახა. მოვიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: წაიყვანე შენი შვილი. 37. მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა; მერე აიყვანა თავისი შვილი და გავიდა.
ლიტ. (მწუხრ.): 13) ეს. 63: 11-19; 64: 1-5
11. მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში, 12. წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად? 13. მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით? 14. ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად. 15. გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემს მიმართ. 16. შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან. 17. რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის! 18. მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდათი. 19. ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი!
1. ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები. 2. როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე. 3. უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს. 4. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით? 5. ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.
ლიტ. (მწუხრ.): 14) იერ. 38: 31-34
ლიტ. (მწუხრ.): 15) დან. 3: 1-56 (57-88)
1. გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთის სიმაღლისა და ექვსი წყრთის სიგანისა. დურას ველზე, ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი. 2. ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის კურთხევაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 3. მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის კურთხევაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 4. მაშინ მაწვევარმა ომახიანად დაიძახა: ხალხნო, ტომებო და ენანო! თქვენ გებრძანებათ! 5. როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 6. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. 7. ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხმა გაიგონა საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა სამუსიკო საკრავის ხმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა დაემხო და თაყვანი სცა ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. 8. ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება. 9. უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! 10. მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებდა, უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი; 11. ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ცეცხლით გახურებულ ღუმელში უნდა ჩაგდებულიყო. 12. მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე – შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს ხალხი არ ემორჩილება შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს არ ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე. 13. მაშინ ბრაზითა და რისხვით ანთებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები. 14. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე? 15. ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე: მაგრამ თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან? 16. შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! 18. ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი. 19. მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო; შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ. 20. უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. 21. მაშინ ეს კაცები, თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. 22. რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. 23. ხოლო ეს სამნი – შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ. 24. [*] მიმოდიოდნენ ისინი შუაგულ ცეცხლში, უგალობდნენ ღმერთს და აკურთხებდნენ უფალს. 25. წამოიმართა ყაზარია, ილოცა შუა ცეცხლში, გახსნა პირი და წარმოთქვა: 26. კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებულია სახელი შენი უკუნისამდე. 27. რადგან ყველაფერში მართალი ხარ, რაც კი რამ ჩვენთვის გაგიკეთებია; ჭეშმარიტია ყოველი შენი საქმე, სწორია შენი გზები, ჭეშმარიტია შენი სამართალნი; 28. შენ ყველაფერში ჭეშმარიტი სამართალნი აღასრულე ჩვენზე და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქზე – იერუსალიმზე, რადგან ჭეშმარიტებისა და სამართლის მიხედვით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო; 29. რადგან ცოდვა ჩავიდინეთ და უკანონოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს; 30. არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა. 31. ყველაფერი, რაც კი ჩვენ შეგვამთხვიე და ყველაფერი, რაც გვიყავი, ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით მოგვიზღე; 32. ჩაგვყარე ურჯულო მტრების, უბილწეს განდგომილთა, უსამართლო და მთელს ქვეყანაზე უბოროტესი მეფის ხელში. 33. და ახლა აღარ შეგვიძლია პირის გახსნა; შენს მორჩილთათვის და შენს თაყვანისმცემელთათვის სამარცხვინო და საცინლად ასაგდებნი შევიქენით. 34. მაგრამ საბოლოოდ ნუ დაგვკარგავ შენი სახელის გულისთვის, რათა შენი აღთქმა არ დაირღვეს. 35. ნუ წაგვართმევ შენს მოწყალებას იმ აბრაამის გულისთვის, შენ რომ შეიყვარე, შენი მორჩილის, ისაკის გულისთვის და ისრაელის, შენი წმიდის გულისთვის; 36. რომელთაც უთხარი, ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით რომ გაამრავლებდი მათ თესლს. 37. უფალო, ჩვენ დავმდაბლდით ყველა ხალხზე მეტად და ახლა დამცირებულნი ვართ მთელს ქვეყანაზე ჩვენი ცოდვების გამო. 38. აღარა გვყავს ამჟამად აღარც მთავარი, აღარც წინასწარმეტყველი, აღარც წინამძღოლი, აღარც აღსავლენი გვაქვს, აღარც მსხვერპლები, აღარც საძღვნები, აღარც საკმეველი და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ და შენი წყალობა მოვიპოვოთ. 39. მაგრამ შემუსვრილი გულითა და მოთრგუნული სულით ისევე ვიქნებით შეწყნარებულნი, როგორც კრავებისა და ხარების აღსავლენით, როგორც ათასი პოხილი ცხვრით. 40. ეს იყოს ჩვენი მსხვერპლი შენს წინაშე სადღეისოდ, რათა წყალობა ვპოვოთ შენს თვალში, რადგან არ შერცხვებიან შენი მოიმედენი. 41. ახლა ჩვენ მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და დავეძებთ შენს სახეს; ნუ შეგვარცხვენ, 42. არამედ მოგვექეცი შენი კაცთმოყვარეობისამებრ შენი უხვი მოწყალებისამებრ. 43. გვიხსენი შენი სასწაულებით და მიეცი დიდება შენს სახელს, უფალო. 44. დაე, შერცხვნენ ყველანი, ვინც შენს მორჩილებს ბოროტებას უკეთებენ; შერცხვნენ მთელი თავიანთი ძლიერებით და შეიმუსროს მათი ძალა. 45. დაე, შეიგნონ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი ღმერთი, განდიდებული მთელს ქვეყნიერებაზე. 46. მეფის მსახურები კი, რომლებმაც ჩაყარეს ისინი, განუწყვეტლივ უკეთებდნენ ღუმელში ნავთს, კუპრს, ძენძსა და ფიჩხს. 47. ღუმელის ზემოთ ალი ორმოცდაცხრა წყრთაზე ადიოდა. 48. შიგ ვარდებოდა ყველა და იბუგებოდა, ვინც კი ქალდეველთაგან მოხვდებოდა ღუმელის გვერდით. 49. მაგრამ უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ღუმელში ყაზარიასთან და მასთან მყოფებთან ერთად და ღუმელიდან გამოდევნა ცეცხლის ალი. 50. ისე გააკეთა, რომ ხმაურიანი და ნესტიანი ქარივით უბერავდა შუაგულ ღუმელში, ამიტომ ცეცხლი ვერ მიეკარა მათ, ვერც ავნო და ვერც შეაშინა ისინი. 51. მაშინ ამ სამმა იგალობეს, ადიდეს და აკურთხეს ღმერთი ღუმლის წიაღში: 52. კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმიდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე! 53. კურთხეული ხარ შენი დიდების წმიდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 54. კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარევ, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 55. კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 56. კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!
რომ. 6: 3-11. მთ. 28: 1-20
3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? 4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. 5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, 6. რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. 7. რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. 8. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. 9. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. 10. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. 11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად – ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.
1. ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად. 2. და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.3. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი – სპეტაკი, როგორც თოვლი. 4. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ. 5. მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. 6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. 7. დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ. 8. ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის. 9. და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. 10. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ. 11. და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა. 12. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს 13. და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი. 14. და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით. 15. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე. 16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
დიდი შაბათი

ცისკარზე მღვდელმსახურები “წმიდაო ღმერთოს” გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლას იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება “მშვენიერმან იოსებ…”“შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა”.
“რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა”.
იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.
დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არაა იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.
ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.
მცირე შესავლისა და “ნათელი მხიარულის” გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.
სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.
საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარებს იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.
სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ “ღირს არსის” ნაცვლად იგალობება “ნუ მტირ მე, დედაო…”.
წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას “მოციქულთა საქმეების” კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.
ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.
ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება. აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: “უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან” (იოანე 16,12).
“აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ”.