…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული.
მოციქულთა იასონისა და სოსიპატრესი 70-თაგანთა, კერკირა ქალწულისა და სხვათა, მათ თანა წამებულთა (I); მოწამეთა: დადასი, მაქსიმესი და კვინტილიანესი (286); მოწამეთა: სატორნისა, იაკისქოლესი, ფავსტიანესი, იანვარისა, მარსალისა, ევფრასისა, მამიასი, მურინესი, ზენონისა, ევსევისა, ნეონისა და ვიტალისა (63).
დღის ლოცვები
მოციქულთა: იასონ და სოსიპატრესი, კერკირა ქალწულისა და სხვათა კონდაკი:
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 12: 12-17 (დას. 30). ინ. 8: 42-51 (დას. 32).
საქმ. 12: 12-17
12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13. როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. 14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. 15. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო. 16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. 17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.
ინ. 8: 42-51
42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 44. თქვენ მამათქვენის – ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (I)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.აქ მათ ააგეს წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი და ბევრი წარმართი მონათლეს. როცა კუნძულის მმართველმა შეიტყო, დაატყვევა ისინი და ჩასვა საკანში, სადაც 7 ავაზაკი იჯდა: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია და მამია, მოციქულებმა ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქციეს. ავაზაკყოფილები მოწამეობრივად აღესრულნენ – ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს.
მათი წამების მხილველმა ციხის დარაჯმა ირწმუნა ქრისტე და თავი მაცხოვრის მიმდევრად აღიარა. ამისთვის მას მარცხენა ხელი მოჰკვეთეს, შემდეგ ორივე ფეხი და ბოლოს თავი. მმართველის ბრძანებით მოციქულები კვლავ ცემეს და საკანში ჩაკეტეს.
როცა მმართველის ასულმა ქალწულმა კერკირამ გაიგო მოწამეთა ტანჯვის შესახებ, მანაც ქრისტიანად გამოაცხადა თავი და მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა. გაცოფებული მმართველი შეეცადა ქალიშვილის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ. გაბოროტებულმა მამამ საშინელი სასჯელი მოიფიქრა შვილისთვის: მისი ბრძანებით წმიდა კერკირა საკანში ჩააგდეს და მასთან შეუშვეს ავაზაკი მურინი. როცა ავაზაკი საკანის კარს მიუახლოვდა, დათვი დაეცა თავს. წმიდა კერკირამ ხმაური გაიგონა და მხეცი ქრისტეს სახელით განდევნა, შემდეგ ლოცვით განკურნა მურინის ჭრილობები. წმიდანმა ქრისტეს სჯული აუხსნა ავაზაკს, რის შემდეგაც წმიდა მურინიც მოწამეობრივად აღესრულა.
ბოროტისაგან გონებადაბნელებულმა მამამ ცეცხლს მისცა მთელი ციხე, მაგრამ ქალწული მაინც ცოცხალი გადარჩა, შემდეგ მამისვე ბრძანებით ხეზე დაკიდეს წმიდა კერკირა, გაგუდეს და ისრებით დაასახიჩრეს ქალწულმოწამის ნატანჯი სხეული.
მისი სიკვდილის შემდეგ მმართველმა გადაწყვიტა, ამოეწყვიტა ქრისტეს აღმსარებლები. წმიდა იასონისა და სისოპატრეს მოქცეული მოწამეები: ზენონი, ევსევი, ნეონი და ვიტალი კოცონზე დაწვეს.
კუნძულ კერკირაზე მცხოვრები ქრისტიანები მეზობელ კუნძულზე გაიქცნენ. მმართველი მეომრებთან ერთად გამოუდგა მათ, მაგრამ ზღვაში დაიხრჩო. მისმა შემცვლელმა მმართველმა ბრძანა, მოციქულები ადუღებულ ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ როცა უვნებელი წმიდანები იხილა, ცრემლებით შეჰღაღადა უფალს: „ღმერთო იასონისა და სოსიპატრესო, შემიწყალე“.
გათავისუფლებულმა მოციქულებმა მმართველი მონათლეს და უწოდეს სებასტიანე. მისი დახმარებით წმიდა იასონმა და სოსიპატრემ კუნძულზე რამდენიმე ეკლესია ააშენეს და მხურვალე ქადაგებით გაამრავლეს ქრისტეს სამწყსო.
მოწამენი: დადა, მაქსიმე და კვინტილიანე (286)
წმიდა მოწამენი დადა, მაქსიმე და კვინტილიანე (+286) აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს.იმპერატორის ბრძანებით, მისმა თანაშემწეებმა ტრაკვინიუსმა და გავინიუსმა ქალაქ დოროსპოლში მდიდრული წარმართული ზეიმი მოაწყვეს, სადაც მრავალმა ხალხმა მოიყარა თავი ცრუ-ღმერთების თაყვანსაცემად. როცა ზეიმი დამთავრდა, იმპერატორს მოახსენეს, რომ სამმა ძმამ – დადამ, მაქსიმემ და კვინტილიანემ, მისი განკარგულების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა არ მიიღო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში.
მმართველებმა დაკითხეს ძმები. ტარკვინიუსმა წმიდა მაქსიმეს ზევსის ქურუმობა შესთავაზა. წმიდანმა კი ზევსს ბილწი მემრუშე უწოდა და კვლავ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.
მაშინ ტარკვინიუსი წმიდა დადას და კვინტილიანესთან ერთად ციხეში ჩაამწყვდიეს. შუაღამისას, როცა წმიდანებმა დაიძინეს, მათ ეშმაკი გამოეცხადა, გამოღვიძებულებმა კი ანგელოზი იხილეს, რომელმაც გაამხნევა აღმსარებლები.
რამდენიმე დღის წამების შემდეგ წმიდა მოწამეები მახვილით განგმირეს (+286).