11.07.2026. მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

11.07.2026. მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?                                                                                                                                                             (1.კორ. 4: 7).

      …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43)

      …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

    გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

შაბათი. ხსნილი თევზით 

მოწამეთა უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა კვიროს და იოანესი (აღმოყ. წმ. ნაწ.) (412); ღირსისა პავლე მკურნალისა; ღმრთისმშობლის ხატისა „სამხელიანი“ (VIII).

დღის ლოცვები 

აღმოყვანება ნაწილთა უვერცხლოთა მოწამეთა კვიროს და იოანესი

ტროპარი: საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყვარემან.

კონდაკი: საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომელად საკვირველთმოქმედებით ყოველთა ვნებათა ჩუენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 (დას. 153). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
რიგ.: რომ. 9: 1-5 (დას. 100). მთ. 9: 18-26 (დას. 32).

უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 

27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. 

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

უვერცხ.: მთ. 10: 1, 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

რიგ.: რომ. 9: 1-5 

1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ, 2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; 3. ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, 4. რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. 5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

რიგ.: მთ. 9: 18-26 

18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება. 19. წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას. 20. და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას. 21. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო. 22. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს. 23. შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო; 24. და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. 25. და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა. 26. და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს. 

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ტრიქერუსა ანუ სამხელიანი (VIII) ) 
ათონის წმინდა მთაზე, ქილანდარის სერბულ მონასტერში დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ტრიქერუსა (სამხელიანი) ეწოდება. ეს წმინდა ხატი ხილული დასტურია მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და უფლის დედის დიდი სიყვარულისა და მოწყალებისა კაცთა მოდგმისადმი. ამ ხატის ისტორია დაკავშირებულია უდიდესი წმინდანის, იოანე დამასკელის ცხოვრებასთან.
ღირსი იოანე დამასკელი დაიბადა VII საუკუნეში სირიის დედაქალაქ დამასკოში, არაბი ქრისტიანის ოჯახში. იოანეს წარჩინებული და კეთილმსახური მშობლები ჰყავდა. მამა – სერგი მანსური დამასკოს მსაჯული და მთავარი ლოგოფეტი, ანუ ხაზინადარი იყო; იოანეს გარდა სერგი მანსურს შვილობილიც ჰყავდა – ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოსმა (შემდგომში ის საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა). ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოსმა, რომელიც მეკობრეებმა იტალიიდან, კერძოდ, კალაბრიიდან მოიტაცეს. არაბების ტყვეობიდან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა.
რამდენიმე წლის შემდეგ სერგი მანსურიც გარდაიცვალა. ხალიფამ იოანეს მოუწოდა თავისთან და შესთავაზა, ჩემი პირველი მრჩეველი იყავიო. იოანემ უარი უთხრა, მაგრამ ხალიფამ აიძულა, დათანხმებოდა და დამასკოში მშობელ მამაზე მეტი ძალაუფლება მოიპოვა.
ამ დროს ეკლესიას მოულოდნელად თავს დაატყდა ახალი ერესი – ხატმებრძოლობა, რამაც თითქმის ერთი საუკუნე იბობოქრა და აღმოსავლეთ საქრისტიანოში უდიდესი არეულობა გამოიწვია. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროება მოჰყვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ.
აღმოსავლეთს ხატთა თაყვანისცემის უძლიერეს დამცველად იოანე დამასკელი მოევლინა. როგორც კი დამასკომდე მიაღწია ცნობამ ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ იმპერატორის ბრძოლის შესახებ, იოანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიას მისწერა რამდენიმე ეპისტოლე, სადაც დიდი შემართებით დაიცვა ქრისტიანთა უფლება – გამოესახათ განხორციელებული ქრისტე, თაყვანი ეცათ მაცხოვრისა და მისი წმინდანების გამოსახულებებისთვის. მისმა ეპისტოლეებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოღვაწეებზე და გაამხნევა მართლმადიდებლები. იმპერატორმა ლეონმა ვერ აიტანა თავისი უკეთურობის საჯარო მხილება და გადაწყვიტა ცილისწამებით შური ეძია იოანეზე. მან მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას – წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს – იოანე მზადაა, ჩააბაროს იმპერატორს ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დაეხმაროსო. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.
როცა ხალიფამ წერილები წაიკითხა, იოანეს მოუხმო და უჩვენა ის ცრუ წერილი, რომელიც ვითომცდა მას მიეწერა ლეონ მეფისათვის. იოანემ წაიკითხა წერილი, ყურადღებით დააკვირდა და თქვა:
– ამ გრაგნილზე დაწერილი ასოები რამდენადმე ჰგავს ჩემს ხელწერას, მაგრამ მე არ დამიწერია ეს, რადგან არასდროს აზრადაც არ მომსვლია წერილის მიწერა ბერძენი მეფისათვის. არ ეგების, რომ მე მზაკვრობით ვემსახურებოდე ჩემს ბატონს!..
განრისხებულმა ხალიფამ არ შეისმინა იოანეს ვედრება და წმინდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნოდ გამოფინეს.
თვით იოანე კი, ტკივილისა და სისხლის დაკარგვისაგან დაუძლურებული მისსავე სახლში წაიყვანეს. საღამოთი, როცა შეიტყო, სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალაო, ნეტარმა მეგობრების მეშვეობით სთხოვა ხალიფას მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს:
– დედუფალო ჩვენო, ყოვლადწმინდაო დედაო, რომელმაც შობე ღმერთი ჩემი! აი, ჩემი მარჯვენა მოკვეთილია ღვთაებრივ ხატთა დაცვისათვის! შენ უწყი, რამაც განარისხა მეფე ლეონი. მაშ, ისწრაფე და განმიმრთელე მარჯვენა! უზენაესის მარჯვენა, რომელიც შენგან ხორციელ-იქმნა, შენი ლოცვით და მეოხმყოფელობით მრავალ სასწაულთ აღასრულებს. ამიტომ მეც გევედრები, რომ ჩემი ხელიც განკურნოს შენი მეოხებით. ჰოი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო! დაე, ამ მარჯვენამ მხოლოდ ის დაწეროს, რის ნებასაც შენ დართავ სადიდებლად შენისა და შენი ძისა, და დაე, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებას შეეწიოს იგი თავისი ნაწერებით! შენ ყოველივე ძალგიძს, თუკი ისურვებ, რამეთუ დედა ხარ ღვთისა!..
ამას და კიდევ მრავალს იტყოდა იოანე ცრემლებით, და ამ მხურვალე ლოცვისას მიერულა და ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელიც ხატიდან ნათელი, მოწყალე თვალებით შემოსცქეროდა და ეუბნებოდა:
– ხელი შენი აწ განმრთელებულია! დანარჩენზე ნუ იურვი! გულმოდგინედ იშრომე, როგორც მე აღმითქვი! მალიად მწერლის კალმად აქციე შენი მარჯვენა!
გამოღვიძებულმა იოანემ ხელი მოისინჯა, დახედა და სრულიად განმრთელებული იხილა! მხოლოდ მოკვეთის ხაზი ეტყობოდა. იგი უდიდესი სიხარულით აღივსო ღმერთის ამ სასწაულის გამო, რომელიც უფალმა და მაცხოვარმა ყოვლადწმინდა მარადის ქალწულის – თავისი დედის მარიამის მეოხებით აღასრულა მასზე.
ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა შესაფერისი დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას მხურვალე ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც სურდა წყალობით გამოესყიდა იოანეს მიმართ ჩადენილი უსამართლობა, მან მაინც დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოსმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ სამოღვაწეოდ საბაწმინდის ლავრაში დამკვიდრდა.
ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, რომლის წინაშე ლოცვისას წმინდა იოანეს ხელი გაუმთელდა, მუდამ მასთან იყო. მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა, გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიქერუსა (სამხელა) ეწოდა.
წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ ხატი ლავრაში დარჩა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმ. საბა; ლავრის ძმობამ უფლის დედის სურვილით, ტრიქერუსა მას გადასცა და ხატი სერბეთში გადაასვენეს.
XVI საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთის მოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს, თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ, სად წავიდოდა იგი.
სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ქილანდარის მონასტერს მიადგა. ბერებმა წმინდა ხატი საკრებულო ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.
რამდენიმე წლის შემდეგ მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა, ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. ძმების ნაწილს ერთი უნდოდათ, იღუმენად, მეორე ნაწილს კი მეორე. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ძმათა შორის წარმოშობილი დავა შეწყვიტა. ერთ დილით, როცა ქილანდარელი ბერები ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიხერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, მაგრამ მეორე დილით კვლავ იღუმენის ადგილზე ნახეს დასვენებული. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაშინ ერთ დაყუდებულ წმინდა ბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმებს მისი ხატი საკურთხეველში აღარ გადაებრძანებინათ, რადგან მას გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.
მას მერე, ქილანდარის მონასტერში იღუმენს არ ირჩევენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ. ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.
ათონზე არსებული წესით, ბერმონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ, როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ.
სტატიის ავტორი: ჟურნალის რედაქცია

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი (412)
წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს (385-412) სურდა, განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ (412-44) აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
ცნობები წმიდანების შესახებ 31 იანვრის საკითხავშია მოთავსებული. 
ღირსი პავლე მკურნალი
ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. იგი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა.
ერთხელ ღირს მამას, შურით აღბორგებული დემონის შეგონებით, ქალმა ცილი დასწამა. მან მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი პავლე მონაზვნისაგან შემეძინაო. ბერმა თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება, თავი არ იმართლა და საკუთარ ძედ მიიღო ჩვილი. როცა წმიდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: „ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!“ ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოსთქვა: „ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!“ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. ამ დროიდან მოყოლებული ღირსმა პავლემ სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. წმიდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.