…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (ლკ. 4: 1-15).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.
11.10.2026 ხსნილი
დღესასწაული ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატისა (XII)
ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (დაახ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში დავანებულთა.
დღის ლოცვები
ღირსი ხარიტონ აღმსარებლის კონდაკი:
იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ, გამოსჩნდი სარწმუნოებითა აღორძინებულად და, ვითარცა სამოთხისა ხე ცხორებისა, აღყვავენ, ხარიტონ ღირსო, მამაო ყოვლადსამღვდელო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრი (ღირ. ხარიტ.) – სიბრ. 5: 15-6: 3
15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,
მწუხრი (ღირ. ხარიტ.) – სიბრ. 3: 1-9
1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
მწუხრი (ღირ. ხარიტ.) – სიბრ. 4: 7-15
7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.
ცისკარი – ინ. 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
ლიტურგია (რიგ.) – 2 კორ. 12: 1-9
1. სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები. 2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; 3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), 4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს. 5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა? 6. ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის. 7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა. 8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი. 9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
ლიტურგია (ღირ. ხარიტ.) – 2 კორ. 4: 6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ლიტურგია (რიგ.) – ლკ. 5: 1-11
1. ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა, 2. დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ. 3. შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. 4. ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო. 5. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს. 6. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ. 7. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ. 8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. 9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ; 10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები. 11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
ლიტურგია (ღირ. ხარ.) – ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი) – პალიასტომისა
“ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით. . . ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ”. . .
საინტერესოა მე-17 საუკუნის მოსკოველი ელჩების ა. იევლევისა და ტოლოჩანოვის აღწერილობანი. ა. იევლევი 1651 წელს ბაგრატის ტაძრის დათვალიერებისას ეხება რა ტაძარში წარმოდგენილ ღვთისმშობლის ხატს, წერს: “ამ ხატის შესახებ საკრებულო საყდრის ხუცესმა, მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა და მისმა შვილებმა სეხნიამ და სიმონმა გვიამბეს:
– წინათ ეს ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდაო და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებულიო, იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილაო. სილიბისტრო, თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. თითქოს, სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო და მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერაო. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადაო და იგივე აუწყაო, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო.
მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამეო. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლადო. მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგიო, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. და როცა მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლადო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენაო.
კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდესი ხატის ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანაო. მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსაო. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, იმ ყოვლადწმინდა ხატის მახლობლად, მათი მოდგმა გამუდმებით ცხოვრობსო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ის ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილიო, დავით მეფის შვილიშვილის დროსო” (ა. იევლევის 1650-1652 წ.წ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოც. ი. ცინცაძისა; 1968წ. გვ. 139)
ამ უკანასკნელთაც დიდი დაინტერესება გამოუჩენიათ და დაწვრილებით ჩაუწერიათ. ელჩი ამით არ დაკმაყოფილდა და გადმოცემის შინაარსის დადასტურებაც მოუწადინებია. ა. იევლევს ზაქარია მიტროპოლიტისთვის უკითხავს, მართალს ამბობენ თუ არა ხუცები ამ ხატის შესახებო? იმ ხატმა ასეთი სასწაული მართლა აჩვენა და გურიიდან პალიასტომის ციხე-ქალაქის ჩაძირვის შემდეგ ჰაერით გამოვიდა და თავისი უწმინდესი სახე ნამდვილად დაიცვა? ზაქარია მიტროპოლიტმა ა. იევლევს დაუდასტურა, რომ წიგნში ჭეშმარიტად ისეა მოთხრობილი სასწაულმოქმედების შესახებ, როგორც გიამბესო (იქვე გვ. 140). ჩვენ არ ვიცით, რომელ წიგნზე მიუთითებს ზაქარია ქვარიანი, მაგრამ ჩანს, ასეთი წიგნი მართლაც არსებობდა, რომელშიც მოთხრობილი იყო “ღვთისმშობლის” ხატის სასწაულმოქმედების შესახებ.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ პალიასტომის ტბის გაჩენის შესახებ პირველი ცნობა არც მე-18 საუკუნეში ყოფილა ფიქსირებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და არც მოსკოველი ელჩი ა. იევლევი ჩაითვლება მის პირველ ჩამწერად, რომელიც 1651 წ. იყო ქუთაისში. ზაქარია ქვარიანის პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ გადმოცემა ადრე ყოფილა ჩაწერილი. ა. იევლევი წერს, რომ ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროსო. ე.ი. გიორგი მესამის დროს (მე-12 ს.-ში), რომელიც დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.
გვეწეოდეს პალიასტომის სასწაულმოქმედი ღვთისმშობელი!
სტატიის წყარო:http://www.kutais-gaenati.ge/paliastomi.html
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი ბარუქი (VI ს. ქრისტემდე)
წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის (ხს. 1 მაისს) განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი (IV)
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა ადგილებში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა მარკოზ მწყემსი პისიდიის ანტიოქიის მიდამოებში შეიპყრეს. ოცდაათი მეომარი, რომელთაც მოწამე დაატუსაღეს, მისი ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, რის გამოც მათ ნიკეაში თავები მოკვეთეს, წმიდა მარკოზი კი საწამებლად გადასცეს.წამების იარაღების დასამზადებლად მოუწოდეს სამ მჭედელ ძმას სოფელ კატალიტიდან (კალატიდან): ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს. მათ აშკარად არ გამოუდიოდათ საქმე, ხან ხელები გაუშეშდათ რაღაც ძალით, ხან რკინა დადნა და გატყდა, ბოლოს ზეციდან გაისმა ხმა და ძმებს წმიდა მარკოზთან ერთად სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდა. მათაც ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს გამლღვალი კალა ჩაასხეს ყელში და წამებით ამოხადეს სული, მარკოზს კი კლავდიოპოლში თავი მოჰკვეთეს. როცა მარკოზის თავი არტემიდეს ტაძარში შეაბრძანეს, ყველა კერპი ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. ამ სასწაულის მოწმეებმა, ნიკონმა, ნეონმა, ილიოდორემ, ქალწულებმა და ყრმებმა, ირწმუნეს ქრისტე, ხმამაღლა განაცხადეს თავისი სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი (+დაახლ. 350)
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი“, ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი“ წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა“ და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.
ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა. ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა ახალი, იერიქონის სავანე, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი, სუკიის ეგრეთ წოდებული „ძველი ლავრა“.
დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.
ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმიდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.
კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი (+935)
კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი, წმიდა ლუდმილას (ხს. 16 სექტემბერს) შვილიშვილი, ნეტარი დიდედის ხელით აღიზარდა. წმიდანი თვრამეტი წლისა იყო, როცა ქვეყნის გამგებლობა დაეკისრა. მიუხედავად სიჭაბუკისა, იგი ბრძნულად და სამართლიანად აღასრულებდა მძიმე მოვალეობას და გულმოდგინედ იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ნეტარი ვიაჩესლავი ღრმა განსწავლულობით გამოირჩეოდა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. იგი აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს, მოწიწებით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. მოღალატე დიდებულებმა, სხვა ვარაუდით კი – გერმანულ-კათოლიკურმა პარტიამ წმიდა მთავრის წინააღმდეგ მისი ძმა, ბოლესლავი აღძრა. ბოლესლავმა ტაძრის კურთხევაზე მიიწვია ვიაჩესლავი, მეორე დღეს კი, საცისკრო ლოცვაზე დასასწრებად მიმავალი, ეკლესიის ზღურბლზე მოღალატურად მოაკვლევინა. წმიდანის უხრწნელი ნაწილები პრაღაში, მის მიერვე აგებულ წმიდა ვიტეს ტაძარში განისვენებს (+935).