…თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით (მთ. 10: 5). 28. …მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში. 25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით (ლკ. 6: 25-26).
…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული
11.11.2026. ოთხშაბათი. მარხვა
ღირსისა მამისა ჩვენისა სერაპიონ ზარზმელისა (900); ღირსმოწამისა ანასტასია რომაელისა (III); ღირსისა აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარისა მარიამისა, ძმისწულისა მისისა (დაახ. 360); მოწამეთა: კლავდიოსისა, ასტერიოსისა, ნეონისა და დისა მათისა თეონილასი (285); ღირსისა ანასი (826).
დღის ლოცვები
ქალწულებისა წყლითა განიწმიდე, ღირსო, და წამებისა სისხლითა გვირგვინოსან-იქმენ, ანასტასია, და მისცემ ჭირთა შინა მყოფთა სენთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი მოგიხდებიან გულითა, რამეთუ მოგცა შენ ქრისტემან ძალი, რომელი აღმოაცენებს მადლსა, მარადის მომდინარესა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 4:1-12; ლიტურგია (ღირ.) – გალატელთა მიმართ 5:22-6:2; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 11:9-13; ლიტურგია (ღირ.) – მათეს სახარება 11:27-30
ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 4: 1-12
1. ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა – როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით. 2. რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან. 3. ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას, 4. და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით. 5. და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს; 6. რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის. 7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა. 8. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა. 9. ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, 10. და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი; 11. გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ, 12. რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.
ლიტ. (ღირ.) – გალ. 5: 22-6:2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 11: 9-13
9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, 10. რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. 11. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? 12. ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? 13. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?
ლიტ. (ღირ.) – მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით – იმპერატორ დეკიუსის (249-251), სხვა წყაროს მოწმობით კი – ვალერიანეს (253-260) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა ერთმა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობოსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ანასტასია. ქრისტეს ტარიგი, რომელსაც თავისმა გამზრდელმა და მოძღვარმა მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა, მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს. პრობოსმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბლველობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადაბირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო: „ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული – იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ დაიწყო ღვთის რჩეულის სასტიკი ტანჯვა: მარტვილის არაადამიანური წამებისა და აბუჩად აგდების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, ქალაქის თავი იძულებული გახადა, შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმიდის შეურაცხყოფა: ზეგარდამო მინიშნებით წმინდა ანასტასიას აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია მოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა. ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
ღირსი აბრაამ დაყუდებული, ასურელი მოღვაწე, IV საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ერთ უკაცრიელ ქოხში დაეყუდა. და მკაცრ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. როცა მშობლები გარდაეცვალა, უფლის რჩეულმა მისი კუთვნილი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა.რამდენიმე ხნის შემდეგ ედესის ეპისკოპოსისა და სამღვდელოების თხოვნით მან ხუცესის ხარისხი მიიღო და ერთ-ერთ წარმართულ სოფელში დაიწყო მოღვაწეობა. სამი წელი დაუცხრომლად იღვწოდა წმიდა მამა კერპთმსახურთა განსანათლებლად, მოთმინებით იტანდა მათგან ყოველგვარ ლანძღვა-გინებასა და გვემას: ერთხელ უღმერთოებმა სასიკვდილოდ ნაცემი მოღვაწე მახლობელ ტყეში უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადარჩა. ყოვლადსახიერმა უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ერთგულ მსახურს – მისი ღვაწლი წარმატებით დაგვირგვინდა: წარმართებმა ირწმუნეს ქრისტე და ნეტარი აბრაამის ხელით მოინათლნენ. ამის შემდეგ ღირსი მამა კვლავ ძველ სამოღვაწეო ადგილს დაუბრუნდა. უსაზღვრო იყო წმიდანის თავშეკავება – მის მთელ ქონებას შეადგენდა: ქიტონი და ჯვალო, რომელიც ემოსა, ჯამი, რომლითაც საზრდელს ღებულობდა და ჭილობი, რომელზეც ეძინა. წმიდანი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა სულიერი სრულყოფის საფეხურებზე. მისი ახოვნებით სირცხვილეულ-ქმნილი ბოროტი ცდილობდა, ამპარტავნების ვნებით დაეთრგუნა ღვთის სათნომყოფლის სული. ერთხელ, შუაღამით, როცა ღირსი აბრაამი თავის სენაკში ლოცულობდა, უეცრად იქაურობა ნათლით გაბრწყინდა და გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ნეტარ ხარ, როგორც არავინ კაცთა შორის“. წმიდანმა გულისხმაყო მტრის მანქანება და თქვა: „მე – ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი უფლის შეწევნასა და მადლს ვსასოებ და შენი არ მეშინია“.
წმიდანთან მრავალი ადამიანი მიდიოდა სულიერი რჩევა-დარიგების მისაღებად. დაუცხრომელი ღვაწლისთვის მას უფალმა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. უკვე მოხუცი ღირსი აბრაამი მიცვალებამდე თხუთმეტი წლით ადრე მეორეჯერ, ამჟამად მცირე ხნით, გამოვიდა დაყუდებიდან – წრფელ გზას გადამცდარი თავისი ძმისწულის, მარიამის გადასარჩენად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მოსაგრე ცხოვრების შემდეგ სამოცდაათ წელს მიღწეული უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 360 წელს. უამრავი ხალხი შეიკრიბა მის დაკრძალვაზე. „კაცად-კაცადი მიეახლებოდა მოსწრაფებითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთა, და მოიტაცებდეს სამოსლისა მისისაგან ფესუსა და რავდენთა სნეულთა შეახებდეს ფესუსა მას, განიკურნებოდეს“.
წმიდა აბრაამ დაყუდებულის ცხოვრების შესახებ ცნობები შემოგვინახა მისმა თანამედროვემ და სულიერმა მეგობარმა, ღირსმა ეფრემ ასურმა (ხს. 28 იანვარს).
ღირსი მარიამი, აბრაამ დაყუდებულის ძმისწული, შვიდი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს. წმიდა მამამ „ბრძანა ყოფაჲ მისი გარეშესა მას სახლსა“. სენაკის მცირე სარკმლიდან შეასწავლა ღირსმა აბრაამმა მარიამს „დავითნი და სხუანი წიგნნი“. უბიწო ასული ბიძასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარებდა, გალობდა „და ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა“. აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებსა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, „რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა“. „აღბორგდა ეშმაკი მის ზედა“. ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმიდა ქალწულის ცთუნება – მარიამმა გააღო სარკმელი, დატოვა ოთახი და „შეიგინა მის თანა მწჳრითა მით ურჩულოებისაჲთა“. ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ასული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ძმისწულის დაკარგვა რომ შეიტყო, აბრაამი მწარედ ატირდა და გულმოდგინედ ევედრა უფალს, დაეცვა იგი „პირისაგან ვეშაპისა“. ორი წლის შემდეგ წმიდა მამამ მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმიდანმა მოითხოვა მარიამი „ქალი ქმნულ-კეთილი“. „მოუწოდე მას, რაჲთა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათჳს ვეტრფიალე მას“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ „პირი მისი აღივსო ცრემლითა“, მაგრამ თავი შეიკავა, „რაჲთა არა ცნას და ივლტოდეს“. მაშინ ნეტარმა მამამ, „რომელმან ერგასისთა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოჲ არა იხილა და არცა ყოველთავე ღჳნისა. ჴორცი ჭამა და ღჳნოჲ სუა, რაჲთა იჴსნეს სული წარწყმედული“. ტრაპეზთან განცხრომის შემდეგ, როცა მარიამმა ოთახის კარი ჩაკეტა, სარეცელზე ჩამომჯდარმა ღირსმა აბრაამმა თავისთან მოუხმო მას, მაგრა ჩასჭიდა ხელი, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ კი ქუდი მოიხადა, გამოემცნაურა სულიერ შვილს და გოდებით უთხრა: „შვილო ჩემო, მარიამ, ვერ მიცანა? მე ვარ მამის ძმაჲ შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ, რომელმან განგზარდე შენ! რაჲ ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ? სადა არს ხატი იგი შენი ანგელოზებრი, რომელი გემოსა შენ?. რაჲსათჳს არა მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელსა ჩუენისა ეფრემის თანა. რაჲსათჳს ესე საქმჱ ჰქმენ? რაჲსათჳს ესრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო?“ შემდეგ კი შეუნანებელ ცოდვილთათვის განმზადებული ჯოჯოხეთის სატანჯველები და მონანულთა მიმართ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალება მოაგონა დაცემულს. მარიამს ეს რომ ესმა, „იქმნა ვითარცა ქვაჲ უსულოჲ ჴელთა შინა მისთა შიშისაგან და სირცხჳლისა“. აბრაამმა დასძინა: „არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყჳა, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათჳს, შვილო ჩემო“, და შუაღამემდე ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. ბოლოს მარიამმა თქვა: „უკუეთუ უწყი, ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნაროს ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევნეს მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა, მოვალ, შეუვრდები და ვჰლოცავ შენსა სიწმიდესა და ჰამბორს უყოფ ფერჴთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთჳს და მოხუედ აქა, რაჲთა გამომიყვანო მე მწჳრისა ამისგან არაწმიდებისა“. მან თავი წმიდანის ფეხებთან დადო და, სინანულითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე, მთელი ღამე ტიროდა. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა წმიდა მარიამი შიდა სენაკში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა სანაკში დამკვიდრდა. „მიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულ-თქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღჳძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომლად“. ფიცხელი ღვაწლისთვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა.
ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა და „გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთს დღჱ და ღამჱ“. როცა უფალმა წმიდა დედის სულიც შეივედრა, „პირი მისი. გაბრწყინდა, ვითარცა მზე“.
ღირსი ანა (+826)
ღირსი ანა ევფიმიანეს სახელით მოღვაწეობდა მამათა ერთ-ერთ სავანეში ოლიმპოს მახლობლად. ცნობები მის შესახებ იხილეთ 13 ივნისის საკითხავებში. ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)
წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“.სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.
სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა – „უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა.
ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.
ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“.
იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.
ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში – იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.
ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი“.
ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“.
რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა“.
წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.
წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა“.
