11.12.2025. 27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

11.12.2025. 27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     … სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

11.12.2025. ხსნილი თევზით

ღირსისა მოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა, ხატთა თაყვანისცემისათვის წამებულისა (767); მოწამეთა ირინარხესი და წმიდათა 7-თა დედათა (508): მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და სხვათა მრავალთა (VIII).

დღის ლოცვები

ღირსმოწამისა და აღმსარებლისა სტეფანე ახლის

ტროპარი: მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა, და მრჩობლნი გვირგვინნი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო სტეფანე, მარადის სახსენებელო.

კონდაკი: სამებისა მიმართ ტრფიალსა საღმრთოსა სტეფანეს ვაქებდეთ, მორწმუნენო, დღესასწაულის მოყუარენო, და გალობით შევასხმიდეთ, რამეთუ პატივს სცემდა ბრწყინვალესა ხატსა ქრისტეს მეუფისასა და მშობელისა მისისასა, და აწ ერთ-ხმობით სურვილით უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.

სხვა კონდაკი: უნაყოფოსაგან ძირისა აღმოსცენდი, ღირსო რტო, მოსახელე პირველმოწამისა და მონაზონთა წინამძღუარად გამოსჩნდი, მამაო წმიდაო, და მეფისა გულისწყრომაი არად შერაცხე, რომელსა არა ენება ქრისტეს ხატისა თაყუანისცემაი; ამისთვის აღესრულე მოწამეთა გვირგვინითა შემკული, მოწამეო სტეფანე.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 ტიმ. 6: 17-21 (დას. 289). ლკ. 20: 9-18 (დას. 100).
ღირ.მოწ.: 2 ტიმ. 1: 8-18 (დას. 291). მთ.10: 23-31 (დას. 37).

ლიტ.: 1 ტიმ. 6: 17-21 

17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ; 18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი, 19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს. 20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას, 21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.

ლიტ.: ლკ. 20: 9-18 

9. და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა. 10. როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს. 11. ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. 12. და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი. 13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო. 14. მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო. 15. ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი? 16. მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას! 17. იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 18. ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.

ღირ.მოწ.: 2 ტიმ. 1: 8-18 

8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში, 10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; 11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, 12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. 13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. 14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. 15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. 16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. 17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.

ღირ.მოწ.: მთ.10: 23-31 

23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. 24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. 25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის – როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. 31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.
იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. ამაქვეყნის ძლიერთაგან დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ სენაკებში და თავისი ახოვანი და ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმიდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს მოძღვარმა, ნეტარმა იოანემ სული უფალს შეჰვედრა. დამწუხრებულმა წმიდანმა მისი პატიოსანი ცხედარი კრძალვით მიაბარა მიწას, თავად კი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. მალე ღირს მამას მიაშურეს ბერებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმიდა სტეფანე გახდა. ორმოცდაორ წელს მიღწეულმა სტეფანემ თავისი სავანე დატოვა და განკრძალულ ადგილას მცირე სენაკში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შეიკრიბა საძმო.
საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) – მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან. კოპრონიმის ძალისხმევით მწყემსმთავრის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კონსტანტინეს გარდა ეკლესიის ყველა წინამძღვარმა უარი განაცხადა ამ კრების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ შემოკრებილნი თავს მაინც მსოფლიო კრებას უწოდებდნენ. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.
ამასობაში წმიდა სტეფანეს სავანისა და მისი იღუმენის შესახებ დედაქალაქშიც შეიტყვეს. იმპერატორი განსაკუთრებით გაააფთრა იმან, რომ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე მიხვდა, რომ მის ხატმბრძოლურ მისწრაფებებს იღუმენ სტეფანეს სახით ძლიერი და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ხმა წმიდა სტეფანესა და მისი ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს განამტკიცებდა.
იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.
უსჯულო იმპერატორმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც უკვე ხატების თაყვანისცემისთვის მსჯავრდადებული სამასორმოცდაორი ბერი იყო გამომწყვდეული. წმიდანმა თვრამეტი თვე დაჰყო სატუსაღოში. იგი ნუგეშს სცემდა თანაპრყობილებს, მათთან ერთად ლოცულობდა და ხშირად გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.
როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, თავისი ორი უსაყვარლესი მსახური – ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა უფლის სათნომყოფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე რომ იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა, მეფეს მოახსენეს, ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა – თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და ისინი წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. გონდაკარგული უსჯულოები მაინც არ დაცხრნენ: ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმიდანის ტვინი სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ ორმოში ჩააგდეს, სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა, სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა.
წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ჟამს აღესრულნენ. სასტიკი წამების შემდეგ უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის სტეფანე ახალთან ერთად იტანჯებოდნენ საპყრობილეში. ნეტარი მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს (+768).