115. იესო ქრისტეს პასუხი ფარისევლების შეკითხვაზე ღვთის სასუფევლის მოსვლის შესახებ

იორდანეს გადაღმა მიდამოები

30 წელი

მთ.

მკ.

ლკ. 17

20. ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაჲ? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით; 21. არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს. 22. და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული-გითქუმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ. 23. და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს,  ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ. 24. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა. 25. ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან. 26. და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა: 27. ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი. 28. და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს; 29. და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი. 30. ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს. 31. მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე-მოიქცევინ კუალად. 32. მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი. 33. რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი. 34. გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს. 35. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. 36. [ორნი იყვნეს ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს]. 37. და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.

20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; 21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. 22. და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. 23. გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით. 24. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს. 25. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ. 26. და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც. 27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას. 28. ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;  29. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას. 38. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა. 31. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები – სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან. 32. გაიხსენეთ ლოტის ცოლი. 33. რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას. 34. გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 35. ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 36. ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 37. და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.

ინ.