119. სინედრიონის განაჩენი და კაიაფას რჩევა; იესო ქრისტეს წასვლა ეფრაიმში

იერუსალიმი, ეფრაიმი

მთ.

მკ.

ლკ.

ინ. 11

47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? 48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. 49. ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, 50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. 51. ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. 52. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად. 53. მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი. 54. ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თჳსით.

47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. 48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. 49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ 50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. 51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. 52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. 53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. 54. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად.     (შემდ. 11:55; 12:1; # 129)