12.01.2026. სულთმოფენობიდან მე-32 შვიდეული. ორშაბათი

12.01.2026. სულთმოფენობიდან მე-32 შვიდეული. ორშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

12.01.2026. მსგეფსი

მოწამისა ანისია ქალწულისა (285-305); მღვდელმოწამისა ზოტიკე ხუცისა, ობოლთა მწყალობელისა (IV); მოციქულისა ტიმონასი, 70-თაგანისა (I); მოწამისა ფილეტერ ნიკომიდიელისა (311);წმ. ეგვინ ვუსტერელი (+ 717); ღირსისა თეოდორა კესარიელისა (VIII); ღირსისა თეოდორა კონსტანტინოპოლელისა (940); მოწამე გედეონ ათონელი (+ 1818).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ. (რიგ.) იაკ.: 2: 14-26
ლიტ. (რიგ.) მარკ.: 12:13-17

ლიტ. (რიგ.) იაკ.: 2: 14-26

14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი? 15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, 16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? 17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. 18. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. 19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. 20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? 21. განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა? 22. ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. 23. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. 24. როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. 25. განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ? 26. ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.

ლიტ. (რიგ.) მარკ.: 12:13-17

13. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. 14. მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? 15. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. 16. მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. 17. იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. და უკვირდათ მისი.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოციქული ტიმონი იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს. შემდგომში იგი არაბეთის ქალაქ ბოსტორის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ ხარისხში ნეტარმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა (იხ. 28 ივლისის საკითხავი).
წმიდა მოწამე ანისია ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-311) ზეობისას. მშობლებმა – კეთილმსახურმა და დიდგვაროვანმა ქრისტიანებმა – იგი ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. მათი გარდაცვალების შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.
იმ ხანებში იმპერატორმა მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლო, მოეკლა ქრისტიანი და მის ქონებას დაპატრონებოდა. ერთხელ, როცა ანისია ტაძარში მიდიოდა ლოცვაზე, იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა. გააფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშვლა და წმიდა მოწამე იქვე განგმირა. ქრისტიანებმა წმიდა მოწამე ქალაქის კარიბჭის მახლობლად დაკრძალეს, მის საფლავზე კი სამლოცველო სახლი ააგეს.
წმიდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი ორჯერ ეწამა ქრისტესთვის: დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მეფობაში. დიოკლეტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობის დროს მაღალი და პირმშვენიერი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს. იმპერატორი მოიხიბლა ნეტარის გარეგნობით და იგი წარმართულ ღვთაებას შეადარა. როცა მოწამეს ხარისხი და წარმომავლობა ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეპარქის ძე ვარ, სარწმუნოებით – ქრისტიანი და ქრისტიანებთან ვცხოვრობ“. იმპერატორი ლიქნით ეცადა მის გადაბირებას და ქრისტე ღმერთი აუგად მოიხსენია, რაზეც წმიდანმა მიუგო: „დაიყოს პირი ყოველთა, მეფე იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც გაკადნიერდება, გმოს ჩემი ქრისტე“. ამ სიტყვების შემდეგ უფლის რჩეული გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლეტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინა და გაათავისუფლა იგი.
იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილეტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაევალათ, ვერ შეძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმიდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.
ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმიდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.
გზაში მათ გამოეგება წმიდა ებიოტი, რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის. წმიდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტის სენაკში. ფილეტერი აქვე გარდაიცვალა (+311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას. თერთმეტი დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათი წმიდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.
ღირსი თეოდორა კესარიელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანის მშობლები – პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა დიდხანს უნაყოფონი იყვნენ. ამის გამო ძალიან წუხდნენ და უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს, ზეცისა და ქვეყნის მეუფემ წყალობის თვალით გადმოხედა კეთილმსახურ ცოლ-ქმარს და უბოძა ასული, რომელსაც თეოდორა დაარქვეს. როცა ქალწული წამოიზარდა, დედამ იგი წმიდა ანას სავანეში მიიყვანა და იღუმენიას ჩააბარა აღსაზრდელად. ნეტარმა სწორედ აქ შეისწავლა საღვთო წერილი. ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (716-741) გადაწყვიტა, ქალწული თეოდორა ერთ-ერთი თავისი ახლობლისთვის მიეთხოვებინა. იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის. მაგრამ საქორწილო ნადიმის დროს სკვითები დაესხნენ თავს დედაქალაქს და მტერთან საბრძოლველად გაგზავნილი თეოდორას საქმრო პირველივე შეტაკებაში დაიღუპა.
წმიდა დედამ ისარგებლა საყოველთაო არეულობით, ყველასთვის შეუმჩნევლად დაიმალა, ხომალდზე ავიდა და თავის სავანეს მიაშურა. როცა ნეტარს მეფის მოხელემ მოაკითხა, იგი უკვე მონაზვნად აღკვეცილი დახვდა. წმიდა თეოდორასთვის ამის შემდეგ არავის დაუძალებია მონასტრიდან წასვლა. მან მკაცრი მარხვის, ლოცვისა და ღამისთევის ღვაწლში გალია სიცოცხლის დარჩენილი წლები, სიკვდილამდე რკინის ჯაჭვებს ატარებდა. უფლის რჩეული მიიცვალა არა უგვიანეს 755 წლისა.
ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქვრივი თავდაპირველად გლახაკთა და მწირთა მსახურებით ცდილობდა, სათნოჰყოფოდა ღმერთს, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა და მისსავე სახლში, განკრძალულ სენაკში დამკვიდრებული ღირსი ვასილი ახლის (ხს. 26 მარტს) ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. წმიდა დედა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 940 წელს.