12.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ხუთშაბათი

12.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ხუთშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 12.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.

ხუთშაბათი. მარხვა

ღირსისა პროკოფი აღმსარებელისა, დეკაპოლელისა (დაახ. 750); ღირსისა თალალე სირიელისა (დაახ. 460); ახალმოწამისა ილია ტრაპეზუნტელისა (1749).

დღის ლოცვები

 

ღირსი პროკოპი აღმსარებელის, დეკაპოლელის კონდაკი:
ნათელ ცისკროვნად მთიებად მოგიგო დღეს ეკლესიამან, განაქარვენ რა ყოველნი ბოროტმადიდებელთა ზრახვანი, ვინაცა გევედრებით ხსენებისა შენისა აღმასრულებელნი: დაგვიფარენ, ზეცისა მესაიდუმლეო დიდებულო პროკოპი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

VI ჟამზე: ეს. 11: 10-12: 2

10. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი. 11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს. 12. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას. 13. გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს. 14. მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან. 15. ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს. 16. გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა. 

1. შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. 2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.

მწუხრზე: დაბ. 7: 11-8: 3. იგავ. 10: 1-22 

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, – ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები. 12. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. 13. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი – ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი. 14. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. 15. შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. 16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა. 17. ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ. 18. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. 19. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში. 20. თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები. 21. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი. 22. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. 23. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე – ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. 24. მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.

1. იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია. 2. ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის. 3. უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს. 4. ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. 5. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია. 6. მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე. 7. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება. 8. გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება. 9. უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება. 10. თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება. 11. მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე. 12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. 13. გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი. 14. ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან. 15. მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი – მათი სიღატაკე. 16. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა. 17. შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება. 18. სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია. 19. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია. 20. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა. 21. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან. 22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

ღირსი თალალე V საუკუნეში ცხოვრობდა. წარმოშობით იგი კილიკიიდან (მცირე აზია) იყო, ბერად იგი საბა განწმენდილის ლავრაში აღეკვეცა და იქვე ეკურთხა მღვდლად. მოგვიანებით, სირიაში გადახვეწილმა მამამ ქალაქ ჰავალის მახლობლად მიტოვებული, აკლდამებით გარშემორტყმული სამსხვერპლო იპოვა და იქ დაემკვიდრა კარავში. აქაურობას ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან შიგ დაბუდებული ბოროტი სულები აფრთხობდნენ და მრავალ ბოროტებას შეამთხვევდნენ მგზავრებს. აი, ამგვარ ადგილას დაეყუდა ღირსი თალალე და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა. ეშმაკები საშინელი ღრიანცელითა თუ ამაზრზენი ჩვენებებით დიდხანს ცდილობდნენ მის შეშფოთებას, მაგრამ ღირსმა მამამ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა, საბოლოოდ დათრგუნა და  თავიდან მოიშორა აბეზარი მტერი. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ისეთი ვიწრო ქოხი აიშენა, რომ თავდახრილი ძლივს მოძრაობდა და აქ იცხოვრა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.
უფალმა წმიდანს საკვირველთქმედების ნიჭი მიმადლა. მის მიერ აღსრულებული სასწაულები მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. გაქრისტიანებული წარმართების მეშვეობით ღირსმა მამამ დაარღვია სამსხვერპლო, მის ადგილზე ტაძარი ააშენა და შიგ ყოველდღიური მსახურება განაწესა. წმიდა თალალე გარდაიცვალა დაახლოებით 460 წელს, ღრმა მოხუცებულობაში. იოანე მოსხის (+622) „ლიმონარში“ ღირს მამაზე ნათქვამია, 60 წელი იყო მონაზონი თალალე კილიკიელი და არასოდეს შეუწყვეტია ცრემლთა ღვრა, ამბობდა: ეს დრო ღმერთმა სინანულისათვის მოგვცა, ძმებო, და თუ მას დავკარგავთ, მკაცრად დავისჯებით.

 

ღირსი ასკლიპი და იაკობი, სირიელი მოღვაწეები, V საუკუნეში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ ცნობებს გვაწვდის ნეტარი თეოდორიტე, კვიპრელი ეპისკოპოსი. ღირსი ასკლიპი მშობლიურ სოფელშივე ეწეოდა მკაცრ მოღვაწეობას. წმიდა მამას მრავალი მოწაფე და მიმბაძველი ჰყავდა. ერთი მათგანი იყო ნეტარი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზის მახლობლად მცირე ქოხში გამოიკეტა და თავისი 90-წლოვანი სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა კელიიდან. მნახველებს წმიდანი პასუხობდა ვიწრო ჭრილიდან, რომელიც ირიბად იყო კედელში დატანებული, ისე, რომ არავის შესძლებოდა მისი დანახვა.
ღირსმა სტეფანემ, იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ყოფილმა კარისკაცმა, დატოვა სამსახური, არმატიაში (კონსტანტინეპოლი) დავრდომილთა თავშესაფრები დაარსა და მთლიანად უცხოთშეწყნარებისათვის გადადო თავი. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 61 წლის ასაკში.
ღირსი პროკოპი დეკაპოლელი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის (მკ.7,31) ოლქში მოღვაწეობდა. წმიდა პროკოპი თავის თანამოსაგრესთან, წმიდა ბასილისთან (ხს. 28 თებერვალს) და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად ახოვნად აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ბრძანებით, იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმიდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაანთავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმიდა მამამ მშვიდობით გალია; მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 750 წელს.