…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული.
წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); 300-თა მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა მოწამეთა ქრისტეს სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათში (დღევანდელი თურქეთი) მუსლიმთაგან მოწყვედილთა (XVII-XVIII); ცხრათა კვიზიკელთა მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასისა და ფილიმონისა (286-299); ღირსისა მემნონ საკვირველთმოქმედისა; მოწამეთა დიოდორესი და როდოპიანე დიაკონთა (284- 305); იოანე კალოკტენისა თებეს მიტროპოლიტისა (XII).
დღის ლოცვები
ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა – საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა
ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, თუ მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რაითა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღმრთისმეტყუელსა და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 4: 18-23 (დას. 9).
ლიტ.: საქმ. 12: 25-13: 12 (დას. 31). ინ. 8: 51-59. (დას. 33).
მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ინ. 1: 35-51 (დას. 4).
ცისკ.: მთ. 4: 18-23
18. და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 19. და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 20. მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 21. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ. 22. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას. 23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
ლიტ.: საქმ. 12: 25-13: 12
25. თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.
1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე. 2. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. 3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს. 4. ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს. 5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას. 6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს, 7. რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. 8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული. 9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას 10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? 11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. 12. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
ლიტ.: ინ. 8: 51-59
51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. 52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. 53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? 54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. 55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. 56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. 57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? 58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. 59. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
მოც.: 1 კორ. 4: 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მოც.: ინ. 1: 35-51
35. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად. 36. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა. 37. ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. 38. ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ? 39. უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი. 40. ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო, 41. რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე); 42. და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე). 43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. 44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე. 45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი. 46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. 47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. 48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. 49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. 50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ. 51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III)
წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.
324 წელს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337, ხს. 21 მაისს). ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანებმა გათხარეს წმიდათა სამარხი, ამოასვენეს 9 მოწამის უხრწნელი გვამი და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში.
წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკონნი (III-IV)
წმიდა მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკვნები (III-IV) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს კარიის აფროდისიაში. წარმართთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის ისინი ქვებით ჩაქოლეს.დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII)
ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი, ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ, რომმაც გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს „შეაფარეს“ თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერება. ძალად გამუსულმანებულმა ქართველებმა შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ და საქართველოს სიყვარული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მცხოვრები ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1600-1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსულმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზე დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავები და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს. დუდიკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.
ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათის (სამღვდელოთა) მთა უწოდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 2003 წლის 18 სექტემბრის წმიდა სინოდის სხდომამ აღნიშნული მასალების საფუძველზე განაჩინა XVII-XVIII საუკუნეებში „პაპათისა“ და „დუდიკვათას“ გორაზე მოწყვეტილი მართლმადიდებელნი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისთვის წამებული ყოველი ლაზი შერაცხილ იქნან წმიდანად და ეწოდოთ მათ სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვეთსა და პაპათში მოწყვეტილნი წმიდა ლაზი მოწამენი.
წმინდა მამა ბასილი, წოდებული ოსტროგელად
წმინდა მამა ბასილი, წოდებული ოსტროგელად, დაიბადა ხუმის მიწაზე ( დღევანდელი ჰერცეგოვინა ), რომელსაც წმინდა საბა ათონის მთაზე წასვლამდე განაგებდა (* წმინდა საბა იყო სერბეთის სამეფოს პირველი მეფის, სტეფანე ნემანიას შვილი და ზახუმის მიწის გამგებელი, ერობაში რასტკო ნემანიჩი ,რომელმაც უარი თქვა სამეფო გვირგვინზე და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ბერად აღიკვეცა. წმინდა საბა აღიარებულია სერბების განმანათლებლად,XIII საუკუნე, თუმცა ქრისტიანობა სერბეთში უფრო ბევრად ადრინდელი პერიოდიდან იწყება. წმინდა საბას მოხსენიების დღეა ახალი სტილით 27 იანვარი , თვით მამა ბასილი ოსტროგელის მოხსენიების დღე კი ახალი სტილით 12 მაისია). ათონის მთიდან დაბრუნებულმა წმინდა საბამ აღადგინა სერბეთის სამთავარეპისკოპოსო, დაარსა ზახუმის საეპისკოპოსო, რომელსაც შემდგომში როგორც მიტროპოლიტი, წმინდა მამა ბასილი მართავდა.გავეცნოთ წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრებას.
წმინდა ბასილი ოსტროგელი დაიბადა 1610 წლის 28 დეკემბერს ჰერცეგოვინის სოფელ მრკონიჩში (Мркоњић у Поповом Пољу ). მისი მშობლები, მამა პეტრე იოვანოვიჩი და დედა ანასტასია, იყვნენ ხვთისმოშიშნი,სათნო და კეთილი მორწმუნე მართლმადიდებელნი. წმინდა ბასილს მშობლებმა ნათლობისას სტოიანი დაარქვეს. ყრმობიდანვე ასწავლეს ღვთის და მოყვასის სიყვარული, ყოველი საქმის სიყვარულით კეთება და საღვთო სიბრძნე.
პატარა სტოიანი ადრიდანვე გამოოირჩეოდა გონების სისხარტითა და სიჭკვიანით, სიმშვიდით, მდუმარებით, სულით კი მთლიანად უფლისკენ მიბრუნებული და ღვთისმოსავი იყო. ბავშვობიდან მარხულობდა,ლოცულობდა, ესწრებოდა ეკლესიაში ღვთისმსახურებას.
სტოიანის ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა, მაგრამ სტოიანი იმ პატარა პურის ნაჭერსაც კი მარტოდ არ შეექცეოდა,არამედ სხვებს უნაწილებდა. ცხვრების მწყემსვისას სხვა მწყემსებს მუდამ ეპატიჟებოდა ისედაც მცირედზე.
მშობლებმა პატარა სტოიანი მწიგნობრობისთვის ახლოში მდებარე ზავალის მონასტერში მიაბარეს, რომლის იღუმენიც სტოიანის ბიძა იყო. ეს მონასტერი ჰერცეგოვინაში განთქმული იყო საძმოს სიმრავლით და განსწავლული ბერებით. სტოიანმა იქ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი და წმინდა მამათა სიბრძნე, ასევე საერო მეცნიერებანი. მან აქვე გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო.
ზავალის მონასტრიდან გარკვეული ხნის შემდეგ ღირსი მამა გადავიდა ტვრდოშში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, ამავე მონასტერში იყო მაშინდელი ტრებინის ეპარქიის რეზიდენცია.
მორჩილებაში ცხოვრებამ სტოიანს საბოლოოდ გადააწყვეტინა მონაზონი გამხდარიყო. მთელ დროს ის ლოცვასა და მარხვაში ატარებდა,ასევე ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა. მალევე სტოიანი ბერად აღკვეცეს და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ სამონაზნო სახელი ბასილი ეწოდა .
ღირსი მამა ბასილი ტვრდოშის მონასტრიდან ჩერნოგორიის მაშინდელმა ცეტინის (Цетиње) მიტროპოლიტმა მარდარიამ თავის რეზიდენციაში გადაიყვანა, სადაც მან აგრეთვე რამდენიმე წელიწადი დაჰყო.
იმ დროისათვის მართლმადიდებლური სერბეთის დასავლეთში გაძლიერდა ლათინთა პროპაგანდა. რომიდან გამოგზავნილ იქნენ იეზუიტები, გამოეყენებინათ რა თურქთა მონობის უღლით გამოწვეული სერბი ხალხის გაჭირვება. ისინი ცდილობდნენ მართლმადიდებელი სერბები რომის პაპის ძალაუფლების ქვეშ მოექციათ, ეზიარებოდნენ რა ლათინთა ერესს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ბასილი შეეცადა მიტროპოლიტის ყურადღება მიეპყრო და დროზე ეშველა მათი სამწყოსათვის, მაგრამ მიტროპოლიტმა ღირსი მამის მცდელობა ყურადღების გარეშე დატოვა. წმინდა მამა თავისი ქადაგებებითა და საკუთარ ხალხზე ლოცვით, მართლმადიდებლობის უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული ეცდებოდა რამდენადაც შეეძლო დაეცვა თავისი მრევლი რომის ვერაგული ჩანაფიქრისაგან. აგრეთვე უშიშრად ამხელდა უნიის (* იგულისხმება ავსტრია-უნგრეთის უნია) ხრიკებს.
მიტროპოლიტთან უსიამოვნების აცილების მიზნით მამა ბასილი თავის ძველ ტვრდოშის მონასტერს დაუბრუნდა და თავისი ერის რწმენის დასაცავად მოღვაწეობას იქიდან აგრძელებდა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს დაეცვა მართლმადიდებელი მრევლი ბოროტისაგან, თურქთა უკანონობისა და მათ მიერ განადგურებისაგან დაეხსნა ხალხი. ღირსი მამა გამოდიოდა ხალხში და ნუგეშს სცემდა მათ, მოუწოდებდა დათმენისაკენ, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ამის გამო თურქებმა მას რაიების ღვთისმლოცველი (“рајин богомољец”) უწოდეს (* თურქი ჯარისკაცები სერბ მოსახლეობას რაიებს ეძახდნენ).
ზემოთხსენებულის გამო მამა ბასილის ბევრი მტერიც გაუჩნდა,გათურქებული მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა მოეკლათ ღირსი მამა. კეთილი ხალხის რჩევით, რათა მისი სიცოცხლის საფრთხე გაუვნებელყოფილიყო და კიდევ შეძლებოდა ეღვაწა ერის წინაშე, სთხოვეს ღირს მამას გასცლოდა სერბეთს. მამა ბასილი დაემორჩილა ხალხის სურვილს და რუსეთს გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე წელი გაატარა.
რუსეთიდან დაბრუნებულმა მამა ბასილიმ თან ჩამოიტანა ბევრი სხვადასხვა საღვრთო თუ საერო წიგნი, ასევე გარკვეული თანხა, რათა მის გაჭირვებულ მრევლს დახმარებოდა. განაახლა ასევე რამდენიმე მიტოვებული თუ თურქთა მიერ დანგრეული ტაძარი, დაარსა სახალხო სკოლები ტვრდოშის და სხვა ეპარქიებში.
კვლავ არ ასვენებდნენ ღირს მამას მტრები თავიანთი ბოროტებით. თურქებსა და გათურქებულთ ახლა ლათინთა აგენტებიც მიემატათ . კვლავ იძულებული გახდა მამა ბასილი დაეტოვებინა თავისი სამშობლო . ამჯერად მან ათონის წმინდა მთაზე გადახვეწა გადაწყვიტა. მანამდე იგი ეახლა პეჩის პატრიარქს პაისიას ( 1614-1647 წწ. ), მოუთხრო რა მართლმადიდებელ სერბთა დუხჭირი ცხოვრების და მათ წინაშე არსებული საფრთხის შესახებ. ამავე დროს ითხოვა ათონის მთაზე გამგზავრების კურთხევა.
ბრძენმა პატრიარქმა ამოიცნო უკვე არქიმანდრიტ ბასილის სიყვარული ღვთისა და ერის მიმართ, შეაფასა მისი სამწყემსო მოღვაწეობანი და მიანიჭა მას ეპისკოპოსის წოდება . პატრიარქმა პაისიამ აღიარა მამა ბასილის ღვაწლი, რომ სწორედ ასეთი ღვთისნიერი ადამიანი ესაჭიროებოდა საფრთხეში ჩავარდნილი ერისთვის რწმენის შენარჩუნებას.
წმინდა ბასილი გაემგზავრა ათონის მთაზე და ერთი წელი დაჰყო იქ ჰილანდარისა (* სერბ მამათა მონასტერი) და სხვა მონასტრების ბერმონაზონთა ერთად, საკუთარი ერის,მთელი მართლმადიდებელი მრევლის საერო და სულიერ კეთილდღეობისათვის უფლისადმი ლოცვა-ვედრებით.
ათონის მთიდან დაბრუნების შემდეგ მამა ბასილი კვლავ ეწვია პეჩში იმდროინდელ პატრიარქს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ,30 წლის ეპისკოპოსი მამა ბასილი პატრიარქმა ტვრდოშის მონასტერში გააგზავნა, სულიერად ამაღლებული და თავისი წმინდა , მადლიანი ცხოვრებით გამორჩეული ეპისკოპოსი ძნელბედობის ჟამს კვლავ ჩადგა ხალხისა და ეკლესიის სამსახურში.
მიუხედავად უამრავი სასიცოცხლო საფრთხისა, რომელიც წმინდა მამას ყველა მხრიდან ემუქრებოდა, იგი გმირულად აგრძელებდა თავის საერო თუ სასულიერო მოღვაწეობას. ის მოგზაურობდა მთელ საეპისკოპოსოში , ამხნევებდა ხალხს, ანუგეშებდა და მოუწოდებდა რწმენის შენარჩუნებას, რამეთუ სხვა მხრივ მის ერს ხსნა არ ეწერა.
ბოროტის წინააღმდეგ წმინდა მამის მთავარი იარაღი ღვთის სიტყვა და ლოცვა იყო. მისი ლოცვების ძალა კი იმდენად აღმატებული იყო, რომ ჯერ კიდევ მაშინ ფლობდა განკურნვის თუ წინასწარმეტყველების უნარს , ავლენდა სასწაულებრივ ქმედებებს. ხალხი მას უკვე წმინდანად მიიჩნევდა, სწამდათ მისი სასწაულმოქმედი ლოცვების ძალის .
არამხოლოდ წმინდა ბასილი გამოდიოდა ხალხში და აძლიერებდა მათ სულიერად,არამედ თვით ხალხი ეახლებოდა ხოლმე მას, ითხოვდნენ მისგან დახმარებას და ნუგეშისცემას სხვადასხვაგვარი განსაცდელის ჟამს. წმინდა მამა არამარტო თავისი ლოცვებით შეეწეოდა ხოლმე მის მრევლს,არამედ მოწყალებასაც იღებდა, საეპისკოპოსოში შეგროვილ თანხას ურიგებდა გაჭირვებულთ, ასევე ბევრს ზრუნავდა მიტოვებული და დანგრეული მონასტრების ამოქმედებაზე. შეძლებული თავადაზნაურები სიამოვნებით იღებდნენ გასამრჯელოს ეკლესია-მონასტრების გასაახლებლად, ისტორიაში შემორჩენილია მაგალითად წმინდა ბასილის თანამედროვე ქველმოქმედი თავადი სტეფანე ვლადისლავიჩის სახელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თუნდაც ტვრდოშის მონასტრის განახლებაში,სადაც თვით მამა ბასილი წირვა-ლოცვას აღავლენდა.
მამა ბასილის ტვრდოშის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში თურქებმა მოკლეს აღმოსავლეთ ჰერცეგოვინის მიტროპოლიტი პაისი ტრებიაშანინი, რომლის რეზიდენციაც ონოგოშტის მახლობლად მდებარეობდა. იმ დროისათვის სერბეთის პატრიარქი იყო უწმინდესი გავრილო რაიჩი (1648-1656, რომელიც მოგვიანებით მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა), პატრიარქმა მამა ბასილის ,რომელიც მაშინ ზახუმის მიტროპოლიტი იყო , წამებული მამა პაისის საეპისკოპოსო გადააბარა.
თურქები ამ დროისათვის უფრო სასტიკად ექცეოდნენ მართლმადიდებელ მოსახლეობას, ალი-აღას ბოროტმოქმედი ჯარისკაცები აწამებდნენ სერბ ხალხს, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ სოფლებს, ოჯახებს და აოხრებდნენ ეკლესია-მონასტრებს. გაწამებული ხალხი ლტოლვილებად იქცა, ისეთი უბედურება ტრიალებდა, როგორც მემატიანენი აღწერენ, ეგვიპტეში ისრაელის ხალხს არ გადაუტანია ასეთი სისასტიკე. ჰერცეგოვინის თურქი მთავარი სანჯაკ-ბეგი ხალხის რჩეულთ იჭერდა და საჯაროდ წამებით კლავდა მათ. ერის და ეკლესიის უხუცესთა დაჟინებული მოთხოვნით, ზემოთაღწერილი მიზეზების გამო , წმინდა ბასილი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა თავისი მონასტერი და გადასულიყო ოსტროგის მონასტერში.
ადრე ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა ღვაწლმოსილი ოსტროგელი იღუმენი, ღირსი მამა ისაია. ის სალოცავად განთავსებული იყო ზემო ოსტროგის მონასტრის მყუდრო კელიაში. ღირსი მამა ისაიას მიცვალების შემდეგ მისი წმინდა ნაწილები თურქმა დამპყრობლებმა მიაგნეს და ცეცხლში დაწვეს. წმინდა მამა ბასილი ოსტროგში გადასახლების შემდეგ სწორედ წმინდა მამა ისაიას კელიას ირჩევს საცხოვრებლად და სალოცავად. აქედანვე მართავდა იგი სრული 15 წლის განმავლობაში მის საეპისკოპოსოს.
მამა ბასილიმ ოსტროგში შემოიკრიბა ღვაწლმოსილი ბერმონაზნები,მათი სულიერი და ფიზიკური შემწეობით აგრძელებდა ტანჯულ მრევლზე დახმარებას, მათივე დაუღალავი შრომის შედეგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის განახლება, რომელიც თავისდროზე ოსტროგელი ბერების მიერ იქნა აშენებული. ცოტა ხნის შემდეგ კი ოსტროგის კლდეზე აღმართა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც დღემდე შემორჩენილია. გააფართოვა თვით ოსტროგის მონასტერი, სადაც დაუღალავი ღვაწლით ილოცავდა და უფალს ავედრებდა მისი მრევლის კეთილდღეობას, გადარჩენას მტარვალი მუსლიმი თურქთა ურდოს მუხანათობისაგან. თვითონ კი მკაცრი სამონაზნო ცხოვრებით ცხოვრობდა , მხოლოდ ხილითა და მცირედი ბოსტნეულით იკვებებოდა, მემატიანე აღწერს, რომ იგი სიყვითლის გამო ემსგავსებოდა ცვილს, მთლიანობაში კი “სულიწმინდის საყდარს” წარმოადგენდა .
მამა ბასილი არ ღალატობდა მის ადრინდელ ჩვეულებას და არა მხოლოდ მმარხული კელიაში იყო ჩაკეტილი,არამედ ჩამოდიოდა ოსტროგიდან მიმდებარე სოფლებში და იზიარებდა ხალხის სიდუხჭირეს, მისი ჩვეული სათნოებით ყველანაირად ეხმარებოდა მის სამწყოს, უქადაგებდა ღვთის სიყვარულს და უფლის იმედით ყოფნას, მოუწოდებდა დაეცვათ მათი რწმენა და მშობლიური მიწა გადამთიელი მტრის ვერაგობისაგან. მისი ლოცვის სიძლიერეს მოსახლეობა სასწაულს აწერდა და დიდი იმედითა თუ სასოებით იყო მინდობილი წმინდა მამის რჩევებს.
თვით მამა ბასილის წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, უამრავი ბოროტი განსაცდელი იყო მოგონილი თუნდაც ისევ სერბი თავადების მიერ, თუმცა ღირსი მამა მათზე ლოცულობდა და უფალს შესთხოვდა მათ შენდობას. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ წერილობით მიმართა პატრიარქს, რომ ეგებ ერთიანი ძალით ენახათ გამოსავალი შიგა მტრების დასაძლევად, რამეთუ შიგა არეულობანი გარეშე მტერს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა დაემონებინა და გაეწამებინა ისედაც განადგურებული ერი.
ერთერთი ასეთი მოწინააღმდეგე იყო ვინმე თავადი რაიჩი, რომელიც გამუდმებით ეცდებოდა ხელი შეეშალა მონასტრების განახლებასა თუ აშენებაში, ხალხის განმანათლებელი საქმიანობის გამო ემტერებოდა მამა ბასილის. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ სთხოვა მას ხელი აეღო არასაღვთო საქმიანობებისგან,მაგრამ თხოვნა უშედეგოდ რჩებოდა და თავადი უარესად აძლიერებდა მათ წინააღმდეგ ქმედებებს. ამაზე კი მამა ბასილიმ შეუთვალა თავად რაიჩს, რომ მისი ურჩობისა და ბოროტების საპასუხოდ და უპირველესად კი ვერცხლთმოყვარეობით დაბრმავებული თვალის ასახელად მისი ყველა ვაჟი დაიღუპებოდა. მაინც არ შეისმინა თავადმა ეს გაფრთხილება, თუმცა წმინდანის წინასწარმეტყველება მალე ახდა. სიმწრით გონზე მოსული უკვე ხანშიშესული თავადი ტირილით გამოცხადდა მამა ბასილისთან და თხოვა უფლის წინაშე მეოხე ყოფილიყო მისი უამრავი ცოდვების მისატევებლად, სინანულსა და ლოცვაში ეცდებოდა ბრალის მოხდას. წმინდა მამამ ისმინა თავადის გულისხმიერი სინანული და დალოცა , იმედი მისცა რომ მას კიდევ გაუჩნდებოდა ვაჟები, რომლებიც მოანანული მამის ერთად სარწმუნოების დასაცავად და სამშობლოს კეთილდღეობისთვის იღვაწებდნენ.
წმინდა მამა ბასილის ასევე ბევრი წინასწარმეტყველება აღსრულებულა, რომელიც შემორჩენილია ზეპირ თუ ჟამთაღმწერთა გადმოცემებში.
ასეთი დაუღალავი ლოცვებით, მარხვით, ფიზიკური შრომით თუ თავის სამწყოსზე მუდმივი დრტვინვით , წმინდა მამა ბასილი ოსტროგელი მიუახლოვდა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს. 1671 წლის 29 აპრილს თავის სამარხო კელიაში მამა ბასილის სული უფალს მიებარა. იგი მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მიიცვალა. კელიის კედელზე კი,რომლის გვერდითაც მამა ბასილი აღესრულა, ამოიზარდა ვაზის ყლორტი, საკვირველი , რამეთუ კელიის კედელი მხოლოდ სალი კლდის ქვა იყო (* ეს ვაზი დღესაც ხარობს მამა ბასილის კელიაში, მისი ნაყოფი უშვილო ქალებს ურიგდებათ შვილოსნობის უნარის აღდგენისათვის).
წმინდა ბასილის წმინდა ნეშტი ოსტროგის ბერმონაზნებმა ოსტროგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინ დამარხეს. მის საფლავთან სალოცავად მოდიოდა ხალხი, წმინდანის საფლავზე მოლოცვით აღესრულებოდა ბევრი სასწაული, სნეულთა განკურნება თუ სხვა მრავალი საკვირველებანი.
წმინდა მამა ბასილის გარდაცვალების 7 წლის თავზე,1678 წელს, წმინდა მამა სიზმარში გამოეცხადა ნიკშიჩის მახლობლად მდებარე წმინდა ლუკას სახელობის მონასტრის იღუმენ რაფიელ კოსიერევაცს, და დაავალა მას ჩასულიყო ოსტროგში და გაეხსნა მისი საფლავი. იღუმენმა ყურადღება არ მიაქცია ამ სიზმარს და არ შეასრულა წმინდანის თხოვნა. იღუმენ რაფაელს ხელმეორედ დაისიზმრა იგივე სიზმარი,მაგრამ ამჯერადაც მამა რაფაელმა უგულვებელჰყო წმინდანის დავალება.მესამეჯერ კი მამა ბასილი ოსრტოგელი უკვე ცხადად მოევლინა მამა რაფაელს, წმინდა მამას ხელში საკმეველი ეჭირა და მამა რაფაელის კელიას აკმევდა, ამ დროს ნაკვერცხალი გადმოვარდა საკმეველიდან და მძინარე იღუმენს დაეცა სახეზე. გამოიღვიძა რა იღუმენმა, ნანახით შეშინებული გაიქცა ძმებთან ამბის მოსაყოლად. სასწაულის ხილვით დარწმუნებული საძმო გაემგზავრა ოსტროგის მონასტერში, რომ რაც შეიძლება მალე შეესრულებინათ წმინდა ვასილი ოსტროგელის მინიშნება. ოსტროგელ ბერებს უამბეს რა მომხდარის შესახებ, მონაზნებმა გადაწყვიტეს შვიდი დღე მკაცრი მარხვისა და ლოცვა-ვედრების , სისტემატიური წირვების აღვლენის შემდეგ აღესრულებინათ წმინდანის თხოვნა.
მეშვიდე დღეს კი მამებმა გახსნეს წმინდანის საფლავი. მამა ბასილის გაუხრწნელი სხეული ცვილივით ყვითელი იყო და რეჰანის (босиљак) სურნელება ქონდა (* ნაკურთხი რეჰანის გამხმარ ტოტებს სერბი სასულიერო პირები კურთხევისას იყენებენ, ნაკურთხი წყალის მისაპკურებლად). მონაზვნებმა წმინდანის სხეული ჩაასვენეს კუბოში და გადააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს.
წმინდა მამა ბასილის კურთხეული უხრწნელი სხეულის შესახებ ამბავი მალევე გავრცელდა მთელ სერბეთში . მის სანახავად მოდიოდა ათასობით მორწმუნე, თაყვანს სცემდნენ წმინდანის წმინდა ნეშტს, ევედრებოდნენ წმინდანს მეოხეობას. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა , დარწმუნებული წმინდა მამის სასწაულმოქმედი განკურნების უნარით, არა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანნი,არამედ არამართლმადიდებელი ქრისტიანები, და ამავე დროს ბევრი მუსლიმიც მოდიოდა, ისევე როგორც დღეს.
მრავალ მომლოცველთა შორის ასევე ბევრი იყო სასულიერო პირიც, რომლებიც ოსტროგის მონასტერში წმინდანის საფლავს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და ილოცებდა. ერთერთი იყო თურქთაგან დევნილი სერბეთის პატრიარქი ბასილი ბრკიჩი-იოვანოვიჩი (1763-1765 წწ., გარდაიცვალა 1772 წ. ), რომელიც პეჩიდან წამოვიდა და ჩერნოგორიას შეაფარა თავი. პატრიარქმა ექვსი თვე ოსტროგის მონასტერში მარხვასა და ლოცვაში გაატარა, აღწერა წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრება, შეაგროვა რა ზუსტი , უტყუარი დეტალები წმინდანის ცხოვრებიდან.
მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში კი ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა მღვდელი მამა ბასილი, რომელმაც წმინდა ბასილი ოსტროგელის დაუჯდომელი დაწერა (1947 წ.), რომელიც დღესაც ოსტროგის მონასტრის ხელნაწერებს შორის ინახება.
ისევე როგორც ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში იდევნებოდა წმინდა მამა ბასილი ბოროტთაგან, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ასვენებდა მტერი მის წმინდა ნაწილებს. პირველად 1714 წელს გადამალეს ოსტროგელმა მორჩილებმა წმინდანის წმინდა სხეული, პირსისხლიანი ნუმან-ფაშა აოხრებდა რა ჩერნოგორიას. ბერებმა წმინდანის კუბო ოსტროგის მონასტრის დაბლა მდინარე ზეტის ნაპირას დამარხეს. მდინარემ დაფარა წმინდანის განსასვენებელი, თუმცა კუბოში კი ცვეთი წყალიც არ ჩასულა, ისევე მშრალად იყო შენახული, როგორც მისი დასვენების დროს. კუბო კი მდინარის წყლის ქვეშ თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა.
წმინდა ბასილის კუბოს გატანა ოსტროგის მონასტრიდან მეორედ 1852 წლის ზამთარში მოხდა, როდესაც ომარ-ფაშა თავს დაესხა ჩერნოგორიას. ჩერნოგორიელებმა წმინდანის კუბო ცეტინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. ამავე დროს ომარ-ფაშას ჯარისკაცებმა ოსტროგის მონასტერს უკვე ალყა შემოარტყეს. 30 ჩერნოგორიელი, ჩერნოგიის მეფის მამის, მირკო პეტროვიჩის მეთაურობით, 9 დღის განმავლობაში იბრძოდა ალყის მოსახსნელად. წმინდა ბასილის მეოხებით მათ სძლიეს თურქთა აღმატებულ ჯარს და გაათავისუფლეს ოსტროგის მონასტერი მტრის ალყისაგან. 1853 წელს კი ოსტროგელი წმინდანის კუბო ისევ ოსტროგის მონასტერში იქნა ჩამოსვენებული.
მესამედ კი , 1876-1877 წლების ომის დროს, წმინდანის სხეული კვლავ წააბრძანეს ცეტინში, სადაც ორი წელი იყო დასვენებული. 1878 წელს კი დააბრუნეს ოსტროგში.
1942 წელს, როდესაც ოსტროგს ბომბავდნენ, ბერებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოსალოდნელი დანგრევის შიშით, მამა ბასილის წმინდა ნაწილები ოსტროგის მონატრის სადგომის მახლობლად მდებარე კლდეში ერთერთ გამოქვაბულში გადამალეს. თუმცა ეს შიში უადგილო გამოდგა, რამეთუ ეცემოდა რა ნაღმები მონასტრის ირგვლივ, აუფეთქებლად იმსხვრეოდა და არანაირი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის, თვით ბერმონაზონთაგანაც კი არავინ დაშავებულა.
სერბერთში და ასევე საზღვარგარეთ წმინდა ბასილი ოსტროგელის სახელობის რამდენიმე ტაძარი არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება მამა ბასილის ქალაქში , ონოგოშტ-ნიკშიჩში აგებული ტაძარი. ვოჟდოვაცში კი წმინდა კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელობის ეკლესიაში ინახება მამა ბასილი ოსტროგელის კუთვნილი ანაფორა.
განსაკუთრებით კი პატივი მიეგება თვით წმინდანის წმინდა ნაწილებს ოსტროგის მონასტერში. რომლის სანახავად და მოსალოცად, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, უამრავი ხალხი მიდის, ძირითადად ფეხით, ხშირად კი ქვედა მონასტრიდან ზემო მონასტრამდე მუხლმოყრილნი ადიან. ოსტროგიდან მოაქვთ ნაკურთხი წყალი, ზეთი თუ საკმეველი , წმინდანის კუბოდან აღებული ბამბა, რომელიც მის სხეულს ფარავს, გამოიყენება რა ავადმყოფებზე ცხებისათვის განკურნების მიზნით. ოსტროგის მონასტერში არსებობს მამა ბასილის წყალობით განკურვნილთა ან მათი ოჯახის წევრების მიერ მადლიერების ნიშნად შეწირული უამრავი ძვირადღირებული საჭირო ნივთი. მონასტრის ჩანაწერთა წიგნში შეტანილია მადლიერ მომლოცველთა წერილები, სადაც აღწერილია სხეულებრივი თუ სულიერი ავადმყოფობებისაგან სასწაულებრივი განკურნებანი წმინდანის საფლავის მოლოცვის შემდეგ. ბევრი მათგანი კი ხალხში ზეპირად გავრცელდა, უყვებიან რა ერთმანეთს წმინდანის სასწაულმოქმედი უნარის შესახებ.
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი სიყრმიდანვე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა. უდაბნოს ერთ-ერთ მონასტრის იღუმენად არჩევის შემდეგ წმიდანი ბრძნულად და ფრთხილად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა მათ ლოცვითა და რჩევა-დარიგებით.მოუკლებელი ლოცვისა და შრომის შედეგად ღირსმა მამამ მიიღო წინასწარჭვრეტის მადლი. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო გაჩნდა, განადგურდა კალია, რომელიც ნათესებს სპობდა, ჩაძირული გემის მგზავრები გადარჩნენ. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მის მიმართ აღვლენილი ლოცვებით იგივე სასწაულები მეორდებოდა.