ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
12.09.2025. მარხვა
მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმიდათა: ალექსანდრე (340), იოანე (595) და პავლე ახლისა (784), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულთმოქმედისა თესალონიკელისა (IX-X); მღვდელმოწამისა ფილონიდო ეპისკოპოსისა (284-305); კეთილმორწმუნისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (წმ. ნაწ. აღმოყ. 1724); სერბელ მღვდელთმთავართა: საბა I (1237), არსენი I (1266), საბა II (1269), ევსტათი I (1285), იაკობ (1292), ნიკოდიმ (1325) და დანიელ (1338) მთავარეპისკოპოსთა; იოანიკე II (1354), ეფრემ II (1395), სპირიდონ (1388), მაკარი (1574) და გაბრიელ I (1659) პატრიარქთა, და გრიგოლი ეპისკოპოსისა.
დღის ლოცვები
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე
კონდაკი: იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: გალ. 1: 1-10, 2: 2-5 (დას. 198). მკ. 5: 1-20 (დას. 19) – ხუთშ.
გალ. 2: 6-10 (დას. 201). მკ. 5: 22-24, 35 – 6: 1 (დას. 20) – პარ.
ლიტ.: გალ. 1: 1-10, 2: 2- 5
1. პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით, 2. და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს: 3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, 4. რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით, 5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. 7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. 8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. 9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. 0. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.
2. ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად – ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი. 3. მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა. 4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, – 5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.
ლიტ.: მკ. 5: 1-20
1. გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს. 2. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, 3. რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა, 4. ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი. 5. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს. 6. შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას. 7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე! 8. რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან! 9. და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ. 10. და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი. 11. იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. 12. უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო. 13. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო. 14. ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა. 15. მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ. 16. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. 17. და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო. 18. ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა. 19. მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა. 20. ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
ლიტ.: გალ. 2: 6-10
6. ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის. 7. პირიქით, როცა დაინახე, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს – წინადაცვეთილთათვის 8. (რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის) 9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან. 10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
ლიტ.: მკ. 5: 22-24, 35 – 6: 1
22. და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა. 23. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს. 24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
35. ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს? 36. ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს. 37. და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა. 38. მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი. 39. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 40. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. 41. ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ! 42. გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად. 43. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის.
1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
ლიტ.: 2 კორ. 12: 10-19
10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი. 11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ. 12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით. 13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა. 14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ – თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები – შვილებს. 15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ? 16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ? 17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე? 18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით? 19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.
ლიტ.: მკ. 4: 10-23
10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი. 11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება. 12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები. 13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? 14. მთესავი სიტყვას თესავს. 15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. 16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; 17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან. 18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, 19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას. 22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 23. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
მართლ.: კოლ. 3: 12-16
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
მართლ.: ლკ. 6: 31-36
31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ. 32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ. 33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან. 34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც. 35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. 36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) – კონსტანტინოპოლის პატრიარქნი
წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას. წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.
მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595, ხს. 2 სექტემბერს); სხვა ვარაუდებით, ის არის იოანე კაბადოკიელი (518-520), ან კიდევ პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577).
მღვდელმთავარი პავლე წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ IV ხაზარის (775-780) დროს აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე (780-784). იგი სათნოებებით უხვად შემკული, კეთილმსახური, მაგრამ გაუბედავი ადამიანი იყო. ხედავდა რა იმ ტანჯვა-წამებას, რომელსაც მართლმორწმუნეები ითმენდნენ ხატთაყვანისცემის წესის ერთგულებისთვის, ნეტარი მამა მალავდა თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხატმბრძოლებთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. იმპერატორ ლეონის სიკვდილის შემდეგ მას სურდა, აღედგინა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ვერ შეძლო განზრახვის განხორციელება, რადგან მწვალებლები უკვე მეტად მომძლავრებულიყვნენ. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ არ შეეძლო სამწყსოს წინამძღვრობა, ნებით დატოვა კათედრა, წმიდა ფლოროსის მონასტერს მიაშურა და სქიმა შეიმოსა. მან შეინანა თავისი კავშირი ხატმბრძოლებთან და წამოაყენა წინადადება ამ ერესის დასაგმობად VII მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ. საპატრიარქო ტახტზე წმიდა პავლეს შემდეგ, მისივე რჩევით, აღასაყდრეს მღვდელმთავარი ტარასი (784-806), რომელიც იმჟამად მეფის მრჩეველი იყო. პატრიარქი-სქიმოსანი 784 წელს მიიცვალა (მას „ახალს“ უწოდებენ წმიდა პატრიარქ პავლესგან (+350, ხს. 6 ნოემბერს, განსასხვავებლად).
ღირსი ქრისტეფორე რომაელი (VI)
ღირსი ქრისტეფორე რომაელი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსის (ხს. 11 იანვარს) მონასტერში შედგა ბერად. ამბა თეოდულეს მონათხრობები ღირსი ქრისტეფორეს შესახებ ჩართულია კრებულში „ლიმონარი“.ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმიდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაყო, რომ ესენი იყვნენ ეშმაკები, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და მას ჰკითხა: „ბჭეებში რად დგეხარ, შიგ რატომ არ შედიხარ?“ – „მომიტევე, მამაო, – უპასუხა ბერმა, – ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს; ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი პატიოსან ჯვარს; მეორე კი ამბობს: ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი“. მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა მამას და საყდარში შეიყვანა. ყვავები იმავ წამს გაქრნენ, ბერი კი სიწმიდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა. ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი – აუცილებელი საქმეები.
დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან თერთმეტი წელი. ერთხელ მღვიმეში წმიდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა. _ „რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?“ _ იკითხა ქრისტეფორემ. _ „ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან“, – უპასუხეს ყმაწვილებმა. _„მითხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?“ „ჩვენ დავანთებთ“, – იყო პასუხი. მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: „ჰოი, ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!“ იგი სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და აქ ორმოცდაათი წელი დაჰყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში. ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: „ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან ერთად განისვენო“.
ფანტინე საკვირველთმოქმედი (IX)
ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი კალაბრიაში დაიბადა. წმიდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა. სიჭაბუკეში იგი უდაბნოებში მწირობდა და, სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ ღებულობდა. ასეთ ღვაწლში გაატარა ღირსმა მამამ სამოცი წელი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმიდა დიდმოწამის, დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) ნაწილებს სცა თაყვანი. უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, IX ს-ის ბოლოს ან X ს-ის დასაწყისში. ღირსი ალექსანდრე სვირელი (+1533)
ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში – ამოსი) 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმიდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ვალაამის სავანეს მიაშურა.
1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.
ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ვალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა.
1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როცა იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე
იმავე წელს აშენდა ხის ეკლესია ცხოველმყოფელი სამების სახელზე (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლობის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა – თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (+1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმიდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.
იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. „მე ვარ უქმად“, – თქვა წმიდანმა და შეშის საჩეხად წავიდა; ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით; ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.
სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როცა საფუძველი ჩაყარეს, წმიდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწული ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: „საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი“; თან სავანის მფარველობა აღუთქვა.
ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა ოთხმოცდახუთი წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
აღმოყვანება ნაწილთა კეთილმსახურისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (1724)
წმიდა კეთილმსახური მთავარი ალექსანდრე ნეველი 1263 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა. 23 ნოემბერს მისი ნეშტი ვლადიმირის მაცხოვრის შობის მონასტრის საკათედრო ტაძარში დაფლეს. დაკრძალვისას სასწაული აღესრულა – წმიდანმა თავად გაიწოდა ხელი შენდობის წერილის მისაღებად. 1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ სასწაულებრივად მოხდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. 1721 წლის 30 აგვისტოს პეტრე I-მა შვედებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. 30 აგვისტოს სწორედ ამ მოვლენას ვდღესასწაულობთ. ალექსანდრე ნეველს ეკლესია იხსენიებს 23 ნოემბერსაც.