12.09.2026. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

12.09.2026. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

12.09.2026. შაბათი. ხსნილი. 

მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანება (1724).

დღის ლოცვები 

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე

კონდაკი: იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები 

1 კორინთელთა მიმართ 4:17-21 
17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. 18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას. 19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას. 20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით. 21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?

1 კორინთელთა მიმართ 5:1-5 
1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს. 2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი. 3. ხოლო მე – თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, – უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს. 4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, – 5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.

კოლასელთა მიმართ 3:12-16
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

მათეს სახარება 24:1-13
1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის. 2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? 4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. 6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. 8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. 9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. 10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. 11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. 12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. 13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

ლუკას სახარება 6:31-36
31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ. 32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ. 33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან. 34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც. 35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. 36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) – კონსტანტინოპოლის პატრიარქნი
წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას. წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.
მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595, ხს. 2 სექტემბერს); სხვა ვარაუდებით, ის არის იოანე კაბადოკიელი (518-520), ან კიდევ პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577).
მღვდელმთავარი პავლე წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ IV ხაზარის (775-780) დროს აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე (780-784). იგი სათნოებებით უხვად შემკული, კეთილმსახური, მაგრამ გაუბედავი ადამიანი იყო. ხედავდა რა იმ ტანჯვა-წამებას, რომელსაც მართლმორწმუნეები ითმენდნენ ხატთაყვანისცემის წესის ერთგულებისთვის, ნეტარი მამა მალავდა თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხატმბრძოლებთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. იმპერატორ ლეონის სიკვდილის შემდეგ მას სურდა, აღედგინა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ვერ შეძლო განზრახვის განხორციელება, რადგან მწვალებლები უკვე მეტად მომძლავრებულიყვნენ. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ არ შეეძლო სამწყსოს წინამძღვრობა, ნებით დატოვა კათედრა, წმიდა ფლოროსის მონასტერს მიაშურა და სქიმა შეიმოსა. მან შეინანა თავისი კავშირი ხატმბრძოლებთან და წამოაყენა წინადადება ამ ერესის დასაგმობად VII მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ. საპატრიარქო ტახტზე წმიდა პავლეს შემდეგ, მისივე რჩევით, აღასაყდრეს მღვდელმთავარი ტარასი (784-806), რომელიც იმჟამად მეფის მრჩეველი იყო. პატრიარქი-სქიმოსანი 784 წელს მიიცვალა (მას „ახალს“ უწოდებენ წმიდა პატრიარქ პავლესგან (+350, ხს. 6 ნოემბერს, განსასხვავებლად).
იოანესი (595) და პავლე ახლისა  კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა;(785)

 

ღირსი ქრისტეფორე რომაელი (VI)
ღირსი ქრისტეფორე რომაელი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსის (ხს. 11 იანვარს) მონასტერში შედგა ბერად. ამბა თეოდულეს მონათხრობები ღირსი ქრისტეფორეს შესახებ ჩართულია კრებულში „ლიმონარი“.
ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმიდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაყო, რომ ესენი იყვნენ ეშმაკები, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და მას ჰკითხა: „ბჭეებში რად დგეხარ, შიგ რატომ არ შედიხარ?“ – „მომიტევე, მამაო, – უპასუხა ბერმა, – ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს; ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი პატიოსან ჯვარს; მეორე კი ამბობს: ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი“. მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა მამას და საყდარში შეიყვანა. ყვავები იმავ წამს გაქრნენ, ბერი კი სიწმიდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა. ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი – აუცილებელი საქმეები.
დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან თერთმეტი წელი. ერთხელ მღვიმეში წმიდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა. _ „რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?“ _ იკითხა ქრისტეფორემ. _ „ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან“, – უპასუხეს ყმაწვილებმა. _„მითხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?“ „ჩვენ დავანთებთ“, – იყო პასუხი. მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: „ჰოი, ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!“ იგი სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და აქ ორმოცდაათი წელი დაჰყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში. ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: „ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან ერთად განისვენო“. 
ფანტინე საკვირველთმოქმედი (IX)
ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი კალაბრიაში დაიბადა. წმიდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა. სიჭაბუკეში იგი უდაბნოებში მწირობდა და, სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ ღებულობდა. ასეთ ღვაწლში გაატარა ღირსმა მამამ სამოცი წელი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმიდა დიდმოწამის, დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) ნაწილებს სცა თაყვანი. უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, IX ს-ის ბოლოს ან X ს-ის დასაწყისში.
აღმოყვანება ნაწილთა კეთილმსახურისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (1724)
წმიდა კეთილმსახური მთავარი ალექსანდრე ნეველი 1263 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა. 23 ნოემბერს მისი ნეშტი ვლადიმირის მაცხოვრის შობის მონასტრის საკათედრო ტაძარში დაფლეს. დაკრძალვისას სასწაული აღესრულა – წმიდანმა თავად გაიწოდა ხელი შენდობის წერილის მისაღებად. 1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ სასწაულებრივად მოხდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. 1721 წლის 30 აგვისტოს პეტრე I-მა შვედებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. 30 აგვისტოს სწორედ ამ მოვლენას ვდღესასწაულობთ. ალექსანდრე ნეველს ეკლესია იხსენიებს 23 ნოემბერსაც.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

(1907 წლის 30 აგვისტოს არის დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის — წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ტრაგიკული აღსასრულისა და ხსენების დღე.)

წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.
1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.  „რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?“ – ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა… ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას.  ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა“, რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი  არ არის იგი, რომელსაც… თავისი ისტორია არ ახსოვს“, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?… დრო-ჟამი ამას გვიქადის“ („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“)… ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ – „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“. დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის… გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა“… ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო. ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა. ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად. ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს… 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ – დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.
კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა… მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა – შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში – შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.