…თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით (მთ. 10: 5). 28. …მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული
12.11.2026. ხუთშაბათი. ხსნილი
მოწამისა იოთამ ზედგენიძისა, მეფისათვის თავდადებულისა (1465); მღვდელმოწამისა ზინობისა, ეგეას ეპისკოპოსისა, და დისა მისისა ზინობიასი (285); მოციქულთა: ტერტისა, მარკოზისა, იუსტისა და არტემისა, 70-თაგანთა (I); მღვდელმოწამისა მარკიანესი (მარკელესი), სირაკუზელი ეპისკოპოსისა (II); მოწამისა ევტროპიასი (დაახ. 250); მოწამისა ანასტასია თესალონიკელისა (III).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე ზინობის, ეგეას ეპისკოპოსის, და დისა მისისა ზინობიას კონდაკი:
ჭეშმარიტებისა მოწამეთა და ღმრთისმსახურებისა ქადაგთა ორობასა ღირსად პატივს ვსცემდეთ ღმრთისსულიერითა გალობითა ზინობს ბრძნისა თანა ზინობიას, ერთად ცხორებულთა და განსრულთა, რომელთა წამებითა მოიღეს გვირგვინი უხრწნელი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 5:1-8; ლიტურგია (მოწ.) – 2 ტიმოთეს მიმართ 2:1-10; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 11:14-23; ლიტურგია (მოწ.) – იოანეს სახარება 15:17-16:2.
ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 5: 1-8
1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. 2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. 3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი – მშობიარეს, და ვერ წაუვლენ. 4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე. 5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა. 6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ. 7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან. 8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.
ლიტ. (მოწ.) – 2 ტიმ. 2: 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 11: 14-23
14. ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს. 15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 16. ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. 17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ. 19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს. 21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. 22. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. 23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს.
ლიტ. (მოწ.) – ინ. 15: 17-16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო (წმიდა მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ). აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა ტერტიოსს პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,22). წმიდა მარკოზი, იგივე იოანე (საქმე 12,12), ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო (კოლ. 4,10). წმიდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე (საქმე, 1,23) ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და იქვე პოვა მოწამეობრივი აღსასრული. წმიდა არტემონი (ტიტ. 3,12) ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი (II)
მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. ნეტარმა მოსაგრემ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა – ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს იტალიის ქალაქ გაეტში (წმიდა მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელეს სახელით).წმიდა მოწამე ევტროპია (+დაახლ. 250)
წმიდა მოწამე ევტროპია ალექსანდრიაში აღესრულა დაახლოებით 250 წელს. იგი ხშირად ნახულობდა პყრობილ ქრისტიანებს და სატანჯველების დათმენისაკენ მოუწოდებდა. ამისთვის ისიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უღმრთო მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკი სატანჯვე-ლებით ამოჰხადეს სული.მღვდელმოწამე ზინობი – ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია (+285)
მღვდელმოწამე ზინობი – ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: „სიტყვას არ გავაგრძელებ – გთავაზობ: სიცოცხლეს – თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს – თუ არ სცემ თაყვანს“. ნეტარმა მიუგო: „ეს წარმავალი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისთვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო“.ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმიდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.

წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1446 წელს საქართველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. „ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამჴედროთი სრულმან და აღმკულმან“ თავისი მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას შეალია. მისი მეფობის ჟამს „განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინეპოლი“.