„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
13.01.2026. მსგეფსი
წარგზავნა ქრისტეშობის დღესასწაულისა; ღირსისა საბიანასი (საბაიასი), სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვრისა (XI); ღირსისა მელანია რომაელისა (439).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – ინ.: 3: 1-10
1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, 2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. 3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. 4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? 5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. 6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. 7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. 8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. 9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?
ლიტურგია (რიგ.) – მკ.: 12: 18-27
18. მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 20. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. 21. მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც. 22. შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 23. მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 24. იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას? 25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. 27. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი (IV)
წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი – ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი – კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა. წმიდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას „ობოლთმზრდელი“ შეარქვეს. ამ დროს კონსტანტინოპოლში კეთრი მომძლავრდა. წმიდა ზოტიკემ კონსტანტინე მეფისგან ფული გამოითხოვა და ააგო საავადმყოფო, სადაც კეთროვნებს უვლიდა და ნუგეშს სცემდა.კონსტანტინე მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე, კონსტანციუსი (337-361), რომელიც არიანელთა მწვალებლობის მიმდევარი იყო. მას მოახსენეს, ზოტიკე ხუცესმა განსვენებული იმპერატორისგან დიდძალი თანხა მიიღოო. როცა წმიდანი დაკითხეს ამის შესახებ, მან უსჯულოებს საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი აჩვენა. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ცხენებზე გამოებათ ნეტარი და ქვა-ღორღზე ეთრიათ. ერთიანად ხორცდაფლეთილმა და დასახიჩრებულმა წმიდანმა ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს. მისი აღსასრულის ადგილას მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.
ღირსი მელანია რომაელი (+439)
ღირსი მელანია რომაელი ძალიან მდიდარი და დიდგვაროვანი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული ქალწული თოთხმეტი წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. წმიდა მელანიამ აუხსნა თავის კეთილშობილ და გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებულებს ფარულ ქალწულებაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი შეგვეძინება, ერთად განვერიდოთ ამსოფელსო. მალე მელანიამ შვა ასული. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უბიწოებაში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილს – ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ – მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როცა მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა უფლის რჩეულებისგან, აკურთხა მათი არჩევანი და ლოცვებში მოხსენიება ითხოვა. წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს – ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე ოცდაოთხი წლისა იყო, მელანია კი – ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებსა და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისთვის მიწებს იძენდნენ მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და საავადმყოფო აშენდა. მელანიასა და აპინიანეს შემოწირულობებს ღებულობდნენ როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები. როცა წმიდა ცოლ-ქმარმა სამშობლო დატოვა და აფრიკისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ატყდა. მეზღვაურებმა ეს ღვთის რისხვის გამოვლენად ჩათვალეს, მაგრამ ნეტარმა მელანიამ დაამშვიდა ისინი და ურჩია, ყოვლის შემოქმედის ნებას მინდობოდნენ. ტალღებმა გემი ერთ კუნძულთან მიაგდო. კუნძულზე გაშენებულ ქალაქს ბარბაროსები შემორტყმოდნენ გარს და მის მკვიდრთაგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის განადგურებით იმუქრებოდნენ. მელანიამ და აპინიანემ საჭირო რაოდენობის თანხა გაიღეს და ქალაქი და მისი მცხოვრებლები დაღუპვისაგან იხსნეს. აფრიკაში ჩასვლის შემდეგაც ცოლ-ქმარი უშურველად ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს. ამასთან, მელანია წმიდა წიგნებს იწერდა და უქონლებს ურიგებდა. ნეტარმა საკუთარი ხელით შეიკერა ჯვალოს სამოსი და მას არასოდეს იხდიდა.აფრიკაში წმიდანებმა შვიდი წელი დაჰყვეს, შემდეგ კი, ყოველგვარი სიმდიდრე დაუტევეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ. იერუსალიმში მელანიამ და აპინიანემ დარჩენილი ოქროც გლახაკებს განუყვეს და უპოვარებასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. ეგვიპტეში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მათ ბევრი მეუდაბნოე მამა მოინახულეს, წმიდა მელანია ელეონის მთაზე მდებარე განმარტოებულ სანაკში გამოიკეტა და იშვიათად ხვდებოდა აპინიანეს. თანდათანობით სანაკის გასწვრივ წარმოიქმნა მონასტერი, რომელშიც ცხრაასამდე ქალწულმა მოიყარა თავი. თავმდაბლობის გამო მელანიამ უარი განაცხადა სავანის იღუმენობაზე და უწინდებურად განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ძალისხმევით სავანეში აშენდა სამლოცველო და საკურთხეველი, სადაც წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას, სტეფანე პირველმოწამისა და ორმოცი სებასტიელი მოწამის ნაწილები დააბრძანეს. ამ ხანებში წმიდა აპინიანემ სული უფალს შეჰვედრა. ნეტარმა მელანიამ მიწას მიაბარა მისი ცხედარი და დაახლოებით ოთხი წელი გაატარა მის საფლავთან მარხვითა და ლოცვით.
ამის შემდეგ წმიდა დედამ გადაწყვიტა, მთაზე, საიდანაც ამაღლდა ქრისტე, მამათა მონასტერი აეგო. უფალმა აკურთხა მისი განზრახვა და გამოაჩინა ქრისტესმოყვარე ადამიანი, რომელმაც უხვი შესაწირი გაიღო სავანის მოსაწყობად. მელანიამ მიიღო თანხა და ერთ წელიწადში განასრულა ეს დიდი საქმე. ამის შემდეგ მელანიამ დატოვა იერუსალიმი და თავისი წარმართი ბიძის მოქცევის იმედით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ჩასულ წმინდანს ბიძა დასნეულებული დაუხვდა. მელანიას საუბრების გავლენით ამ უკანასკნელმა წარმართობა დაუტევა და ნათლისღებით განწმენდილი სული შეჰვედრა უფალს. იმ ხანებში დედაქალაქის მრავალ მკვიდრს აშფოთებდა ნესტორის ერეტიკული სწავლება. წმიდა მელანია სიხარულით ღებულობდა ყველა დაბნეულს, რომელიც დახმარებას ითხოვდა მისგან. ნეტარი დედის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. თავის მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მოსაგრემ აღსასრულის მოახლოება იგრძნო და ამის შესახებ ხუცესსა და დებს აუწყა. ყველანი ძალიან დამწუხრდნენ და აცრემლებულებმა მოისმინეს ღვთის რჩეულის უკანასკნელი დარიგება. ბოლოს წმიდა მოსაგრემ ითხოვა, ელოცათ მისთვის, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს.
ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი
საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალი სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტრებში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც.განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა – მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას – „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“.
შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.
წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.