13.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. პარასკევი

13.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. პარასკევი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

13.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. პარასკევი

მიგებების წინადღესასწაული.

მოწამეთა და სასწაულთმოქმედთა, უვერცხლოთა მკურნალთა კვიროს და იოანესი და მათ თანა მოწამე ათანასიასი და ასულთა მისთა მოწამეთა თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპისა (251); მოწამისა ტრიფენა კვიზიკელისა; ღირსისა არსენ პაროსელისა (1877); ზაქარია იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა (VI).

დღის ლოცვები

 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ლიტ. 2 ინ. 1: 1-13 (დას. 75). მკ. 15: 22, 25, 33-41 (დას. 68).

ლიტ.: 2 ინ. 1: 1-13 

1. უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, 2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე. 3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის – იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით. 4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან. 5. ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 6. სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ. 7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე. 8. თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური. 9. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც. 10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. 11. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება. 12. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გესაუბრებით, რათა სრულ იყოს ჩვენი სიხარული. 13. მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულნი. ამინ.

ლიტ.: მკ. 15: 22, 25, 33-41

22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო. 24. ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.

 25. ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი. 

33. ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა. 34. მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? 35. ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა: აჰა, ელიას უხმობსო. 36. ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად. 37. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. 38. მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. 39. როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა. 40. იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე, 41. რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ვიქტორინი, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაფიონი და პაპი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩასხეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს. წმიდა კლავდი ხელ-ფეხის მოკვეთით მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაფიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპი კი ზღვაში დაახრჩვეს.
 
მოწამეთა და სასწაულთმოქმედთა, უვერცხლოთა მკურნალთა კვიროს და იოანესი და მათ თანა მოწამე ათანასიასი და ასულთა მისთა მოწამეთა თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311);
წმიდა უვეცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელი დევნილობისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისაგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა.
ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნილობა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმიდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით აინთო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან მიაგნო უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე შეიქნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან – თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმიდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (+311)
წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როცა კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ, მოსაგრე ცოდვით დაეცა: ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა: „არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ! “ ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. კიევო-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმიდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.
ღირსმოწამე ილია არდუნისი მორეაში დაიბადა. იგი კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ ბოროტის მიერ ცდუნებულმა ილიამ უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალევე შეინანა, ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. მან აქ რვა წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვერ დაიცხრო. წმიდანს აღეძრა სურვილი, სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული. მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა. უფალმა განადიდა თავისი რჩეული – ცეცხლში არა თუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც კი უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს მოწამის ცხედარი.
წმიდა მოწამე რიფენე ქალაქ კვიზირიდან იყო. მან ჯალათებს ნებით მისცა თავი საწამებლად. მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმიდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.