13.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. პარასკევი

13.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. პარასკევი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 13.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.

პარასკევი. მარხვა

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750) – წმიდისა პროკოპის თანამოღვაწისა; მღვდელმოწამისა პროტერისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457); მღვდელმოწამისა ნესტორ, მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250); ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (450). ღირსისა კასიანე რომაელისა (435); ღირსისა იოანესი, ბარსანოფად წოდებულისა, დამასკელ ეპისკოპოსისა (V); მოწამისა თეოქტირისტესი (VIII).

დღის ლოცვები

 

ღირსი ბასილი აღმსარებელის კონდაკი:
ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 13: 2-13

2. ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით. 3. მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ. 4. მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს. 5. შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად. 6. მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან. 7. ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია. 8. შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ. 9. აჰა, დადგა უფლის დღე – დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან. 10. რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს. 11. მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ – მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ. 12. დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს – ოფირის ზოდზე მეტად. 13. ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს. 

მწუხრზე: დაბ. 8: 4-21. იგავ. 10: 31-11: 12

4. მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი. 5. თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები. 6. ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული. 7. გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. 8. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო – თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. 9. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. 10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე. 12. შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან. 13. ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი. 14. მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. 15. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: 16. გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები. 17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. 18. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. 19. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. 20. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.

31. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება. 32. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი – ღალატს.

1. მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი – სასურველი. 2. ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა. 3. წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება. 4. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან. 5. უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა. 6. გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან. 7. ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია. 8. მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს. 9. პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან. 10. მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს. 11. წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა. 12. ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

მღვდელმოწამე ნესტორი, მაგიდიელი ეპისკოპოსი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას ეწამა, 250 წელს. უფალმა მსხვერპლშესაწირად განმზადებული კრავის გამოცხადებით წინასწარ აუწყა ნეტარ მამას თავისი მომავალი. წმიდა ნესტორი საკუთარ სახლში შეიპყრეს ლოცვის დროს, შემდეგ კი ქალაქ მაგიდისის მმართველმა პერგიაში გაგზავნა იგი სამსჯავროზე. აქ მღვდელმოწამე სასტიკი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი და მასთან ერთად აღსრულებული ექვსი მოწამე.
ევტიქის მონოფიზიტური ცრუმოძღვრების მიმდევრის, დიოსკორეს (444-451) პატრიარქობის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ხუცესი პროტერი, რომელიც უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმიდა მამებმა დაგმეს ევტიქის მწვალებლობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერი აღასაყდრეს.
მწვალებელი მწყემსმთავრის განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა მისი ბევრი მიმდევარი, რომლებიც აღსდგნენ ახალი პატრიარქის არჩევის წინააღმდეგ. ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ (450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს წაართვა ყოველგვარი პრივილეგიები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ და ქალაქში მეომართა ახალი, გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პროტერის სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათთვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მშვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც დანაპირები.
მარკიანეს სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. ხუცესმა ტიმოთემ, რომელიც პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და სათავეში ჩაუდგა მოჯანყეებს. წმიდა პროტერიმ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ალექსანდრია, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩვენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა: „დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!“ ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამეობრივი აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ერეტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი მისი ექვსი თანმხლები პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე – დიდი შაბათი იდგა. მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გამოათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.
მართლმადიდებლებმა მომხდარის შესახებ წმიდა იმპერატორს ლეონს (457-474) და კონსტანტინეპოლელ პატრიარქს ანატოლის (449-458) აუწყეს. ალექსანდრიაში დიდი მხედრობა ჩავიდა და ჩააცხრო შფოთი. ტიმოთე სამსჯავროს გადასცეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
მღვდელმოწამის აღსრულების შემდეგ მისი თანამედროვე ოთხი თრაკიელი ეპისკოპოსი წერდა: „უწმიდესი პროტერი წმიდათა დასში გვეგულება და შევთხოვთ უფალს, წყალობა გარდამოგვივლინოს მისი ლოცვების მეოხებით“.
ღირსნი მარინე და კირა, ღვიძლი დები, IV საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ბერიაში (მცირე აზია). როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, მათ დატოვეს მდიდარი და წარჩინებული მშობლების ოჯახი და ქალაქიდან გავიდნენ. წმიდანებმა მიწის ერთ მცირე ნაკვეთს ზღუდე შემოავლეს, შემოსასვლელი ქვებითა და თიხით ამოქოლეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე, ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში ორმოც დღეში ერთხელღა ჭამდნენ. წმიდა დების ცხოვრებას კარგად იცნობდა ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი: დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავიანთ საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმიდანებთან და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ ღირსი დედები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: ერთხელ მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანისსაცემად იმოგზაურეს იერუსალიმში. სანამ წმიდა ადგილებს არ მიეხალნენ, მათ არანაირი საზრდელი არ მიუღიათ, არც უკანმობრუნებისას უხმევიათ რამე. მეორე ასეთივე მოგზაურობა განახორციელეს მათ ისავრიაში, წმიდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს.
ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან (ხს. 27 თებერვალს) ერთად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იქ იტანჯებოდნენ აღმსარებლები უსჯულო იმპერატორის აღსასრულამდე. ღირსი ბასილი მშვიდობით მიიცვალა 750 წელს.
ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი სამ ათწლეულზე მეტ ხანს სალოსობდა. უფლის სათნომყოფელმა მამამ სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. თანაქალაქელები მას „მიკულას“ ეძახდნენ, რაც ბერძნულად ნეტარს, სალოსს ნიშნავს.
1570 წლის თებერვალში გამძვინვარებული ივანე მრისხანე მოადგა ფსკოვს, რომლის მცხოვრებლებსაც ღალატში დებდა ბრალს. განსაცდელში მყოფი ქალაქი ლოცვად იყო დამდგარი. დილით, როცა მორწმუნეებს ზარების რეკვამ საცისკრო მსახურებაზე მოუხმო, თვითმპყრობელის სულს უეცრად საოცარი ნეტარება მოეფინა და დამშვიდებულმა ბრძანა: „დაუშვით მახვილები, შეწყდეს სისხლისღვრა!“
ფსკოველები ქუჩაში გამოეფინნენ. ყველას თავისი სახლის წინ მოეყარა მუხლი და პურსა და მარილს სთავაზობდა მეფეს. ერთ-ერთ ქუჩაზე ივანე მრისხანის შესახვედრად ჯოხზე ამხედრებულმა მიკოლა-სალოსმა გამოირბინა და შესძახა: „ივანუშკა, პური და მარილი ჭამე, ხალხის სისხლის სმას კი თავი დაანებე“. მეფემ სალოსის შეპყრობა ბრძანა, მაგრამ ის მყისვე გაუჩინარდა.
ივანე მრისხანემ ხოცვა-ჟლეტაზე ხელი აიღო, მაგრამ განზრახული ჰქონდა, გაეძარცვა ქალაქი. იგი სამების ტაძარში დაესწრო ლოცვას და ნეტარი ნიკოლოზისაგან კურთხევის მიღებაც მოიწადინა. წმიდა მამამ კელიაში მოსულ მეფეს უთხრა: „გამვლელო, ხელს ნუ გვახლებ, გაგვეცალე, თორემ გასაქცევსაც ვერ იშოვი” შემდეგ კი დაურიდებლად ამხილა იგი.
ივანემ ყურად არ იღო გაფრთხილება და ბრძანა, სამების ტაძრის ზარი ჩამოეხსნათ. ბრძანების გაცემა და მისი საუკეთესო ცხენის დავარდნა ერთი იყო. ამ სასწაულმა შეძრა მეფე, სინდისისგან მხილებულს თავზარი დაეცა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა ძარცვა-გლეჯა და გაიქცა ქალაქიდან.
წმიდანი გარდაიცვალა 1578 წლის 28 თებერვალს.