13.06.2026. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

13.06.2026. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

შაბათი. 13.06.2026. ხსნილი თევზით

მოციქულისა 70-თაგანისა ერმისა (I); მოწამისა ჰერმეს კომანელისა (II); მოწამისა ფილოსოფოს ალექსანდრიელისა (III).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

რომ. 3: 19-26 (დას. 84). მთ. 7: 1-8 (დას. 20).

რომ. 3: 19-26 

19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. 21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული, 22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით – ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, 23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. 24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, 25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, 26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

მთ. 7: 1-8 

1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. 2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. 3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? 4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. 5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი. 6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. 7. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. 8. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი (I)
წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით. 
წმიდა მოწამე ერმი (II)
წმიდა მოწამე ერმი (II) კომანში აღესრულა იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანმა მას კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ დიდება და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა მხედარმა თამამად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც ისე ცემეს, რომ სახიდან კანი გადაძვრა. ნაწამები ერმი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. ვერც შხამიანმა სასმისმა დააკლო ვერაფერი წმიდანს. ამის მხილველმა აღიარა ქრისტე და იქვე აღესრულა წარმართთა ხელით. წმიდა ერმი თავდაღმა დაკიდეს. სამი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ სებასტინის გამოგზავნილი კაცები და როცა კვლავ ცოცხალი იხილეს, სასწაულით გაოგნებულებმა შემწეობა ითხოვეს მისგან.
განრისხებულმა სებასტიანმა დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნეშტი.
წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (III)
წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (III) ქრისტესთვის აღესრულა ალექსანდრიაში იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. მას აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას და როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ ჭაბუკი: აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმიდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისგან, შემდეგ გასისხლიანებული ენა სახეში შეაფურთხა მეძავს. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმიდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს.