13.07.2026. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

13.07.2026. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43) 

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

ორშაბათი ხსნილი 

კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა 12-თა მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისისა (თადეოზისა), სიმონ მოშურნისა (კანანელისა) და მატათიასი (I-II); კეთილმორწმუნისა დინარ დედოფლისა (X).

სვეტიცხოვლის ეკლესიის დღესასწაული

დღის ლოცვები

 

წმინდა ათორმეტ მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იოკობისისა (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი

ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსენებისა აღმსრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ცისკ.: ლკ. 10: 16-21 (დას. 51).
ლიტ.: მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მკ 3: 3-19 (დას. 12).
რიგ.: 1 კორ. 5: 9 – 6: 11 (დას. 134). მთ. 13: 54-58 (დას. 56).

ცისკ.: ლკ. 10: 16-21 

16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.

ლიტ.: მოც.: 1 კორ. 4: 9-16 

9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

ლიტ.: მოც.: მკ 3: 3-19 

3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. 4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. 5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე. 6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. 7. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, 8. იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. 9. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. 10. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. 11. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. 12. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო. 13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. 14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, 15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. 16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. 17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; 18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. 

რიგ.: 1 კორ. 5: 9 – 6: 11 

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, 10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი. 11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან. 12. ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? 13. გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.

1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე? 2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? 3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? 4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ. 5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა? 6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე. 7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე? 8. მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. 9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, 10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

რიგ.: მთ. 13: 54-58 

54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? 55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს? 57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. 58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა:
პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი,
იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. 
წმიდა დინარ დედოფალი (X)
წმიდა დინარ დედოფალი. რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.
ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.
მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.