13.08.2025. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

13.08.2025. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი. მარხვა

უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელ თა შემოყვანების წინადღესასწაული. ღირსის არსენის,ა ნინოწმიდელ ეპისკოპოსისა (1082); მართლისა ევდოკიმე კაპადოკიელისა (IX); მოწამისა ივლიტასი (304-305). 

მარიამობის (მიძინების) მარხვის აღება.

დღის ლოცვები
ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული

ტროპარი: აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ.16: 4-12 (დას. 165). მთ. 21: 28-32 (დას. 86) – ოთხშ.
2 კორ. 1: 1-7 (დას. 167). მთ. 21: 43-46 (დას. 88) – ხუთშ.
ეპისკოპოს არსენის – საკითხავები საზიაროთაგან.

ლიტ.: 1 კორ.16: 4-12 

4. თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ. 5. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე. 6. შეიძლება ერთხანს დავრჩე თქვენთან და იქნებ კიდეც გამოვიზამთრო, რათა შემდეგ გამაცილოთ, საითაც წავალ. 7. რადგან ამჯერად არ მინდა გავლით გინახულოთ, არამედ იმედი მაქვს, რომ, თუკი უფალი ინებებს, რამდენიმე ხანს დავყოფ თქვენთან. 8. ეფესოში კი ორმოცდაათობამდე დავრჩები. 9. ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც. 10. ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე. 11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი. 12. ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდადებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.

ლიტ.: მთ. 21: 28-32 

28. ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში. 29. ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა. 30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა. 31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში. 32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი.

ლიტ.: 2 კორ. 1: 1-7 

1. პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე – ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა, 4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. 5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც. 6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ. 7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.

ლიტ.: მთ. 21: 43-46 

43. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. 44. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს. 45. როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. 46. და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 
წმიდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. როგორც სინედრიონის წევრს, მას მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს აღსრულების შემდეგ, „მშვენიერი მზრახველი“ გაბედულად მიეახლა პილატეს და უფლის წმიდა ცხედარი გამოითხოვა. მან მაცხოვრის სხვა ფარულ მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან ერთად „ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი მისი, არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა“, გეთსიმანიის ბაღში წაასვენა და თავისთვის შემზადებულ „ახალსა საფლავსა დადვა“ ღვთისმშობლისა და მენელსაცხებლე დედათა თანდასწრებით.
წმიდა მოწამე ივლიტა (+304-305)
 წმიდა მოწამე ივლიტა (+304-305)
წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად. 
წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაჲ“ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან: „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს არსენი და იოანე ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა… ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ხელითა აღწერნესო“, – მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი.
წმიდა არსები გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მესვეტისასა“. როცა ივერონის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.