…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
13.08.2026. ხსნილი.
უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული. ღირსის არსენისა ნინოწმიდელ ეპისკოპოსისა (1082); მართლისა ევდოკიმე კაპადოკიელისა (IX); მოწამისა ივლიტასი (304-305).
მარიამობის (მიძინების) მარხვის აღება.
დღის ლოცვები
ტროპარი: აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 4: 1-6 (დას. 175). მთ. 24: 13-28 (დას. 99) – ხუთშ.
2 კორ. 4: 13-18 (დას. 177). მთ. 24: 27-33, 42-51 (დას. 100) – პარ.
2 კორ. 4: 1-6
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ. 2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე. 3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, 4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი. 5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის. 6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
მთ. 24: 13-28
13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. 15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), 16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. 17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. 19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. 21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. 22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. 23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით. 24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. 27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
2 კორ. 4: 13-18
13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად. 16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი. 17. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, 18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი – წარუვალი.
მთ. 24: 27-33, 42-51
27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. 29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. 31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. 32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.
42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას, 49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, 50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, 51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული 9 საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, 12-13 საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმინდა მოწამე ივლიტა (+304-305)
ივლიტა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს კაპადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. ერთ-ერთმა წარმართმა მისი მამული მიითვისა და, როცა წმინდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, ურჯულომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ივლიტას შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმინდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე, რისთვისაც კოცონზე დაწვეს.
მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი (IX)

ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)

წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან: „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს არსენი და იოანე ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა… ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ხელითა აღწერნესო“, – მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი.
წმიდა არსენი გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მესვეტისასა“. როცა ივერონის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.

