13.10.2026. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

13.10.2026. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (ლკ. 4: 1-15). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

13.10.2026 ხსნილი 

მღვდელმოწამისა გრიგოლ ეპისკოპოსისა, სომხეთის განმანათლებელისა (დაახ. 335); მოწამეთა: რიფსიმესი, გაიანესი და მათთანა წამებულთა ქალწულთა (IV-ის დასაწყისი); მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992).

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსის, სომეხთა განმანათლებლის კონდაკი:

დიდებულსა მღდელმთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს მორწმუნენი ქებით და გალობით შევასხმიდეთ აწ მწყემსსა და მოძღუარსა გრიგოლის, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, რამეთუ ქრისტესა ევედრების ცხორებად ჩუენდა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა 

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ. (რიგ.) – ფილ. 2: 16-23 

16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი. 17. მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ. 18. მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. 19. იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით. 20. რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე. 21. ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას. 22. მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას – შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად. 23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.

ლიტ. (მღვდელმ..) – 1 კორ. 16: 13-24 

13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. 14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე. 15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი; 16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ. 17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე, 18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ. 19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ. 20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. 21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე. 22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. 24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 5: 12-16 

12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი. 14. უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად. 15. მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელს ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. 16. ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

ლიტ. (მღვდელმ.) – მთ. 24:42-47

42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი (+დაახლ. 335)
მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს“. მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე – გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი – ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე – აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის – თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს… გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმიდანის კადნიერებით კიდევ უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა“.
გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატ მეფემ გადაწყვიტა წმინდა გრიგრლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა“, რადგან პართი ანაკის – მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.
ღვთის რისხვა არ ასცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: ბოროტით შეპყრობილები, ტყეებში დაძრწოდნენ, ტანსაცმლებს იფლეთდნენ და საკუთარ სხეულებს იგლეჯდნენ როცა სომხეთი „ესევითარითა ვნებითა მწარედ განილეოდა“, თრდატის დას, კუსაროდუხტს სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე“ არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ“.
სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ“.
გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების – სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი „მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა“ უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა ღებულობდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც „რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმიდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად“. მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობას ღებულობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. 
მოწამეთა: რიფსიმესი, გაიანესი და მათთანა წამებულთა ქალწულთა (IV-ის დასაწყისი)

წმიდა მოწამენი: რიფსიმე და გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული (IV)

“მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს თანახმად, რიფსიმე იყო რომაელი დიდებული ქალი, “მეფეთა ევადაგი”, ანუ ნათესავი. თოთხმეტი წლის იყო წმინდა ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩავიდა რომის სამეფო კარის მსახური ეფესელი ქალი. ამ ქალის თქმით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, წასულიყო ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იუბენალ პატრიარქის კურთხევით, ნინო იმ ქალთან ერთად წავიდა. ქალის სახლში ნახა ვიღაც დიდებული, მეფეთა ნათესავი რიფსიმე და მისი დედამძუძუ გაიანე, მათ სურდათ იერუსალიმში ნათლისღება ქრისტეს აღსარებისათვის.
წმინდა ნინო რიფსიმესთან გადავიდა საცხოვრებლად. იმ წელიწადსვე მოინათლნენ რიფსიმე, გაიანე და მათი სახლეული ორმოცდაათი სული, უმრავლესმა მათგან წმინდა ნინოს ხელქვეშ მიიღო ნათლისღება და წავიდნენ თავიანთ მონასტერში. მათთან იყო წმინდა ნინო ორი წელი.
იმ დღეებში კეისარმა თავისთვის ლამაზი საცოლის მოსაძებნად გაგზავნა მძებნელნი. მათ ქალწულთა მონასტერში იხილეს რიფსიმე. გამოჰკითხეს გვაროვნება, რადგანაც არავინ იყო სახით მისი მსგავსი. დახატეს ფიცარზე და გაუგზავნეს. მოეწონა კეისარს, აღივსო სიხარულით და ბრძანა ქორწილი. წარავლინა მოციქულები მთელ სამეფოში, რათა ყველანი ძღვენითა და დიდი სიხარულით ხლებოდნენ ქორწილში.
როცა ნეტარმა რიფსიმემ, გაიანემ და სხვა წმინდა და ყოვლადქებულმა ქალებმა იხილეს მათზე მოწეული განსაცდელი, გაიხსენეს უბიწოების აღსარება და ქების ღირსი მარტოობით ცხოვრება, იწყეს ტირილი, ევედრებოდნენ ღმერთს მოწყალებას და ერთობით, ურთიერთგანზრახვით, ფარულად დატოვეს ქვეყანა, ორმოცდაცამეტმა სულმა.
მივიდნენ ლტოლვილები დვინში, სომეხ მეფეთა საყოფელში, შევიდნენ მარანში, თავს ირჩენდნენ შრომა-გარჯით.
დამწუხრებულმა კეისარმა ყველგან გაგზავნა კაცები მათ მოსაძებნად. თრდატ სომეხთა მეფესთანაც მივიდნენ მაძებარნი, მიართვეს კეისრის წიგნი, რომელშიც ეწერა: “თვითმპყრობელი კეისარი სიყვარულით მოგიკითხავ ჩემს ძმასა და თანამოსაყდრე თრდატს. გაუწყებ, რომ მრავალი ვნება გვაქვს ქრისტიანთაგან, სრულიად შეურაცხყოფილია ჩვენი სამეფო უფლება მათი კრებულის მიერ და დაწუნებულია ჩვენი ხელმწიფება მათგან, რამეთუ ისინი ვინმე ჯვარცმულ მკვდარს ემსახურებიან და ძელს თაყვანსცემენ, კაცთა ძვლებს პატივსცემენ, თავიანთი სიკვდილი უფლის დიდებად მიაჩნიათ. არ ეშინიათ ურიების, ურიებს კი ჯვარცმულის ეშინიათ. მეფეებს აგინებენ, ღმერთებს შეურაცხყოფენ, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ნათლის ძალა არაფრად მიაჩნიათ, არამედ შექმნილად იტყვიან იმ ჯვარცმულის მიერ და ისე მოაქციეს ქვეყანა, რომ ცოლები ქმრებს და ქმრები ცოლებს შორდებიან. თუმცა მრავალი სატანჯველით ამოვწყვიტე, მაგრამ უფრო გამრავლდნენ. შემთხვევა მქონდა, მენახა მათგან ერთი ახალგაზრდა ქალი და განვიზრახე მისი ცოლად მოყვანა, ხოლო მას მეფის გული სასურველად კი არ მიაჩნდა, არამედ საძაგლად. არაწმინდად შემრაცხეს, ფარულად გაიქცნენ და შენი ქვეყნის საზღვრებში შემოვიდნენ. იცოდე, ძმაო ჩემო, გამოიძიე ისინი, როცა იპოვნი, მოჰკალ, ხოლო მათგან შეცდენილ პირმშვენიერ რიფსიმეს როცა იპოვნი, წარმოავლინე. თუ შენ ინებებ, შენთვის იგულე, რამეთუ არავინაა მისი მსგავსი საბერძნეთში. იცოცხლე ღმერთების მსახურებით”.
როცა თრდატმა კეისრის ბრძანება წაიკითხა, მსწრაფლ იწყო მათი ძებნა და იპოვა კიდეც მარანში.
რიფსიმეს ხილვისას გულისთქმით აღივსო, დიდად გაიხარა და განიზრახა მისი ცოლად მოყვანა, რაც არ ისურვა რიფსიმემ. მაშინ აწამა ის და დედამძუძე გაიანე და სხვა მრავალნი მათგან, ზოგიერთი დაიმალა და ილტვოდა.
ამ ამბის მერე თრდატს დამართნია სპეციფიკური, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა. ამ სენს მაშინ ღორის დაავადებას უწოდებდნენ. ქრისტიანებში გავარდა ხმა – სომეხთა მეფე ღმერთმა ღორად აქციაო. თრდატის დას, კუსაროდუხტს, ძალიან აწუხებდა ძმის ავადმყოფობა. სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ “ძუელ ოდესმე” არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაეხსნებოდათ განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანი, ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმინდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: “ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ”.
სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, “რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ”. სომეხთა მომავალმა განმანათლებელმა სომეხთა მეფეს აუხსნა ქრისტიანობის არსი, გააგებინა თავისი დანაშაულის სიმძიმე და მონანიების აუცილებლობაში დაარწმუნა. გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმინდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნენ მისი სხვა კარისკაცებიც. 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაპადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმინდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. დაახლოებით 305 წელს სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (თრდატი, მანამდე, 305 წლამდე, დიოკლეტიანეს გადადგომამდე, ქრისტიანთა მდევნელი და წმინდა გიორგის მწამებელი დიოკლეტიანეს პერიოდში, ვერ შეძლებდა ვერაგი იმპერატორის წინააღმდეგ წასვლას და ქრისტიანობის აღიარებას). კესარიის არქიეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსად ხელდასხმული გრიგოლი დაუბრკოლებლად ქადაგებდა სახარებას სომხეთში, აგრეთვე მთელ კავკასიაში და კასპიის ზღვისპირეთში მცხოვრებ ველურ ტომებთან. ოცდაცამეტი წელი მართავდა ეკლესიას. მის დროს საბერძნეთიდან მოხმობილ ღვთისმსახურ მამათა და სწავლულთა თანადგომით შეიქმნა მრავალი სასწავლებელი, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ წმინდა წერილს; აშენდა ბევრი მონასტერიც. წმინდა გრიგოლმა სომხეთის მაშინდელ დედაქალაქ ვაღარშაპატში დააარსა ეჩმიაძინის მონასტერი; იქვე დადგინდა სომეხ პატრიარქთა კათედრა. ეჩმიაძინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ტაძარს ერქვა, რაც ნიშნავდა “გარდამოხდა მხოლოდშობილი”. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი “მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა” უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა იხმევდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც “რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმინდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად”. მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმინდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმინდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა გრიგოლთან დაკავშირებით უწოდებენ სომხებს გრიგორიანელებს, ხოლო ეკლესიას – გრიგორიანულს. მაშინ მონოფიზიტობა ჯერ არ არსებობდა და არც სომხები იყვნენ ერთიან ორთოდოქსულ ეკლესიას გამოყოფილნი. ამიტომ, გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც იყო პირველადი, ორთოდოქსული, ძველი ქრისტიანობის მიმდევარი, განუყოფელი ეკლესიის, მართლმადიდებლების წმინდანადაც ითვლება, როგორც სომხეთის განმანათლებელი და მოციქულთასწორი (მასთან ერთად ჩვენი წმინდანები არიან – რიფსიმე, გაიანე და მათი მეგობარი დედები).

 

წმიდა მიხეილი – კიევის მიტროპოლიტი (+992)
წმიდა მიხეილი – კიევის პირველი მიტროპოლიტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ ქრიზოვერგმა გაგზავნა რუსეთში საეკლესიო საქმეთა მოსაწყობად. ერთი ცნობით, იგი მღვდელმსახურთა დასთან ერთად მოციქულთასწორი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) საცოლეს, მეფისწულ ანას ჩაჰყვა საბერძნეთიდან 988 წელს. სხვა ცნობით კი ვლადიმირის ნათლისღებიდან ერთი წლის შემდეგ, 989 წელს ჩავიდა თავრიდის ხერსონესის (თანამედროვე ყირიმის) დედაქალაქ კორსუნში (ხერსონში), კიევში გაემგზავრა წმიდა მთავართან ერთად, მონათლა მისი თორმეტი ძე და კიევის მთელი მოსახლეობა.
აქედან მოყოლებული სიკვდილის დღემდე წმიდა მღვდელმთავარი მოციქულებრივი შურით იღვწოდა რუსეთის ახალნერგი ეკლესიის ასაღორძინებლად. წმიდა მიხეილმა 992 წელს შეჰვედრა სული უფალს და პატივით დაკრძალეს კიევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დაახლოებით 1103 წელს.
იღუმენ თეოქტისტეს დროს მისი უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებში გადააბრძანეს, 1730 წლის 1 ოქტომბერს კი – პეჩორის მიძინების ტაძარში (სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით იხსენიებაიგი 30 სექტემბერს).
ცნობები ღირსი მამის შესახებ 15 ივნისის, მისი მიცვალების დღის საკითხავშიცაა მოთავსებული.