…მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული
13.11.2026. პარასკევი. მარხვა
წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227)*
მოციქულთა: სტაქოსისა, ამპლიასი, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელიოსისა და არისტობულესი – 70-თაგანთა (I); მოწამისა ეპიმაქესი (დაახ. 250); ღირსისა მავრასი (V).
დღის ლოცვები
წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (+1227)
ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ვითარცა სამღდელოთა საუნჯეთა ყოვლადწმიდისა სულისათა და მზისა მის დიდებისა ბრწყინვალებათა ყოვლადვე უგალობდეთ ბრძენთა მოციქულთა აპელიოსს, და ურბანოსს, არისტობულეს, ამპლიოსს, ნარკისს და სტაქოსს, რომელთა შეიკრიბეს მადლი ღმრთისა ჩუენისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკარი (მოწ.) – ლუკას სახარება 21:12-19; ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 5:9-13, 5:24-28; ლიტურგია (მოწ.) – რომაელთა მიმართ 8:28-39; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 11:23-26; ლიტურგია (მოწ.) – მათეს სახარება 10:16-22.
ცისკ. (მოწ.) – ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 5: 9-13, 5: 24-28
9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 10. რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად. 11. ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც. 12. გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი; 13. გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.
24. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას. 25. ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის. 26. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. 27. გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი. 28. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.
ლიტ. (მოწ.) – რომ. 8: 28-39
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 11: 23-26
23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს. 24. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. 25. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. 26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
ლიტ. (მოწ.) – მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე.წმიდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია (რომ. 16,8) ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი (რომ. 16,9) კი – მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი – თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).
წმიდა მოწამე ეპიმაქესი (+დაახლ. 250)
წმიდა მოწამე ეპიმაქესი პელუსიის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს (ცნობები წმიდანის შესახებ იხილეთ 11 მარტის საკითხავებში). ღირსი მავრა (V)
წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)
საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი – „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე – ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ – ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ მისდევდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.
ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.
ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.
სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.
„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ – კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, – „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“… სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.