130. სიმონ კეთროვანის სახლში, ერთი ქალის მიერ, ძვირფასი ნელსაცხებელით იესო ქრისტეს დასამარხად გამზადება; მღველმთავრების გადაწყვეტილება ლაზარეს მოკვლის შესახებ

ბეთანია

30 წელი, 1 აპრილი შაბათი

მთ. 26 (წინ. 26:1-5; # 141)

6. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, 7. მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. 8. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? 9. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა. 10. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. 11. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 12. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. 13. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.

6. ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში, 7. მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს. 8. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? 9. ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: 11. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 12. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა. 13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.

(შემდ. 26:14-16; # 141)

მკ. 14  (წინ. 14:1-2; # 141)

3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას. 6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. 7. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 8. რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა. 9. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.

3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას. 4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა? 5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო. 7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად. 9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.

(შემდ. 14:10-11; # 141)

ლკ.

ინ. 12

2. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა. 3. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა. 4. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი: 5. რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა? 6. ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ. 7. და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე. 8. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 9. აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით. 10. ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან. 11. რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა.

2. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 9. იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 10. ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. 11. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს.