131. იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში; ღამე ბეთანიაში

ელეონის მთა, იერუსალიმი, ბეთანია

კვირა, 2 აპრილი, 30 წელი

მთ. 21 (წინ. 20:29-34; # 126)

1. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. 4. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: 5. არქუთ ასულსა სიონისასა (ეს. 62:11): აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ზაქ. 9:9). 6. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ. 7. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. 8. ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

მთ. 21

9. და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!

მთ. 21

10. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? 11. ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.

მთ. 21

1. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე. 2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ. 3. ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ. 4. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: 5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი. 6. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. 7. მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე. 8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.

მთ. 21

9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!

მთ. 21

10. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? 11. ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.

მკ. 11 (წინ. 10:46-52; # 126)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ. 7. და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა. 8. და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

მკ. 11

9. და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! 10. კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!

მკ. 11

11. და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.

მკ. 11 

1. როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე 2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ. 3. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. 4. ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. 5. ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? 6. მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. 7. მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი. 8. ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი – ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ.

მკ. 11

9. წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. 10. კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა!

მკ. 11

11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.

ლკ. 19 (წინ. 19:11-28; # 128)

29. და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი. 30. და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. 31. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. 32. და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ. 33. და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 34. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. 35. და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა. 36. და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.

ლკ. 19

37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი, 38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

ლკ. 19

39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა! 40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე. 41. და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა 42. და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. 43. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. 44. და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.

ლკ. 19 

29. როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე, 30. და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ. 31. ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო. 32. წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა. 33. ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს? 34. ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო. 35. მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი. 36. ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.

ლკ. 19

37. როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ. 38. ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა!

ლკ. 19

39. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. 40. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. 41. როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, 42. და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან. 43. ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; 44. მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.

ინ. 12

12. ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, 13. მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!

ინ. 12

14. და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: 15. ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა (ზაქ. 9.9). 16. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას. 17. და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით, 18. ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ. 19. ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.

ინ. 12

12. მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, 13. აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!

ინ. 12

14. ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. 15. მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა. 16. და უბრძანა მათ, არ გამთქვათო. 17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 18. აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს. 19. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.(შემდ. 12:20-50; # 138)