133. იესო ქრისტეს სიტყვა შერისხვის შედეგად გამხმარი ლეღვის ხის ხილვისას

იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე

დიდი სამშაბათი,  4 აპრილი, 30 წელი

მთ. 21

20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! 21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე. 22. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ.

20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? 21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.

მკ. 11

21. და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა. 22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: 23. გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე. 24. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. 25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

ლკ.

ინ.