მთ. 22 15. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. 16. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. 17. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? 18. გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? 19. მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. 20. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? 21. ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. 22. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს. 15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე. 16. ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა. 17. მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? 18. ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო? 19. მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი. 20. და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? 21. მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. 22. ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ. |
მკ. 12 (წინ. 12:1-12; # 134.3) 13. და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა. 14. ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ? 15. ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო. 16. ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს. 13. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. 14. მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? 15. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. 16. მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. 17. იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. და უკვირდათ მისი. |
ლკ. 20 (წინ. 20:9-19; # 134.3) 20. და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართლად იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა. 21. და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. 22. ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა? 23. და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? 24. მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ. 25. და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. 26. და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს. 20. და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი. 21. ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი, და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას; 22. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? 23. ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა: 24. მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. 25. და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. 26. ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ. |
ინ. |