მთ. 22 23. მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას 24. და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა (სჯლ. 25:5-6). 25. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. 26. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. 27. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. 28. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? 29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ, 30. რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა. 31. ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: 32. მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ (გამ. 3:6). 33. და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი. 23. იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 24. მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 25. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. 26. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. 27. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 28. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 29. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. 30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. 31. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: 32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. 33. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება. |
მკ. 12 18. და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: 19. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა (სჯლ. 25:5-6). 20. აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; 21. და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე, 22. ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. 23. აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? 24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ? 25. რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. 26. ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი (გამ. 3:6)? 27. არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით. 18. მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 20. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. 21. მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც. 22. შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 23. მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 24. იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას? 25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. 27. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით. |
ლკ. 20 27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: 28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა (სჯლ. 25:5-6). 29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ. 30. და მეორემან და მესამემან, 31. და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი. 32. შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი. 33. აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ; 35. ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, 36. არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან. 37. ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა. 38. რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე. 39. მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად სთქუ. 40. და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან… 27. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს: 28. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი. 29. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. 30. მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა. 31. ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო. 32. ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 33. მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 34. იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან; 35. ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან; 36. თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან. 37. ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს. 38. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის. 39. ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი. 40. და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის. (შემდ. 20:40-44; # 135.4) |
ინ. |