135.4. იესოს შეკითხვა ქრისტეს ძეობის შესახებ

მთ. 22

41. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ 42. და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. 43. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: 44. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (ფსალმ. 109:1)? 45. უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? 46. და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.

41. ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ: 42. რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა. 43. უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს: 44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. 45. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?  46. ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე.

მკ. 12

35. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? 36. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (ფსალმ. 109:1). 37. თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.

35. კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა? 36. რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. 37. ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.

ლკ. 20 (წინ. 20:27-40; # 135.2)

40. …და ჰრქუა მათ უფალმან: 41. ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა? 42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 43. ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (ფსალმ. 109:1). 44. თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს?

41. უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა? 42. ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, 43. ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს. 44. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?

ინ.