139. წინასწარმეტყველება იერუსალიმის დანგრევის, ბოლო ჟამის დადგომისა და მეორებ მოსვლის შესახებ

ელეონის მთა

30 წელი, 4 აპრილი, სამშაბათი

მთ. 24  (წინ. 23:1-39; # 136)

1. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. 2. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, 5. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. 6. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. 7. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. 8. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. 9. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. 10. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. 11. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. 12. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. 13. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. 14. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული. 15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. 16. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. 17. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. 18. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 19. ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! 20. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. 21. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. 22. და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. 23. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. 24. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. 25. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. 26. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. 27. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. 28. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. 29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. 30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. 31. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.

1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.  2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? 4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. 6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. 8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. 9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. 10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. 11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. 12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. 13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. 15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), 16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. 17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. 19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. 21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. 22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. 23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით. 24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. 27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. 29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. 31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.

მკ. 13 (წინ. 12:41-44; # 137)

1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ? 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ. 6. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ. 7. რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. 8. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. 9. ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. 10. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე. 11. და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ. 12. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 13. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. 14. ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ, მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად. 15. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. 16. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 17. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა! 18. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა. 19. რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს. 20. და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი. 21. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. 22. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. 23. ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი. 24. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; 25. და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. 26. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა. 27. და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა.

1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები! 2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება? 5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ. 7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს – სალმობათა დასაბამია. 9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. 10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. 11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ – სული წმიდა. 12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. 15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად. 17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში. 19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება. 20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. 21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით. 22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.  25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.  27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.

ლკ. 21 (წინ. 21:1-4; # 137)

5. და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ: 6. ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 7. ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს? 8. ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. 9. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული. 10. მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; 11. და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ. 12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი. 20. რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი. 21. მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ. 22. რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი. 23. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა. 24. და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი. 25. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა. 26. სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. 27. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა. 28. და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი.

5. როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა: 6. მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 7. ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს? 8. ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს. 9. როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული. 10. მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; 11. და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ – შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით. 12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 20. ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი. 21. მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.  22. ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი. 23. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე. 24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი. 25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე – ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. 26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.  27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. 28. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.

ინ.