14. ყრმის მირქმა: სვიმეონისა და ანას წინასწარმეტყველება

იერუსალიმი
ძვ. წ. აღ. 5 წელი, 15 თებერვალი

მთ. მკ.

ლკ. 2

22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, 23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს; 24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი. 25. და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა. 26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ. 27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ, 28. და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:  29. აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, 30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, 31. რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, 32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.  33. და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს. 34. და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად. 35. და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი. 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.

22. ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე, 23. (როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;) 24. და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა. 25. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე. 26. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. 27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით, 28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: 29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. 30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, 31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, 32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად. 33. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით. 34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად. 35. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი. 36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; 37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. 38. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.

(შემდ. 2:39; #18)

ინ.