„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

14.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. შაბათი
მოწამისა ტრიფონ ნიკეელისა (250); მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი (202-203); ღირსისა პეტრე გალატიელისა (429); ღირსისა ბენდიმიანე ბითვინიელ მეუდაბნოისა (512); ახალმოწამისა ანასტასი ნავპლიოსელისა (1655).
დღის ლოცვები
მირქმის წინადღესასწაული
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდნი მოიწივნის ქვეყანად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა.
კონდაკი: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებულისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: რიგ.: 1 კორ. 10: 23-28 (დას. 146). ლკ. 21: 8-9, 25-27, 33-36 (დას. 105).
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).
ლიტ.: რიგ.: 1 კორ. 10: 23-28
23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. 24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. 25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
ლიტ.: ლკ. 21: 8-9, 25-27, 33-36
8. ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს. 9. როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.
25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე – ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. 26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. 27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
33. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. 35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. 36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
მიცვ.: ინ. 5: 24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი პერპეტუა, სატირი, რევოკატი, სატორნილე, სეკუნდი და ფილაციტატა (+202-203)
წმიდა მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან – ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდთან ერთად, რომლებიც ასევე ქრისტიანობის მისაღებად ემზადებოდნენ.წმიდა მოწამე ტრიფონი (+250)
წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმიდანს ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!” იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი (249-251) ავიდა, ეპარქ აკილინეს მოახსენეს, ტრიფონი უშიშრად ქადაგებს ქრისტიანობას და მრავალს მოაქცევს თავის რჯულზეო. წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, მაგრამ მარტვილს ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლოს მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ, იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ.
შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.
ღირსი პეტრე გალატელი (+429)
პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.ღირსი ვენდიმიანი, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 512)
ღირსი ვენდიმიანი მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის კელიაში ერთ კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანი გარდაიცვალა 512 წელს.